ტაქტიკური ანალიზი -
Aa
Aa

ტაქტიკური ანალიზი - "ლივერპული" VS "სიტი" - "მერსისაიდელთა" ბალანსი და კონტრ-პრესინგი

"ჩემპიონთა ლიგის" მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში "ლივერპულმა" "სიტი" 3-0 გაანადგურა და განმეორებითი მატჩის წინ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

ყველა ტურნირის ეგიდით ეს შეხვედრა გუარდიოლა-კლოპის მეცამეტე დაპირისპირება იყო და გერმანელმა მეშვიდედ მოახერხა ესპანელის დამარცხება.

გთავაზობთ „ლივერპული“ - „სიტის“ მატჩის განხილვას და იმ მიზეზებს, რომლებმაც კლოპის დომინაცია განაპირობა .

მატჩის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ბევრისთვის შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ სწორედ ის აღწერს იმ პრობლემებს, რომლებიც „მანჩესტერელებს“ მთელი მატჩის განმავლობაში გაჰყვათ.

შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ „ლივერპულელებმა“ კევინ დე ბრუინს, რომელსაც მოედნის ცენტრში სიტუაციის დალაგება ევალება, საკმაოდ დიდი დრო მისცეს შეტევის განსახორციელებლად, მაგრამ ბელგიელმა არაზუსტი გადაცემა გააკეთა, რითაც სათავე  „მერსისაიდელთა“ კონტრ-შეტევას დაუდო. მსგავს შეცდომებს „სიტის“ ფეხბურთელები პირველ ტაიმში ხშირად უშვებდნენ, რამაც საშუალება მისცა „ლივერპულს“ „ქალაქელები“ კონტრ-შეტევაზე ხშირად დაეჭირათ და მიღებული უპირატესობა გამოეყენებინათ. 

 

სისწრაფე და კონტრ-პრესინგი

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კლოპის კონტრ-პრესინგია, რომლის წინააღმდეგაც თამაში „სიტისთვის“ ფსიქოლოგიურად საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა.

სალაჰი, მანე, ფირმინოს ტრიო  მცველებს ბურთის ამოტანის ვარიანტებს უზღუდავდა და აიძულებდა იგი განაპირა მცველებისთვის გადაეწოდებინათ, რასაც ხშირ შემთხვევებში ბურთის უაზრო მოგერიება მოჰყვებოდა.

მატჩის კონკრეტულ ეტაპზე „ლივერპულმა“ აქტიურ პრესინგზე უარი თქვა და მოედნის ცენტრში სტრატეგიული პოზიციები დაიკავა, რომლის მთავარი მიზანიც „სიტისთვის“ გადაცემების შესრულების მაქსიმალური შეზღუდვა იყო. კლოპის ეს გენიალური ტაქტიკური სვლა წარმატებული ერთი მარტივი მიზეზის გამო გამოდგა. „მანჩესტერელები“ ამ დროს უკვე პანიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მათთვის არადამახასიათებელ სახიფათო გადაცემებს ასრულებდნენ.

წლევანდელ სეზონში „სიტის“ მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა პრესინგს, დაცვითი ფეხბურთის თამაშს და ზონების მაქსიმალურად ჩაკეტვას ამჯობინებს. „ლივერპულთან“ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. „მერსისაიდელები“ ბურთის დაკარგვისას მეტოქის ნახევრიდან იწყებდნენ აქტიური და მაღალი პრესინგის თამაშს, რაც „სიტის“ ფეხბურთელებს შეტევაში გადასვლისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

 

კლოპი იმ მწვრთნელების კატეგორიას მიეკუთნება, რომლებსაც აქვთ ფუფუნება მსგავსი ტაქტიკით ყოველგვარი პრობლემების გარეშე ითამაშონ, რაც ძირითადად ფირმინოს დამსახურებაა. ბრაზილიელის  სახით „ლივერპულელებს“ ბურთის გარეშე მოთამაშე იდეალური თავდამსხმელი ჰყავთ, რომელსაც მშვენივრად ესმის, როგორ უნდა მოახერხოს პრესინგთან ერთად მეტოქესთვის სავარაუდო გადაცემების ადრესატთა რაოდენობის შემცირება.

ფირმინო გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა „მერსისაიდელთა“ სათამაშო სქემაში. მისი ქმედებების შედეგად სხვა ფეხბურთელებსაც გაუადვილდათ კლოპის მიერ დაკისრებული დავალების შესრულება.

დეტალურ ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ  გადაცემების გადანაწილების სქემა, რომელიც "სიტის" პრობლემებს იდეალურად ასახავს.

ბურთის ფლობისას „ქალაქელები“ ძირითადად დაცვის ცენტრს - კომპანისა და ოტამენდის იყენებდნენ. სილვა, დე ბრუინი, გუნდოგანი, ჟეზუშის კვარტეტი „ლივერპულელი“ ნახევარმცველებს იდეალურად ჰყავდათ აყვანილი და რა თქმა უნდა ასეთ პირობებში გოლის გატანაზე ფიქრი საკმაოდ რთულია. ლეროი სანემ ერთადერთი იყო, რომელმაც დაკისრებული მოვალეობა შეასრულა, მაგრამ „სიტის“ ცენტრალური ნახევარდაცვა და მარჯვენა ფლანგი „წითლებთან“ მატჩისთვის  საკმაოდ მოუმზადებელი აღმოჩნდა

 

„მერსისაიდული“ ბალანსი

„ენფილდზე“ 4-3 წაგებული მატჩის შემდეგ გუარდიოლამ სწორი დასკვნები გამოიტანა და მიხვდა, რომ „ლივერპულის“ აგრესიული პრესინგის განეიტრალება მეტოქის მოედანზე ბურთის ხშირი კონტროლითაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ „სიტიმ“ ეს დავალება იდეალურად შეასრულა, მაგრამ სახიფათო მომენტები მაინც ვერ შექმნა. მეორე ტაიმშიც კი, როდესაც „ლივერპულმა“ უკან დაიხია და დაცვით ფეხბურთზე გადაერთო, „ქალაქელებმა“ ვერცერთი მომენტი ვერ შექმნეს და მთელი მატჩის განმავლობაში კარშიც კი არ დაურტყამთ.

„ლივერპული“ გაცილებით საინტერესოდ და კრეატიულად უტევდა და „მოსალოდნელი გოლის ინდექსიც“(Expected goal index) „სიტიზე“ ბევრად მაღალი ჰქონდა. საინტერესოა, რომ მანეს გატანილი გოლის  შემდეგ აღნიშნული ინდექსი რამდენიმე მეათედით გაიზარდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 3-0-ზეც „მერსისაიდელები“ „სიტიზე“ უკეთ უტევდნენ.

 

"ლივერპულმა" "სიტის" ვინგერები „გააქრო“

„ენფილდზე“ 4-3 წაგებულ შეხვედრაში „სიტის“ რიგებში გამორჩეული გერმანელი ფეხბურთელი - ლეროი სანე გახლდათ. მისმა კრეატიულობამ „ლივერპულის“ დაცვა ბევრჯერ დააბნია და ბუნებრივია „ჩემპიონთა ლიგაზეც“ „ქალაქელთა“ მთავარ იარაღს სწორედ იგი წარმოადგენდა.

თუმცა, ამჯერად სანემ ვერ გაიბრწყინა, კლოპის გენიალურმა სვლებმა გერმანელიც გამოთიშა თამაშიდან და მატჩი „სიტის“ ვარსკლავმა 4 წარუმატებელი შეხებით და 5 დაკარგული ბურთით დაასრულა. ბუნებრივია, როდესაც შეტევა შენს გარშემო ვითარდება ბურთს რამდენჯერმე დაკარგავ, მაგრამ „ლივერპულის“ საოცარმა დაცვამ სანეს გასაქანი არ მისცა და მარცხენა ფლანგიდან მხოლოდ რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა.

წარმატებაში დიდი წვლილი ალექსანდრ-არნოლდმა შეიტანა, 19 წლის განაპირა მცველმა ბურთი 10-ჯერ მოიგერია, 7 ჩაჭრა მიითვალა და 4 ვარდნა განახორციელა. ალექსანდრ-არნოლდმა ფლანგი დაისაკუთრა და სანემ მის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.

 

შეხვედრა ენდრიუ რობერტსონმაც კარგად ჩაატარა, მაგრამ მარცხენა მცველს გაცილებით ნაკლები საქმე ჰქონდა ვიდრე 19 წლის ტრენტს. ენდრიუს რამდენჯერმე მოუწია უოკერისა და დე ბრუინის განეიტრალება, თუმცა უდავოა, რომ მატჩის გმირი ნამდვილად ალექსანდრ-არნოლდია.

რთულია „ენფილდზე“ იანვარში გამართული დაპირისპირებით რამე განსაჯო, მაგრამ „ჩემპიონთა ლიგაზე“ „ლივერპულის“ ტრიუმფის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუარდიოლას კლოპის წინააღმდეგ სერიოზული პრობლემები აქვს და სასწრაფოდ რამე თუ არ მოიფიქრა მისი გუნდი კვლავ "ჩემპიონთა ლიგის" მიღმა დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები