Aa
Aa

"დელა მადონინა" ტაქტიკურად - გატუზოს "მილანის" ხასიათი თუ სპალეტის გეგმაზომიერი "ინტერი"?..

მილანური გრანდები , დღეს 20:30 საათიდან, 221-ე ოფიციალურ ურთიერთშეხვედრას ჩაატარებენ - „ინტერს“ 78 მოგება აქვს, „მილანმა“ 76-ჯერ იმარჯვა, ხოლო 66-ჯერ ფრე დაფიქსირდა. ბოლო დაპირისპირება იტალიის თასზე შედგა, როცა „როსონერიმ“ კუტრონეს მიერ დამატებით დროში გატანილი გოლის წყალობით მოიგო.

ნომინალური მასპინძელი „მილანია“, რაც მას გულშემატკივრის უპირატესობას ანიჭებს. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია და „სან სიროზე“ დიდი სანახაობა გველოდება. თანაც გუნდები „ჩემპიონთა ლიგის“ საგზურისთვის ბრძოლაშიც ერთმანეთის კონკურენტები არიან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მატჩი "შავ-წითლებისათვის" ერთ-ერთი ბოლო რეალური შანსია.

გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა

„მილანი“ ბოლო პერიოდში მოფერიანებული და მოძლიერებულია, რაც შედეგებიდანაც ნათლად ჩანს. ჯენარო გატუზოს გუნდს სერია A-ში 10 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც გასულ უქმეებზე „იუვენტუსთან“ გასვლითი მარცხით შეწყდა.

უნდა ითქვას, რომ „შავ-წითლებმა“ ტურინში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს და ქულის აღებაც შეეძლოთ. აღნიშნულ მატჩში გოლი ლეონარდო ბონუჩიმ შეაგდო, რომელმაც ყოფილი გუნდის კარი აიღო და სეზონში მე-2 შედეგიანი დარტყმა მიითვალა.

„როსონერი“ „ჩემპიონთა ლიგის“ ზონას 8 ქულით ჩამორჩა და გასაგებია, დღევანდელი დაპირისპირება სატურნირო კუთხით როგორი მნიშვნელოვანია.

ჯენარო გატუზო დღევანდელი მატჩისათვის დისკვალიფიცირებულ ლუკას ბილიასა და ტრავმირებულ ანდრეა კონტის მოისაკლისებს.

ცუდი პერიოდის შემდეგ, „ინტერმა“ მკვეთრად მოუმატა და უკანასკნელ 4 ტურში 10 ქულა აიღო.

„ნერაძურიმ“ შაბათს სერია A-ს ერთ-ერთ აუტსაიდერ „ვერონასთან“ წაივარჯიშა და 3:0 იმარჯვა. მაურო იკარდიმ დუბლი შეასრულა, ერთი ბურთი კი ივან პერიშიჩმა შეაგდო. ხორვატი შემტევი შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. მან მონაწილეობა სამივე გოლში მიიღო და იკარდის საგოლედ 2-ჯერ უპასა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდმა 58 ქულა მოაგროვა და კვლავ „ჩემპიონთა ლიგაზე“ გამსვლელ მე-4 ადგილზე იმყოფება, თუმცა იქვეა „ლაციო“, რომელსაც 1 ქულით ნაკლები აქვს, შემდეგ კი სწორედ 50 ქულიანი „მილანი“ მოდის.

„შავ-ლურჯებისგან“ მილანურ დერბის მხოლოდ ანდრეა რანოკია გამოტოვებს, რომელსაც ძირითადში მოხვედრა ისედაც უჭირს.

გატუზოს „მილანის“ ხასიათი თუ სპალეტის გეგმაზომიერი „ინტერი“?

ჯენარო გატუზოს მოსვლის შემდეგ, „მილანი“ გუნდად ჩამოყალიბდა, რაც შიდა სამზარეულოში არსებული ჯანსაღი და მეგობრული ატმოსფეროს შედეგია. ახალგაზრდა გიჟმაჟი სპეციალისტი ბრწყინვალე მოტივატორია და ფეხბურთელთა განწყობა შესანიშნავად გამოსდის.

მიუხედავად იმისა, რომ გატუზო გამოუცდელი ტაქტიკოსია, ფაქტია, რომ „მილანმა“ მისი ხელმღძვანელობით პრესინგის თამაში დახვეწა, დალაგდა პოზიციები და გუნდს ზონების შევსება გაცილებით უკეთესად გამოსდის.

დღევანდელი „როსონერი“ ძალიან ახალგაზრდული კოლექტივია. მისი მთავარი კოზირი გუნდურობა და განსაკუთრებული შემართება და ჟინია.

სპალეტის გატუზოზე ბევრად ღრმა შემადგენლობა ჰყავს, რასაც გამოცდილი სპეციალისტის სამწვრთნელო ალღო და ტაქტიკური მრავალფეროვნება ემატება.

ამჟამინდელი „ნერაძური“ გეგმაზომიერი და მიზანდასახული გუნდია, რომლის მთავარი პლიუსიც ძლიერი დაცვის ხაზი და უმაღლესი კლასის შეტევაა.

ამ მატჩში „ინტერის“ ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ მწვრთნელის ფაქტორია, რადგან სპალეტი გაცილებით მაღალი დონის ტაქტიკოსია და გუნდიც მშვენიერ ფორმაში ჰყავს, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ თასის შეხვედრაში გატუზომ თავისი გამოცდილი ვიზავი დაჯაბნა და გუნდი შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გაიყვანა.

ტაქტიკა და სავარაუდო მონახაზები

ნომინალურ მასპინძელთა კარში ჯიჯო დონარუმას ვიხილავთ, რომლის წინაც კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი და როდრიგესი განლაგდებიან. კალაბრია ტრავმის შემდეგ ისეთი ეფექტური ვეღარაა, ბონუჩი-რომანიოლის დუეტიც „იუვესთან“ დამაჯერებელი ვერ იყო, აი ყველაზე სუსტი წერტილი კი უდავოდ რიკარდო რიდრიგესია, რომელიც კარგა ხანია ვერც შეტევაში ბრწყინავს და დაცვაშიც ბევრი შეცდომა აქვს. შვეიცარიელს რომანიოლისა და საყრდენების დახმარება და მათგან დაზღვევა დასჭირდება.

ნახევარდაცვაში ბილიას არ ყოფნის გამო, ძირითადში რიკარდო მონტოლივო მოიაზრება. მასთან ერთად კი კესი და ბონავენტურა იმოქმედებენ. მონტოლივოს სტაბილური სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ როცა თამაში უწევს ცუდად არ გამოიყურება. კესი კარგ ფორმაშია, ბონავენტურა კი ბოლო დროს თითქოს გამოფიტულია.

შეტევის მარჯვენა მხარეს „როსონერის“ ერთ-ერთი ლიდერი სუსო ითამაშებს, მარცხნიდან საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი ჰაქან ჩალჰანოღლუ გაირჯება, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი იტალიური პრესის მიერ პატრიკ კუტრონე განიხილება.

„ინტერი“ დანაკლისი გარეშეა და სპალეტის სრული თავისუფლება აქვს, რაც ნიშნავს, რომ ნაცად 4-2-3-1 სისტემას გამოიყენებს.

სამირ ჰანდანოვიჩს ალტერნატივა არ ჰყავს და იგი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. სლოვენიელმა მეკარემ წლევანდელ სერია A-ში 21 გოლი გაუშვა, რაც „იუვენტუსისა“ (16) „ნაპოლის“ (20) მაჩვენებლის შემდეგ, ტურნირზე საუკეთესოა.

დაცვის მარჯვენა მხარეს ჟოაო კანსელო გაამაგრებს, რომელიც ძალიან სწრაფია, ტექნიკაც მშვენიერი აქვს და მისი მთავარი პლიუსი შეტევაში ჩართვებია. კანსელოს პარტნიორები მილან შკრინიარი, ჟოაო მირანდა და დანილო დ’ამბროზიო იქნებიან. შკრინიარი კარგ სეზონს ატარებს და მისით თვით „ბარსა“ და „რეალი“ ინტერესდებიან, აი სლოვაკის მეწყვილე მირანდა კი ბოლო პერიოდში ფორმაში ვეღარაა და შეცდომებიც მოუმრავლდა. რაც შეეხება დ’ამბროზიოს, იგი სტაბილური მცველია, თუმცა შეტევებში ნაკლებად ეფექტურია. ამიტომაც სავარაუდოა, რომ ასეთ მატჩში სპალეტი მას წინ წასვლის საშუალებას ხშირად არ მისცემს და აქცენტს დაცვაზე გააკეთებინებს, თანაც დ’ამბროზიოს საპასუხისმგებლო მისია აქვს, რასაც სუსოს მეურვეობა ჰქვია.

საყრდენებად გალიარდინი და ბროზოვიჩი ითამაშებენ, რომელთაც ჩაშლაზე მეტად, შეტევების დაწყება და ტექნიკური თამაში გამოსდით.

ფლანგებზე, ტრადიციულად, კანდრევასა და პერიშიჩს ვიხილავთ, ხოლო მათ შორის რაფინია ალკანტარა ან ბორხა ვალერო გაირჯება. Gazzetta dello Sport-ი სასტარტოში რაფინიას გამოჩენას ვარაუდობს, რომელსაც სპალეტი ბოლო მატჩებში თავიდანვე ათამაშებს.

შეტევის წინა ხაზზე, „ნერაძურის“ კაპიტანი და პირველის წრის „მადონინაში“ 3 გოლის გამტანი მაურო იკარდი მოგვევლინება. არგენტინელი სერია A-ს ბომბარდირობისთვის იბრძვის და ლიდერ ჩირო იმობილეს 2 გოლით ჩამორჩება.

მსაჯი

მილანური დერბის განსჯის საპასუხისმგებლო მისია მარკო დი ბელოს ანდეს. იგი 36 წლისაა და სერია A-ს მატჩებს 2012 წლიდან უძღვება, უშუალოდ „დელა მადონინას” კი პირველად იმსაჯებს.

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები