Aa
Aa

"ბაიერნი" VS "სევილია" - ტაქტიკური ანალიზი: რისკი და მოსალოდნელი გოლების წვიმა

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ მატჩებს ერთი შეხედვით ინტრიგა დაკარგული აქვთ, თუმცა „რომას“ გუშინდელი სასწაულის შემდეგ ნურაფერს გამოვრიცხავთ.

მიუნხენის „ბაიერნი“ „ალიანს არენაზე“ ითამაშებს და აქ ფავორიტი ყოველთვის ერთი გუნდია.

„სევილია“ მორიგი სასწაულის მოხდენას შეეცდება და ამისთვის მათ იღბალიც დასჭირდებათ.

გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა

იუპ ჰაინკესის გუნდმა გასულ ტურში „აუგსბურგს“ სტუმრად 4:1 სძლია და ბუნდესლიგის ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა.

„რეკორდმაისტერი“ გერმანიის ჩემპიონის ტიტულს 28-ჯერ დაეუფლა, ხოლო რაც ბუნდესლიგის ფორმატი შეიქმნა, „ბაიერნმა“ მისი მოგება 27-ჯერ შეძლო.

იუპ ჰაინკესმა „სევილიასთან“ მატჩის წინ ტიაგო ალკანტარა, მატს ჰუმელსი და რობერტ ლევანდოვსკი დაასვენა, ხოლო რიბერი, მარტინესი და მიულერი მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდნენ.


 

ვინჩენცო მონტელამ ლა ლიგის გასულ ტურში შემადგენლობა გადაახალისა და „ბაიერნისთვის“ მოემზადა.

ანდალუსიელებმა ვიგოში „სელტასთან“ 4:0 წააგეს, თუმცა მათთვის ეს მარცხი მნიშვნელოვანს არაფერს ცვლის.

სევილიელთა რიგებში არ უთამაშიათ სერხიო რიკოს, ხესუს ნავასს, ესკუდეროს და ხუაკინ კორეას. კლემენ ლენგლე კი მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა.

„სევილიასთვის“ ლა ლიგაში ბევრი რამ გადაწყვეტილია. მონტელას გუნდი 46 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვედრის შანსი აღარ აქვს, თუმცა ევროპა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულაა და ანდალუსიელები ექვსეულში მოსახვედრად იბრძოლებენ.


 

გუნდების დანაკლისი

მიუნხენელებს დღევანდელ შეხვედრაში საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვთ. ჰაინკესის გუნდს მანუელ ნოიერი, დავიდ ალაბა, არტურო ვიდალი და კინგსლი კომანი ვერ დაეხმარებიან.

რაც შეეხება „სევილიას“, მონტელას ფაქტიურად ყველა მოთამაშე მწყობრშია, თუმცა უკანასკნელ შეხვედრაში დაზიანება მიიღო საიმონ კიაერმა.

დანიელი ცენტრალური მცველის თამაში დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა და სავარაუდოდ მას გაბრიელ მერკადო შეცვლის.

ტაქტიკა - რისკი, ბურთის კონტროლი და მოსალოდნელი გოლების წვიმა

„ალიანს არენაზე“ დღეს ორმხრივ შეტევებს ვიხილავთ. „სევილიას“ სხვა გზა არ აქვს - ანდალუსიელებს მინიმუმ 2 ბურთი აქვთ გასატანი, ხოლო „ბაიერნი“ მასპინძელია და რა თქმა უნდა, პირველ ნომრად თამაშს შეეცდება.

იუპ ჰაინკესი „რეკორდმაისტერს“ ეტაპობრივად სათანადო დონეზე აბრუნებს.

„ბაიერნი“ ცივსისხლიანობასა და მკვლელის ინსტიქტს იბრუნებს. მიუხედავად სერიოზული დანაკლისისა გუნდი მაინც დამაჯერებლად გამოიყურება.

დღევანდელ შეხვედრაში მოსალოდნელია, რომ მასპინძლები 4-2-3-1 სქემით ითამაშებენ. ულრაიხის წინ 4 მცველი განლაგდება - ბერნატი სავარაუდოდ მარცხენა ფლანგს ჩაიბარებს, თუმცა არსებობს იმის მცირე შანსი, რომ ჰაინკესმა ამ პოზიციაზე რაფინია დააყენოს. დაცვის ცენტრს რა თქმა უნდა ბოატენგი-ჰუმელსის დუეტი გააკონტროლებს, ხოლო მარჯვენა ფრთაზე ჯოშუა კიმიხი იმოქმედებს.

ნახევარდაცვის ცენტრს ხავი მარტინესი და ტიაგო ალკანტარა მიხედავენ. მათ წინ კი ხამეს როდრიგესს უნდა ველოდოთ. სევილიაში გამარტული მატჩის შემდეგ ჰაინკესმა კოლუმბიელი ფეხბურთელის როლს ხაზი გაუსვა და პრესკონფერენციაზე მასზე დადებითად ისაუბრა.

ფლანგებზე დღესაც მიულერსა და რიბერის უნდა ველოდოთ. არიენ რობენი 100%-ით მზად არ არის და მწვრთნელიც რისკს ერიდება.

ცენტრფორვარდი რა თქმა უნდა, ლევანდოვსკი იქნება.

„ბაიერნი“ ესპანელებისთვის ბურთის წართმევას შეეცდება. „სევილიას“ პირველ ნომრად თამაში უყვარს და მათ ამის რესურსიც აქვთ.

„დალაქების“ მთავარი მინუსი მათი დაცვაა, რომელიც გაუთვალისწინებელ გოლებს ხშირად უშვებს.

ჰაინკესი სწრაფი გოლის გატანას შეეცდება, მაგრამ ეს სევილიელებისთვის ბევრს არაფერს შეცვლის, მათ ნებისმიერ შემთხვევაში 2 ბურთის გატანა სჭირდებათ.

პირველ შეხვედრაში პრესინგის გაზრდის შემდეგ „ბაიერნმა“ უპირატესობა მარტივად მოიპოვა და გოლების გატანაც შეძლო. ჰაინკესი იგივეს გამეორებას დღესაც შეეცდება.

მოედნის ცენტრს არცერთი გუნდი არ დათმობს და ასეთ შემთხვევაში მთავარ როლს საშემსრულებლო ოსტატობა ითამაშებს.

რიბერი და ხამესი, ლევანდოვსკისა და მიულერს მწვავე გადაცემებით მოამარაგებენ და სევილიელთა უკანა ხაზს კარიერაში საუკეთესო მატჩის ჩატარება მოუწევს.

„სევილიას“ დღეს ევერ ბანეგა უბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ანდალუსიელებს ბურთის კონტროლი გაუადვილდებათ.

მონტელა იგივე სტილში ითამაშებს. პირველ შეხვედრაში „დალაქებმა“ მატჩი შესანიშნავად დაიწყეს, თუმცა გატანილი გოლის შემდეგ შესვენებამდე კარი მშრალად ვერ შეინახეს, რამაც საბოლოო ანგარიშზე დიდი გავლენა იქონია.

ესპანელებს დღეს დაცვაში ყურადღებით თამაში და მომენტების მაქსიმალურად რეალიზება მართებთ. მონტელას ამ ორი პრობლემის გადაჭრა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი დონის მატჩებში, მათ წარმატებაზე ფიქრი გაუჭირდებათ.

თუ, რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა „სევილიელთა“ კარს სერხიო რიკო დაიცავს. დაცვაში მარცხენა ფლანგზე ტრადიციულად ესკუდერო იმოქმედებს, ხოლო მარჯვნივ ხესუს ნავასი. დაცვის ცენტრს კლემენ ლენგლე და გაბრიელ მერკადო დააკომპლექტებენ, რადგან საიმონ კიაერი ტრავმირებულია და მცირეა იმის შანსი, რომ მონტელამ დღეს გარისკოს.

ნახევარდაცვის ტრიო მარტივად პროგნოზირებადია - ნზონზი, ბანეგა, ვასკესი. ამ სამეულს ბურთის კონტროლი დაევალებათ და მათზე საკმაოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება შემტევ ტრიოს, მარჯვენა ფლანგიდან სარაბია შეუტევს, ხოლო მარცხნიდან ხუაკინ კორეა. ცენტრფორვარდად დღეს ლუის მურიელის გამოჩენას ელოდებიან, რადგან წინა შეხვედრაში ძირითადში მყოფმა ვისამ ბენ იედერმა მოლოდინი ვერ გაამართლა. ფრანგი ფორვარდი სათადარიგოთა სკამიდან შემოსვლის შემდეგ გაცილებით უფრო ეფექტურად გამოიყურება.

მონტელას გუნდს მოკლე გადაცემებით ფონს გასვლა უყვარს. ტექნიკურად და კრეატიულად თამაში მათი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. თუ, „დალაქებმა“ მომენტების რეალიზების მხრივ სწორად იმუშავეს, „ბაიერნის“ დაცვას ბევრი პრობლემა შეექმნება.

მთავარია „სევილია“ მენტალურად არ გატყდეს. ასეთ შემთხვევასი „ალიანს არენაზე“ გუნდებს რაც მოსდით ხოლმე ყველამ კარგად იცის...

სცენარი - რას უნდა ველოდოთ მატჩისგან

შეხვედრის საწყისი წუთები ბევრ რამეს გადაწყვეტს. მოსალოდნელია მაღალი ტემპი და ორმხრივი შეტევები.

მატჩი უდაოდ ლამაზი საცქერი იქნება, უბრალოდ როგორც „ბაიერნს“ სჩვევია - თუ, მიუნხენელბმა მომენტი დაიჭირეს და „სევილიას“ თავს თავისი თამაში მოახვიეს, შესაძლოა „ალიანს არენაზე“ მორიგი განადგურებული გუნდი ვიხილოთ.

მონტელამ არ უნდა დაკარგოს ბალანსი. „სევილია“ აგრესიული იქნება, მაგრამ ყურადღებიანი, რადგან იციან ვისთანაც აქვთ საქმე.

„ბაიერნი“ თავისი ძალის დემონსტრირებას შეეცდება. დროა, რომ მიუნხენელებმა ფავორიტის სტატუსი გაიმყარონ.

„რომას“ გუშინდელმა სასწაულმა წლევანდელ ჩემპიონთა ლიგას განსაკუთრებული ელფერი შესძინა და უკვე ვეღარაფერს გამოვრიცხავთ.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები