Aa
Aa

"ლივერპული" VS "მანჩესტერ სიტი" - წინასამატჩო პრესკონფერენცია

დღეს "ენფილდზე" დიდი მატჩია - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს და ამით ყველაფერი ნათქვამია.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მწვრთნელებმა მოახლოებულ მატჩზე ისაუბრეს და ერთმანეთის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.

იურგენ კლოპი: ''მე არასდროს დამიმარცხებია პეპ გუარდიოლა, თუმცა შეუძლებელი არაა დაამარცხო საუკეთესო. თუ მაქსიმალურად იშრომებ და იქნები მეტოქეზე სწრაფი და ძლიერი, წარმატება შესაძლებელია. 

მომწონს  რთული ამოცანები, რთული მისიის შესრულება. მთავარი მწვრთნელისთვის სწორედ ესაა ყველაზე საინტერესო, რაც უფრო ძლიერია მეტოქე, უფრო მეტად ცდილობ მაქსიმუმის ჩვენებას მენტალური თვალსაზრისით თუ ფიზიკური მომზადებით.

ჩვენ უნდა ვიამაყოთ ''ლივერპულის'' წარსულით, მაგრამ საჭიროა გამარჯვებები ისტორიის გასაგრძელებლად. ბიჭები არიან მზად. ფსიქოლოგიური და სუფთა საფეხბურთო კუთხით ფეხბურთელები მზად არიან წარმატებისთვის.

''მანჩესტერ სიტის'' დამარცხება ურთულესი საქმეა, მაგრამ გვსურს ჩემპიონთა ლიგაზე გავიაროთ იმდენი ეტაპი, რამდენიც შესაძლებელი იქნება.''


პეპ გუარდიოლა: „ჩვენ სეზონში ერთადერთი მარცხი ვიწვნიეთ და ეს სწორედ „ენფილდზე“ მოხდა. ამიტომ, დღეს მოდუნების უფლება არ გვაქვს.

ორივე გუნდი შეტევის მოყვარულია და ეს დასაფასებელია. კლოპის გუნდები ყოველთვის პატიოსნად თამაშობენ.

„მერსისაიდელებს“ შეტევაში თამაში უყვართ. ისინი ფეხბურთს პატივს სცემენ. ამიტომ მგონია, რომ დღეს ბრწყინვალე მატჩი გველის.

წლევანდელ სეზონში დაცვაში კარგად ვთამაშობთ, ცოტა გოლს ვუშვებთ, მეტოქეებსაც მცირე შანსს ვუტოვებთ. საკუთარ ნახევარზე საკმაოდ სოლიდურ ფეხბურთს ვთამაშობთ.

ბურთის კონტროლი ძირითადად საკუთარი კარიდან 40 მეტრის მოშორებით გვიწევს. ჩვენი თამაშის სტილი „ლივერპულისთვის“ იდეალურია, რადგან ისინი სივრცეებს მსოფლიოში ყველაზე უკეთ იყენებენ.

მათ მანე, სალაჰი, ფირმინო და ჩემბერლენი ჰყავთ და ჩვენ მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. ტაქტიკის შეცვლას და რაიმე განსაკუთრებულის მოფიქრებას არ ვაპირებ. ჩვენ, საკუთარი თამაშის დემონსტრირებას შევეცდებით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები