დატვირთვა ფლანგებზე და ცენტრის
Aa
Aa

დატვირთვა ფლანგებზე და ცენტრის "გაწელვა" თუ... - "რეალი"-"იუვეს" ტაქტიკური კონტურები

ტურინში გამართულმა მატჩმა „რეალს“ ისეთი უპირატესობა მისცა, რომელიც „ჩემპიონთა ლიგის“ ეგიდით სახლში პირველი მატჩის წამგებ გუნდს არასდროს შემოუტრიალებია.

მადრიდელები მშვენიერ ხასიათზე არიან და „ჩემპიონთა ლიგის“ ზედიზედ მე-8 ნახევარფინალს უმიზნებენ.

რაც შეეხება „იუვენტუსს“, იგი სერია A-ს ლიდერია და იტალიის თასის ფინალში მეტოქედ „მილანი“ ჰყავს, თუმცა მთავარი საამსეზონო მიზანი „ჩემპიონთა ლიგაზე“ წარმატება იყო, რაც 99%-ით ვეღარ შესრულდება, თუმცა მაინც თამაშს დაველოდოთ...

გუნდების ახალი ამბები

„სამეფო კლუბი“ შესანიშნავ ფორმაშია და ბოლო 15 მატჩში 12 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება აქვს. თუმცა უქმეებზე მან დერბიში „ატლეტიკოს“ ვერ აჯობა და საშინაო მატჩი 1:1 დაასრულა.


 

„რეალი“ ლა ლიგის მე-4 პოზიციაზეა და მე-2 ადგილზე მყოფ „ატლეტიკოს“ 4 ქულით ჩამორჩება.

თუკი საკითხს სათანადოდ შევაფასებთ, მადრიდელები ჩემპიონობაზე აღარ ფიქრობენ, მე-2 ადგილზე გასვლისთვის კი ძალების სრულად დახარჯვა მაინცდამაინც საჭირო არაა.

მასპინძლებს დღევანდელ თამაშში თავიანთი კაპიტანი სერხიო რამოსი და ტრავმირებული უნივერსალი მცველი ნაჩო ვერ დაეხმარებათ. საეჭვოა ლუკას ვასკესის მოედანზე გასვლაც.

„იუვემ“ ბოლო პერიოდში რამდენიმე ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა „რეალთან“ ჩავარდნამ გუნდი ცუდ განწყობაზე დააყენა.

ტურინელები შაბათს სერია A-ს ღრმა აუტსაიდერ „ბენევენტოს“ სტუმრად შეხვდნენ და 4:2 მოიგეს. ბენევენტოელებმა ალეგრის ბიჭებს ანგარიში ორჯერ გაუთანაბრეს, თუმცა დიბალას ჰეთ-თრიქსა და დუგლას კოშტას გოლს მეტი ვერაფერი დაუპირისპირეს.


 

„ბებერი ქალბატონი“ იტალიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და უშუალო კონკურენტ „ნაპოლის“ 4 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს ერთმანეთთან თამაში 22 აპრილს ტურინში მოუწევთ.

სტუმართაგან დიბალა და ბენტანკური დისკვალიფიცირებული არიან, ბერნარდესკი და ბარძალი კი განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდნენ.

ტაქტიკა

ზიდანს ორი ვარიანტი აქვს - მოედნის ცენტრი დატვირთოს და უპირატესობის მოპოვება ამით სცადოს ან აქცენტი ფლანგებზე გააკეთოს, რისი მიზანიც „იუვეს“ ცენტრალური ნახევარდაცვისა და დაცვის „გაწელვა“ იქნება. სხვათაშორის, ფლანგებზე აქცენტირებამ "რეალს" "პსჟ"-სთან გასვლით მატჩში გაუმართლა, როცა ცენტრში მხოლოდ კაზემირო და კოვაჩიჩი იდგნენ, ფლანგის შემტევ ნახევარმცველებად კი ლუკას ვასკესი და მარკო ასენსიო თამაშობდნენ. ასეთი ტაქტიკით მადრიდელებმა პარიზელებს ფლანგებზე ყურადღების გადატანა აიძულეს, არადა ნეიმარის არ ყოფნაში, "პსჟ"-ს მთავარი მამოძრავებელი ძალა მოედნის ცენტრი უნდა ყოფილიყო. გავიხსენოთ ისიც, რომ "სამეფო კლუბმა" ხსენებულ მატჩში პირველი გოლი ფლანგიდან განვითარებული შეტევის შედეგად გაიტანა, როცა ასენსიომ იაქტიურა, ბურთი ვასკესს გადააწოდა და მან რონალდუს საგოლე პასი გაუკეთა.

 

მადრიდელთა მთავარი პრობლემა დაცვის ხაზია, რადგანაც სერხიო რამოსისა და ნაჩოს რ ყოფნა, ცენტრალურ მცველად კაზემიროს გამწესების გარდა, სხვა ვარიანტს ფაქტობრივად არ ტოვებს.

„იუვე“ სწრაფი გოლის გატანას ეცდება, რათა შანსი მიეცეს და ფეხბურთელებმაც ამით მუხტი მიეცეთ. ალეგრი აქცენტის გაკეთებას ფლანგებზე აპირებს, რომელთა მეშვეობითაც ტურინელებმა თამაში უნდა გაამწვავონ და მეტოქეს პრობლემები შეუქმნან.

პრინციპში, ძლიერი ფლანგების გარეშე სტუმრებს ბევრი ვერაფრის იმედი ექნებათ, რადგან „რეალის“ მოედნის ცენტრი ისე დაჩაგრო, რომ 3 ბურთიანი სხვაობა „დაუქაჩო“, თითქმის გამორიცხული ამბავია. ამიტომაც, იტალიელებს ძლიერი ფლანგები და ეფექტური ნახევარდაცვა სჭირდებათ, რომელიც იერიშებს წამოიწყებს და მათ სწორი გზით განვითარებაზე იფიქრებს.

მასპინძელთა კარში, ტრადიციულად, კეილორ ნავასს ვიხილავთ, რომელიც კარვახალის, კაზემიროს, ვარანისა და მარსელოს მიერ შედგენილ დაცვის ხაზს უხელმძღვანელებს. კაზემირო ძალიან ძლიერი საყრდენია, თუმცა დაცვაში რამდენად გაამართლებს, რთული სათქმელია. მას პოზიციურად ზუსტი თამაში დასჭირდება, რაც ცოტა უფრო სხვაგვარი ამოცანაა, ვიდრე ეს ნახევარდაცვის ცენტრში თამაშის შემთხვევაშია. ბევრი რამ ვარანზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ბრაზილიელთან მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყოს და მას ხშირად დაეხმაროს. ასევე ფრანგმა უნდა დააზღვიოს მარსელო, რადგანაც ბრაზილიელი უშუალოდ დაცვითი კუთხით უძლიერესი სულაც არაა და ხუან კუადრადოს ტექნიკურ სტილთან საკმაოდ გაუჭირდება. კიდევ ერთი ვარიანტი, ახალგაზრდა ხესუს ვალიეხოს ძირითადში დაყენებაა, რომელიც ხშირად ტრავმიანობდა და თამაში თითქმის არ უწევდა. თუკი ზიდანი ვალიეხოს ენდობა, კაზემირო ჩვეულ პოზიციაზე გადაინაცვლებს.

ნახევარდაცვაში ე.წ. „რომბს“ უნდა ველოდოთ, რომლის უკანა მხარეს კოვაჩიჩი იქნება, მისგან ოდნავ წინ და მარჯვნივ-მარცხნივ მოდრიჩი და კროოსი იმოქმედებენ, ხოლო გამთამაშებლად ისკო მოგვევლინება. კოვაჩიჩს „პარი სენ ჟერმენთან“ გასვლითი მატჩის ჩატარებაც მოუწია და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. მოდრიჩი-კროოსის წყვილი შუა ხაზის მთავარი ბურჯი იქნება, ისკოს კი მეტოქის ნახევარზე თამაშის გამწვავება დაევალება.

როგორც ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ, „ბლანკოსის“ შეტევის წინა ხაზზე კრიშტიანუ რონალდუს კარიმ ბენზემა შეუამხანაგდება. პორტუგალიელი სუპერსტარი „ჩემპიონთა ლიგაზე“ თავისთვის 150-ე შეხვედრას გამართავს. მას ამ ტურნირის ბოლო 10 თამაშში გოლი გატანილი აქვს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასევე აღსანიშნავია, რომ რონალდუმ "იუვენტუსის" წინაათმდეგ 6 მატჩი ჩაატარა და ყველა მათგანში გოლი გაიტანა - ჯამში 9 გოლი.

ტურინელთა კარს ჯიჯი ბუფონი დაიცავს, რომლის წინაც დე შილიო, ბენატია, კიელინი და ალექს სანდრო იმოქმედებენ. დე შილიო უშუალოდ დაცვაში კარგია, მაგრამ შეტევაში ეფექტურად ვერ მიდის და შესაძლოა, ალეგრიმ მას ლიხტშტაინერი ამჯობინოს. ბენატიამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ის და კიელინი შესანიშნავად შეთამაშდნენ და ერთად საკმაოდ კარგად გამოიყურებიან. ზოგადად, თვითონ ბენატიამ აშკარად მოუმატა და კიდევ უფრო საიმედო მცველად ჩამოყალიბდა. ალექს სანდრო შეტევაში აქტიურად უნდა წავიდეს და დანი კარვახალს რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნას.

ნახევარდაცვის ცენტრში 3 ფეხბურთელი იქნება - ხედირა, პიანიჩი და მატუიდი. უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ იტალიელთა თავკაცს ცენტრის დატვირთვა მოუწევს, ეს სამეული კი გუნდის საუკეთესო ნახევარდაცვის ტრიოა.

მარჯვენა ვინგერად ხუან მანუელ კუადრადოს ველოდებით, რომელიც სწრაფი და ძალიან ტექნიკურია და თუკი თამაში წაუვიდა, მარსელოს რთული საღამო ექნება. პარალელურ ფლანგზე რეაქტიულ დუგლას კოშტას გაამწესებენ, ყოფილი გუნდის კარის მისსავე მოედანზე დალაშქვრას კი გონსალო იგუაინი ეცდება.

მსაჯი

თამაშს ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც 33 წლის მაიკლ ოლივერი უხელმძღვანელებს.

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები