Aa
Aa

„რეალი“ VS „იუვენტუსი“ - წინასამატჩო მიმოხილვა

დღეს ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება. სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის „რეალი“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება, „რეალის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. „იუვენტუსს“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 3 უპასუხო გოლის გატანა სჭირდება, რაც ძალიან რთული იქნება.

გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციები უკვე გამართეს. მასიმილიანო ალეგრის თქმით, მთავარია „იუვენტუსმა“ პირველ შეხვედრაში დამარცხება უნდა დაივიწყოს და პოზიტიური შედეგის მისაღებად მაქსიმალურად დაიხარჯოს.

მასიმილიანო ალეგრი - „პირველი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მძიმე შედეგით დასრულდა, თუმცა ეს უნდა დავივიწყოთ. ჩვენ დიდებული გუნდის მოედანზე დიდებულ შეხვედრას გავმართავთ, და გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც შეგვიძლია. არ ვფიქრობთ რომ 20 წუთში ყველაფრის შეცვლას შევძლებთ, ეს წარმოუდგენელია. პირველ შეხვედრაში 3:0 მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით. თუმცა ეს ფეხბურთია და რაც მოხდა მოხდა.“

გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა „რეალის“ მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმაც. მან კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე ბუფონის შესაძლო ბოლო მატჩზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯიჯი საკუთარ თავს იმით წარმოადგენს რაც აქამდე ფეხბურთში გაუკეთებია.

ზინედინ ზიდანი - „მსგავს თემებზე არ ვფიქრობთ. ჯიჯი იმას წარმოადგენს, რაც მას აქამდე უკეთებია. გარდა ამისა მე მას პირადად ვიცნობ და ის დიდებული პიროვნებაა. ბუფონი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია თუმცა ჩვენ მხოლოდ მატჩზე ვფიქრობთ და ერთი სურვილი გვამოძრავებს - „იუვენტუსი“ ტურნირს გამოვთიშოთ. არ ვიცი ამ თამაშის შემდეგ რას იზამს ჯიჯი, მაგრამ რაც მას აქამდე გაუკეთებია, ეს უბრალოდ შეუდარებელია... ყველა მატჩი რთულია. შეიძლება გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდს ეთამაშო და პრობლემები შეგექმნას. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.“

„რეალისა“ და „იუვენტუსის“ დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუზე დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე გაიმართება. მატჩს ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება, მთავარი მსაჯი კი მაიკლ ოლივერი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები