''ლივერპული'' - ''მანჩესტერ სიტი'': მატჩის შემდგომი კომენტარები
Aa
Aa

''ლივერპული'' - ''მანჩესტერ სიტი'': მატჩის შემდგომი კომენტარები

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში ''ლივერპულმა'' ''ენფილდზე'' 3:0 დაამარცხა ''მანჩესტერ სიტი.''  მატჩის შემდეგ ''ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა:

''ეს იყო ძალიან, ძალიან კარგი მატჩი, დავამარცხეთ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი. არასდროს ვყოფილვარ მსოფლიოს უძლიერი გუნდის წევრი, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ შესაძლებელია საუკეთესოს დამარცხება. რა თქმა უნდა უძლიერესი იშვიათად მარცხდება, რადგან მისი წევრები მსოფლიოში საუკეთესონი არიან. პირველი მატჩი მოგებულია, რაც არაა ზეიმის საფუძველი, რადგან წინ ურთულესი შეხვედრა გველის. ზეიმი უნდა დავიწყოთ მხოლოდ ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემდეგ. ჩვენ გავიტანეთ სამი შესანიშნავი გოლი, შესვენების შემდეგ აქცენტი კარის უსაფრთხოებაზე გავაკეთეთ.

სალაჰის ტრავმის ზუსტი დიაგნოზი უცნობია, გამოკვლევის შემდეგ ექიმი გამოიტანს დასკვნას, სალაჰმა თამაშის შემდეგ მიპასუხა, რომ საპასუხო მატჩისთვის მზად იქნება, თუმცა ჩვენ უნდა დაველოდოთ ზუსტ დიაგნოზს, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით.''

''მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა: ''პირველ გოლისას აშკარად სუსტად ვითამაშეთ, დაცვაში დაშვებულმა შეცდომამ განაპირობა პირველი გოლი, მეორე გოლი კი ბრწყინვალე დარტყმით გავიდა. მეორე ტაიმში ვერ შევქმენით რეალური მომენტები, რადგან მეტოქე თავს ძალიან კარგად იცავდა. დღეს არავის სჯერა, რომ შევძლებთ ნახევარფინალში გასვლას, ბევრისთვის წარმოუდგენელია, რადგან ეს მართლაც ურთულესი ამოცანაა, თუმცა ვეცდებით ნახევარფინალში გავიდეთ.

ფეხბურთში ყველაფერი ხდება, სათამაშო დაგვრჩა კიდევ 90 წუთი ჩვენს სტადიონზე, ჩვენს ქომაგებთან და ოჯახებთან ერთად, ყველა გუნდს ჰყავს ქომაგები, თუმცა ''ენფილდზე'' ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა და ''ლივერპულს'' გამარჯვებაში ქომაგთა ფაქტორმაც შეუწყო ხელი, მაგრამ მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების, მათ ბევრი რამ დაამტკიცეს მიმდინარე სეზონში. დღეს ყველა საუბრობს, რომ ''ბაიერნი'' ნახევარფინალშია, ''რეალი'' ნახევარფინალშია, ''ბარსელონა'' ნახევარფინალშია, ''ლივერპული'' ნახევარფინალშია, მაგრამ ჩვენ წინ გველის საპასუხო მატჩები.

ზოგადად გიუნდოგანი კარგად მოქმედებს ნახევარდაცვაში და დღეს ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა მეტი პასი, ბურთზე კონტროლი უნდა მოგვეპოვებინა, მაგრამ რა მოხდა? დავმარცხდით 3:0.''

საპასუხო საფეხბურთო მატჩი 10 აპრილს ''ეტიჰედზე'' გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები