Aa
Aa

"სევილია" VS "ბაიერნი" - ტაქტიკური ანალიზი: ბურთის ფლობა, აგრესიულობა და მაღალი ტემპი

ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო და დაძაბული ¼ ფინალებით გვიბრუნდება.

სამშაბათის ცენტრალური მატჩი რა თქმა უნდა ტურინში „იუვენტუსსა“ და „რეალს“ შორის შედგება, თუმცა ასევე დიდ ინტერესს იწვევს ანდალუსიაში გასამართი მატჩი, სადაც ერთმანეთს „სევილია“ და „ბაიერნი“ დაუპირისპირდებიან.

„რამონ სანჩეს პისხუანზე“ თამაში ადვილი არც „ბარსელონასა“ და „რეალისთვის“ გახლავთ და მოსალოდნელია, რომ მიუნხენელებსაც პრობლემები შეექმნებათ.

გუნდების ახალი ამბები

ვინჩენცო მონტელას გუნდმა ლა ლიგის უკანასკნელ ტურში „ბარსელონას“ წინააღმდეგ საუცხოო ფეხბურთი აჩვენა და მატჩი, რომ ფრედ 2:2 დასრულდა ეს მხოლოდ ანდალუსიელთა უიღბლობისა და დაუდევრობის ბრალია.

„დალაქებმა“ შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშეს და უამრავი მომენტი შექმნეს. მონტელამ დასვენების საშუალება მისცა ვისან ბენ იედერს, რომელსაც „ბაიერნის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ელიან.

წითელი ბარათის გამო არ უთამაშია პაბლო სარაბიას, რომელიც ასევე ძირითადის წევრად მოიაზრება.

„სევილია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 30 ტურის შემდეგ 46 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს და ოთხეულში მოხვედრის შანსი უკვე დაკარგული აქვს. ამიტომ, მონტელას გუნდი მთელს აქცენტს ჩემპიონთა ლიგაზე აკეთებს.

რაც შეეხება „ბაიერნს“, იუპ ჰაინკესის გუნდმა ბუნდესლიგის გასულ ტურში „დორტმუნდი“ 6:0 გაანადგურა და „სევილიასთან“ მატჩის წინ ჩინებულ განწყობაზეა.

„რეკორდმაისტერს“ ბუნდესლიგა ფაქტიურად მოგებული აქვს და როგორც ყოველთვის, მთელს აქცენტს ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანს.

მიუნხენელები სატურნირო ცხრილს 28 ტურის შემდეგ 69 ქულით ერთპიორვნულად ლიდერობენ.

დანაკლისები

„სევილია“ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება. ვინჩენცო მონტელას გუნდის საკვანძო ფიგურა ევერ ბანეგა დისკვალიფიცირებული ჰყავს.

„ბაიერნს“ არ ეყოლება ნოიერი, რომლის არყოფნასაც მიუნხენელები უკვე შეეჩვივნენ. სხვათაშორის გერმანელმა გოლკიპერმა ვარჯიში უკვე განაახლა.

გერმანელთა რიგებში გამორიცხულია კინგსლი კომანის თამაში. ასევე, საეჭვოა არტურო ვიდალისა და ხუან ბერნატის მოედანზე ხილვა.

ტაქტიკა - ბურთის ფლობა, აგრესიულობა და მაღალი ტემპი

ბურთის ფლობა ორივე გუნდს ძალიან უყვარს და ამ მხრივ საინტერესოა რომელი მათგანი მოიპოვებს უპირატესობას.

ვინჩენცო მონტელას საყვარელი ტაქტიკა 4-2-3-1 გახლავთ. იტალიელმა სპეციალისტმა ასე ითამაშა „მანჩესტერისა“ და „ბარსელონას“ წინააღმდეგ და ასე იქნება „ბაიერნთანაც".

ანდალუსიელთა კარს რა თქმა უნდა სერხიო რიკო დაიცავს. დაცვის ცენტრს კლემენ ლენგლე და საიმონ კიაერი გაამაგრებენ. მარცხენა ფრთაზე ესკუდერო იქნება, ხოლო მარჯვენა ფლანგზე მონტელას, მერკადოსა და ნავასს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

საყრდენ ზონაში სტივენ ნზონზის ბანეგას არყოფნაში გვიდო პიზარო შეუწყვილდება. გამთამაშებლად კი ფრან ვასკესი დადგება. ამ სამეულზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მათ, მოედნის ცენტრში ბურთის დაჭერა მოუწევთ, რაც ბანეგას გარეშე საკმაოდ რთული იქნება.

შეტევის მარცხენა ფლანგზე ხუაკინ კორეას უნდა ველოდოთ, ხოლო მარჯვნიდან დასვენებული პაბლო სარაბია შეუტევს.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე მონტელა მუდამ უცნაურ არჩევანს აკეთებს და ძირითადში ლუის მურიელს აყენებს ხოლმე, რომელიც ხელიდან უამრავ მომენტს უშვებს.

რომ არა მურიელის საშინელი საშემსრულებლო შესაძლებლობები, შაბათს „სევილია“ „ბარსას“ დიდი ანგარიშით მოუგებდა.

სავარაუდოა, რომ ამჯერად მონტელა არჩევანს დასვენებულ ვისან ბენ იედერზე შეაჩერებს, რომელმაც „მანჩესტერთან“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

სევილიელების პლიუსი სწრაფ შეტევებშია. „დალაქებს“ არ უყვართ დაბალ ტემპში ბურთის გორება და მეტოქის შეცდომის ლოდინი.

მონტელა აქტიურად იყენებს ცენტრსაც და ფლანგებსაც. მათი ერთ-ერთი მინუსი საჰაერო ორთაბრძოლებია.

ანდალუსიელებს ამჯერად „ბაიერნთან“ დაპირისპირება მოუწევთ, რომელიც კონტრშეტევაზე ძალიან ძლიერია და ბურთის გაკონტროლებაც კარგად ეხერხება.

ერთი უყურადღებობა, გაშვებული გოლი და დიდი შანსია, რომ „რეკორდმაისტერმა“ „დალაქებს“ შანსი პირველივე მატჩში მოუსპოს.

მონტელას თავისი გუნდის მთავარი კოზირის სისწრაფის გამოყენება მოუწევს. სევილიელები მუდამ სივრცეებს ეძებენ და ხშირ შემთხვევაში მას პოულობენ კიდეც.

„ბაიერნი“ საუცხოო ფორმაშია და შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტიც არის.

გუნდიდან კარლო ანჩელოტის წასვლამ და იუპ ჰაინკესის დაბრუნებამ მიუნხენელები ძველ საფეხურზე დააბრუნა.

„ბაიერნმა“ ის გერმანული სული დაიბრუნა, რომელიც ბოლო წლებში აშკარად დაკარგული ჰქონდა.

„რეკორდმაისტერი“ სევილიაში დანაკლისით მიემგზავრება, მაგრამ ჰაინკესს საკმაოდ ღრმა შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც პრობლემების მოგვარება შეუძლია.

სავარაუდოა, რომ „ბაიერნი“ „სევილიას მსგავსად 4-2-3-1 ტაქტიკით ითამაშებს.

მიუნხენელთა კარს ულრაიხი დაიცავს. უკანა ხაზი უცვლელი იქნება - მარცხენა ფლანგს დავიდ ალაბა ჩაიბარებს. მარჯვნიდან ჯოშუა კიმიხი იმოქმედებს. დაცვის ცენტრს მატს ჰუმელსი და ჯერომ ბოატენგი დაიკავებენ.

ნახევარდაცვის ცენტრში მარტინესი-ალკანტარა-ხამესის ტრიოს ვიხილავთ. ფლანგებიდან კი ფრენკ რიბერი და არიენ რობენი შეუტევენ. ცენტრფორვარდი რა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკი იქნება.

ჰაინკესის კოზირი სათადარიგოთა სკამზე ტომას მიულერი იქნება. „დორტმუნდის“ წინააღმდეგ „რეკორდმაისტერმა“ ძალიან შემტევი შემადგენლობით ითამაშა და „სანჩეს პისხუანზე“ იგივე ნაკლებად მოსალოდნელია.

„ბაიერნი“ შეეცდება, რომ მასპინძლებს ზონები შეუზღუდოს და მაღალი პრესინგი ეთამაშოს.

პირველი გოლი ბევრ რამეს გადაწყვეტს. „სევილიამ“ ოლდ ტრაფორდზე დაგვანახა, რომ აგრესიული დაცვის თამაში შეუძლია და ისინი დღეს მინიმუმ 1:0-ის მოგებას მაინც შეეცდებიან. კარის მშრალად ვერშენახვის შემთხვევაში „ალიანს არენაზე“ მათი შანსები ძალიან მცირე იქნება.

ჰაინკესი სტანდარტულ მდგომარეობებს აქტიურად გამოიყენებს, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ეს კრიტერიუმი „სევილიელთა“ ერთ-ერთი სუსტი წერტილია.

გუნდების პლიუსები და მინუსები

„სევილიელთა“ პლიუსი სისწრაფე, ტექნიკა და ბურთის კონტროლია. თუ, ამ ყველაფერს მონტელა ბოლომდე გამოიყენებს, „ბაიერნს“ სერიოზული პრობლემები შეექმნება.

ანდალუსიელთა მთავარი ნაკლი თავდაცვითი ფუნქციებია. გოლის გაშვების შემდეგ გუნდი ძალიან სუსტად გამოიყურება და ხშირ შემთხვევაში თამაშზე კონტროლს კარგავს. ეს ყველაფერი ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონას“ წინააღმდეგ მატჩმაც დაგვანახა.

ერთი შეხედვით „ბაიერნს“ ნაკლი არ აქვს, თუმცა მათი მთავარი მინუსი სწრაფი იერიშების დროს ჩნდება.

მიუნხენელთა ტლანქი ცენტრალური მცველები კონტრშეტევების დროს ხშირად ცდებიან ხოლმე და „სევილია“ ამ შანსის გამოყენებას შეეცდება.

„რეკორდმაისტერის“ პლიუსებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. „ბაიერნს“ შეტევაში მრავალმხრივი არსენალი აქვს. ინდივიდუალური ოსტატობა, იერიშები ფლანგიდან, შორეული დარტყმები, სტანდარტულები, კონტრშეტევები და რა თქმა უნდა პოზიციური შეტევები, რა დროსაც „რეკორდმაისტერი“ მეტოქეს უბრალოდ კლავს.

რას უნდა ველოდოთ მატჩისგან

მატჩი „რამონ სანჩეს პისხუანზე“ იმართება და ამით ყველაფერი ნათქვამია. წმინდა საფეხბურთო გარემო შეხვედრას გარანტირებული აქვს.

ორივე გუნდს ბურთის ფლობა და შეტევაში ყოფნა უყვარს. 

სავარაუდოდ, საწყისი წუთები დაძაბული გამოდგება და გუნდები ერთმანეთს დაზვერავენ. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, თუ ვინ ითამაშებს პირველ ნომრად.

უდაოა, რომ წინბრწყინვალე მატჩი გველის. „სევილიას“ და „ბაიერნს“ აქამდე ერთმანეთთან არასდროს უთამაშიათ.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები