Aa
Aa

„ბაიერნი“ VS „სევილია“ - წინასამატჩო მიმოხილვა

დღეს ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება. ალიანს არენაზე მიუნხენის „ბაიერნი“ ესპანურ „სევილიას“ უმასპინძლებს.

გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება, ბაიერნის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. „სევილიას“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 2 უპასუხო გოლის გატანა სჭირდება, რაც ალიანს არენაზე ადვილი ნამდვილად არ იქნება.

გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციები უკვე გამართეს. ვინჩენცო მონტელას თქმით, მთავარია „სევილიამ“ საკუთარი ძალები ირწმუნოს და ამ შემთხვევაში ის თუ რა დონის გუნდს ხვდებიან მნიშვნელობას დაკარგავს.

ვინჩენცო მონტელა - „მთავარია მოედანზე თავდაჯერებულები გავიდეთ. წინ მძიმე ბრძოლა და დიდი შრომა გველის. რა თქმა უნდა ცოტა იღბალიც გვჭირდება. პირველი შეხვედრისას მეგონა, რომ ბურთს ვერ ვფლობდით, თუმცა როდესაც მატჩი დასრულდა აღმოჩნდა, რომ ბურთის ფლობა ჩვენს სასარგებლოდ 55-45-ზე იყო. ამით კი ის გამოჩნდა, რომ მთავარი ის არაა რომ ჩვენ ბურთს ვფლობდეთ, მთავარია გოლები გავიტანოთ. ბანეგა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა წინა შეხვედრაში მის გარეშეც კარგად ვითამაშეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა კარგი ფეხბურთელებიც გვყავს.“

გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა „ბაიერნის“ მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმაც. მისი თქმით „სევილია“ შეტევით ფეხბურთს ითამაშებს, რადგან მათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ. თუმცა ჰაინკესმა აღნიშნა, რომ საკუთარ მოედანზე თამაშისას „ბაიერნი“ უძლიერესია.

იუპ ჰაინკესი - „როდესაც საშინაო მატჩში 2:1-ს აგებ რა თქმა უნდა შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი მაინც გაქვს და ამისათვის ვა ბანკზე წახვალ. ასე რომ, „სევილია“ ყველა შანსის გამოყენებას შეეცდება და გარისკავს. მეორე მხარეს კი ვართ ჩვენ, რომლებიც შევეცდებით მათი შეტევები მოვიგერიოთ და თამაში ისე წავიყვანოთ როგორც გვსურს. საკუთარ მოედანზე რა თქმა უნდა ისე ვითამაშებთ, როგორც ყოველთვის. არ აქვს მნიშვნელობა ეს ბუნდესლიგაა, გერმანიის თასი თუ ჩემპიონთა ლიგა.“

„ბაიერნისა“ და „სევილიას“ დაპირისპირება ალიანს არენაზე დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე გაიმართება. მატჩს შოტლანდიელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება, მთავარი მსაჯი კი უილიამ კოლამი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები