სასწაული თუ ფორმალობა? -
Aa
Aa

სასწაული თუ ფორმალობა? - "რომა" მაინც იმედიანადაა

რომაელებმა პირველ თამაშში ბევრი უხეში შეცდომა დაუშვეს, რის გამოც დღეს შეხვედრის დაწყება 1:4-დან მოუწევთ.

მიუხედავად ანგარიშისა, ეუსებიო დი ფრანჩესკო აცხადებს, რომ მის გუნდს წარმატების უნდა სჯეროდეს და საამისოდ ყველაფერი გააკეთოს.

„ჯალოროსიმ“ შაბათს „ფიორენტინასთან“ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, რაც წაგებად დაუჯდა და „ჩემპიონთა ლიგის“ საგზურისთვის ბრძოლაში საქმე გაირთულა.

„ბარსა“ მშვენიერ ხასიათზეა, მანაც დაისვენა, თუმცა „რომასგან“ განსხვავებით თავისი მატჩი მაინც მოიგო.

 

გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა

„რომას“ ცუდი პერიოდი აქვს და 3 მატჩია გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს. გასულ უქმეებზე „ფიორენტინასთან“ წაგებამდე, „ბარსასთან“ ხსენებული მარცხი და „ბოლონიასთან“ ნათამაშები 1:1 იყო.

 

რომაელები სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილამდე დაქვეითდნენ. მათ 60 ქულა აქვთ და შემდეგ პოზიციაზე მყოფ „ინტერს“ 1 ქულით უსწრებენ.

მასპინძელთაგან დღევანდელ შეხვედრას პეროტი და კარსდორპი გამოტოვებენ.

„ბარსა“ შესანიშნავ სვლაზეა და 17 იანვარს „ესპანიოლთან“ თასზე წაგების შემდეგ, ოფიციალურ შეხვედრაში აღარ დამარცხებულა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა უქმეებზე „ლეგანესს“ ლეო მესის ჰეთ-თრიქით 3:1 მოუგო.

 

„ბლაუგრანა“ ლა ლიგის ლიდერია და მე-2 ადგილოსან „ატლეტიკოს“ მთელი 11 ქულით უსწრებს.

ესპანელებს სადღეისოდ მხოლოდ ლუკა დინის იმედი ვერ ექნებათ.

ტაქტიკა

იტალიელები იხტიბარს არ იტეხენ და ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ, რაც მისასალმებელია და კარგი იქნება, თუკი „რომა“ წყვილში ინტრიგის დაბრუნებას მოახერხებს, მაგრამ რამდენად რეალურია ეს ძალიან ძნელი სათქმელია. „ბარსელონას“ დაცვა ძალიან სტაბილური და დამაჯერებელია, რაზეც ისიც მიუთითებს, რომ გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის 31 ტურში 16 გოლი აქვს გაშვებული.

„ჯალოროსის“ თავისი ლიდერი დიეგო პეროტი აკლია, რომლის გარეშეც შეტევა ცალსახად შეთხელებული და ნაკლებად კრეატიულია.

მასპინძელთა კარში ალისონ ბეკერს ვიხილავთ, რომლის წინაც ბრუნო პერესი, მანოლასი, ფასიო და კოლაროვი განლაგდებიან. პერესი და კოლაროვი შეტევებში ეფექტურად ერთვებიან და ორივესთვის ერთ-ერთი მთავარი დღევანდელი დავალება ეს იქნება.

ნახევარდაცვას დე როსი, პელეგრინი, ნაინგოლანის ტრიო გაამაგრებს, რომელთაგანაც პელეგრინი და ნაინგოლანი იერიშებში ხშირად წავლენ, დე როსი კი უფრო საყრდენის პოზიციაზე ითამაშებს.

მარჯვენა ვინგერად ალესანდრო ფლორენცი მოგვევლინება, ხოლო მარცხნივ სტეფან ელ შაარავი ითამაშებს. „ფარაონს“ პეროტის არ ყოფნაში კიდევ ერთი შანსი ეძლევა და საინტერესოა, როგორ გამოიყენებს.

შეტევის წინა ხაზზე, იტალიელთა მთავარი დამრტყმელი ძალა ედინ ჯეკო იქნება, რომელიც პირველ მატჩში ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა მისი და თანაგუნდელების გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ბარსელონას“ ამოცანა სრულიად ნათელია - მან საბოლოო გამარჯვებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უნდა მიაღწიოს, რისთვისაც სწრაფი გოლი ზედგამოჭრილი იქნება.

კატალონიელებს თავდაცვა ბრწყინვალედ გამოსდით და საკუთარ ნახევარზე ძალიან ჭკვიანურად მოქმედებენ. ვალვერდეს სურვილიც სწორედ ეს იქნება, რომ მისმა გუნდმა დღესაც ორგანიზებულად და დალაგებულად ითამაშოს.

კარში მარკ-ანდრე ტერ შეტეგენი დადგება, რომელიც ბურთის შესანარჩუნებლად გუნდს აუცილებლად გამოადგება.

დაცვის ფლანგებზე სერხი რობერტო და ალბა მოიაზრებიან, ხოლო ცენტრში ტრადიციული დუეტი პიკე-უმტიტი შეუწყვილდება. ეს ფეხბურთელები ბოლო პერიოდში დიდებულად შეეწყვნენ, რაც შედეგებსა და ნაჩვენებ თამაშზე ნათლად აისახება.

„ბარსას“ ნახევარდაცვა, როგორც მივეჩვიეთ, 4 კაციანი იქნება და საყრდენებად ბუსკეტსი და რაკიტიჩი დადგებიან. ინიესტა თავისუფალი ნახევარმცველი იქნება, ხოლო პაულინიო პირველ ბურთებსა და ფიზიკური ორთაბრძოლებისას სასარგებლო უნდა იყოს.

მესი-სუარესის წყვილი „რომას“ დაცვის მთავარი საფიქრალია. ფასიო ძალიან ნელია, მანოლასი კი ფეთქებადი და არასტაბილური. ასე რომ, ვნახოთ როგორ გაუმკლავდებიან ისინი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ დუეტს.

მსაჯი

მატჩის მთავარი არბიტრი 35 წლის ფრანგი კლემენ ტურპენი იქნება, რომელიც თავის ქვეყანას მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზეც წარმოადგენს.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

„რომა“ VS „ბარსელონა“ - წინასამატჩო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები