ალეგრის საფიქრალი და
Aa
Aa

ალეგრის საფიქრალი და "რეალის" 2 ტაქტიკური უპირატესობა...

“ჩემპიონთა ლიგის“ 1/4 ფინალური ეტაპის გამორჩეული წყვილი, გასული სეზონის ფინალისტებმა, ტურინის „იუვენტუსმა“ და მადრიდის „რეალმა“ შეადგინეს.

გუნდები პირველ შეხვედრას იტალიაში ითამაშებენ, რაც მცირე უპირატესობას „სამეფო კლუბს“ ანიჭებს, რომელსაც წელს ერთადერთ საზრუნავად სწორედ „ჩემპიონთა ლიგა“ შერჩა.

„ალიანც სთედიუმზე“ ანშლაგს ელიან და „იუვენტუსს“ მხარს 40 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაუჭერს - ოფიციალური მონაცემებით, ეს არენა 41 507 მაყურებელს იტევს.

გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა

„ბებერი ქალბატონი“ ბრწყინვალე ფორმაშია და ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 25 მატჩია არ დამარცხებულა - 21 მოგება და 4 ფრე. საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული 25-დან 21 შეხვედრაში გუნდმა საერთოდ გოლი არ გაუშვა.

ალეგრის ბიჭებმა უქმეებზე „მილანს“ 3:1 მოუგეს და სერია A-ს ლიდერობა გაიმყარეს. ისინი უახლოეს მდევარ „ნაპოლის“ 4 ქულით უსწრებენ. შაბათის მატჩში, ტურინელთაგან გოლები დიბალამ, ახლახანს დაბრუნებულმა კუადრადომ და ხედირამ გაიტანეს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიელთა ბანაკში შესანიშნავი განწყობაა და გუნდი ახლა ფორმის პიკში თუ არა, მასთან ახლოს მაინცაა.

დღევანდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო პიანიჩი და ბენატია ვერ ითამაშებენ, ტრავმირებულია ფედერიკო ბერნარდესკი, მარიო მანჯუკიჩსა და ალექს სანდროს კი მცირე დაზიანებები აქვთ, თუმცა შესაძლოა, მოედანზე მაინც ვიხილოთ.

მშვენიერ ხასიათზეა ზინედინ ზიდანის კოლექტივიც. „ბლანკოსმა“ ბოლო 5 შეხვედრა ზედიზედ მოიგო, უკანასკნელი 11 მატჩიდან კი გამარჯვებული 10-ჯერ გამოვიდა.

მადრიდელებმა შაბათს კანარის კუნძულებზე წაივარჯიშეს, როცა იქაურ „ლას პალმასს“ მარტივად, 3:0 მოუგეს. გარეტ ბეილმა დუბლი შეასრულა, ერთი ბურთი კი კარიმ ბენზემამ ჩაიწერა. სათქმელია, რომ ზიდანის ბიჭებმა 2 გოლი პენალტიდან შეაგდეს.

ცხადია, რომ „სამეფო კლუბი“ სათამაშო ტონუსს ინარჩუნებს, რაზეც უკანასკნელ 2 თამაშში („ჟირონასთან“ და „ლას პალმასთან“) ჯამურად გატანილი 9 გოლიც მეტყველებს.

ესპანელები ოპტიმალური შემადგენლობით არიან. ტრავმირებული მხოლოდ ნაჩოა, რომელიც ამ მოცემულობით, ძირითადში მაინც ვერ მოხვდებოდა.

უპიანიჩო ნახევარდაცვა და უბენატიო დაცვა VS უდანაკლისო „რეალი“

პიანიჩის არ ყოფნა ნიშნავს, რომ "ბებერი ქალბატონის" ნახევარდაცვა თავის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს კარგავს. სრულიად აშკარაა, როგორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ბოსნიელი, ალეგრის მონახაზში.

ბოლო პერიოდში ტურინელთა ნახევარდაცვას, პიანიჩთან ერთად, ხედირა და მატუიდი ამაგრებენ, რომლებიც დაცვითი ტიპის და ჩაშლაზე ორიენტირებული მოთამაშეები არიან. ასეთ დროს, შეტევების წამოწყება და პასების დარიგება, პიანიჩის ერთ-ერთი უმთავრესი პრეროგატივაა - კრეატივი, მოედნის ხედვა, პასის კულტურა და შეტევების განვითარების შესაძლო ვარიანტების ძიება - ეს ყველაფერი მთლიანად პიანიჩის კისერზეა. ჭკვიანი და მშრომელი ბალკანელი ძალიან ბევრს მოძრაობს და მას "იუვეს" ამჟაიმინდელი შუა ხაზის ტვინი სამართლიანად უწოდეს.

გარდა ამ ფუნქციებისა, პიანიჩი ჩაშლაშიც სერიოზულ როლს თამაშობს, რაზეც მისი სტატისტიკაც მიუთითებს - მირალემმა მიმდინარე სეზონში, მეტოქეებს ბურთი 183-ჯერ აართვა, ხოლო 44-ჯერ, მათი გადაცემები ჩაჭრა.

ცხადია, რომ პიანიჩი უდიდესი დანაკლისია, ალეგრის კი ორი ვარიანტი აქვს - 1) ტაქტიკის გადასხვაფერება და ორი საყრდენით თამაში; 2) თავისი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის მარკიზიოთი, ბენტანკურით ან სტურაროთი ჩანაცვლება. მარკიზიო ნაკლებად მობილური და ფიზიკურად არცთუ ძლიერია, შესაბამისად, იმ მოცულობის სამუშაოს ვერ შეასრულებს, რამდენსაც პიანიჩი აკეთებს. ბენტანკური ძალიან ახალგაზრდაა და მისი გამოყენება სარისკოა, რადგან არავინ იცის, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველების წინააღმდეგ თამაში როგორ გამოუვა. სტურარო ტიპიური დაცვითი საყრდენია. თუკი ის ძირითადში ხედირასთან და მატუიდისთან ერთად იქნება, „იუვეს“ შუახაზი ფიზიკურად ძალიან ძლიერი, მაგრამ ტექნიკურად სუსტი და ნაკლებად კრეატიული გახდება.

რაც შეეხება ბენატიას არ ყოფნას, იგი ძალიან კარგ სეზონს ატარებს და დაცვის ცენტრში კიელინის სტაბილურ და საიმედო მეწყვილედ ჩამოყალიბდა. მაროკოელს დამაჯერებლობა ეტყობა და მისი ერთ-ერთი მთავარი პლიუსი, ორთაბრძოლებში წარმატებით თამაშია.

ბენატიას გარეშე დარჩენილ კიელინის კი რუგანის ან 36 წლის ბარძალის შეუწყვილებენ. აქ ორი უკიდურესობაა - რუგანი ახალგაზრდა და ამ დონეზე შედარებით გამოუცდელია, ბარძალი კი კრიტიკულ ასაკშია და „ტოტენჰემის“ შემტევ ჰიონ-მინ სონის წინააღმდეგ ძალიან უჭირდა.

მადრიდელებს არაფერი ადარდებთ და ყველა საჭირო ფეხბურთელი ჯანმრთელად ჰყავთ. ზიდანმა იცის, რომ მის გუნდს ნახევარდაცვის ცენტრში უპირატესობა აქვს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ გამოყენება სჭირდება. მოდრიჩი-კროოსის ტანდემზე, ტრადიციულად, ბევრი იქნება დამოკიდებული. თუკი ისინი თამაშის „წაყვანას“ შეძლებენ, „იუვეს“ საქმე ერთიორად გაურთულდება.

მადრიდელებს სისწრაფე და შეტევის განვითარების სხვადასხვა ვარიანტები სჭირდებათ. რაც მალე და ეფექტურად აიტანენ ბურთს „იუვეს“ საჯარიმომდე, იტალიელებს თავდაცვა მით უფრო გაუჭირდებათ.

რონალუ-ბენზემას დუეტი, რასაც ოდნავ უკნიდან მოთამაშე ისკოს მრავალფეროვანი ტექნიკაც ემატება, ნებისმიერ წამს სახიფათოა და თუკი მათ სწრაფი შეტევების შემდეგ მომენტები ექნებათ, მეტოქის დაცვას ძალიან გაუჭირდება. გავიხსენოთ გასული სეზონის ფინალში რონალდუს მიერ გატანილი პირველი ბურთი, რომელიც ელვისებურ იერიშს მოჰყვა. ზიდანის სიტყვებია, რომ მან მაშინდელი „იუვეს“ სისუსტე შენიშნა, რაც კონტრშეტევებისას გუნდის დაცვის არაეფექტურ გადაწყობას გულისხმობდა. ტურინელთა მცველებს უჭირდათ, მეტოქეთა სწრაფი ლავირების პირობებში, პოზიციები ზუსტად დაეკავებინათ და კარი დაეცვათ. სრულიად მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ „იუვენტუსის“ დაცვა სტატიკური და პოზიციური შეტევებით ძალიან რთული გასარღვევია, სისწრაფისა კომბინაციის დროს კი...

შეიძლება იმის თქმაც, რომ „რეალს“ ფლანგებზე აქცენტი და სწრაფი გარემარბები გამოადგებოდა, რაც ზინედინ ზიდანმა ყველაზე კარგად იცის...

ტაქტიკა

ასეთი დონის მატჩში თითოეულ წვრილმანსა და დეტალს დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, ამიტომაც ყველაფერს ყურადღება მიექცევა.

„იუვენტუსს“ საკუთარი საჯარიმოდან მოშორებით თამაში სჭირდება, რა შემთხვევაშიც თავდაცვა გაცილებით მარტივი იქნება. შესაბამისად, საყრდენი ზონა სწრაფად და რაც მთავარია სწორად უნდა გადაეწყოს.

პიანიჩის გარეშე ბურთის დაჭერა რთული იქნება, რაც პაულო დიბალას ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს. არგენტინელმა ხშირად უნდა დაიხიოს და ბურთის განაწილება სცადოს. დუგლას კოშტას „რეალის“ დაცვის „გაწელვა“ და საკუთარი სისწრაფის გამოყენება მართებს. ბრაზილიელმა ბევრი უნდა იმოძრაოს და თუ თავად მაინცდამაინც ხშირად ვერ გაამწვავებს, ყურადღება მაინც მიიქციოს და შეტევის დაწყებაში თანაგუნდელებს დაეხმაროს.

მოდით, თავიდან მივყვეთ. კარში ჯიჯი ბუფონი დადგება, რომლის წინაც დიდი ალბათობით, დე შილიოს, ბარძალის, კიელინისა და ასამოას ვიხილავთ. დე შილიო ძალიან ძლიერი მცველია და ერთი-ერთზეც ფანტასტიურად თამაშობს, ერთი ეგაა, რომ შეტევებში არცთუ ეფექტური ჩართვა, უდიდეს მინუსად აქვს. მასიმილიანო ალეგრი, ალბათ მაინც ბარძალის გამოცდილებას დაეყრდნობა და მისი მხცოვანი საფეხბურთო ინტელექტის იმედად იქნება. კიელინიზე საუბარი არაა, იგი შეუცვლელია... თუკი ალექს სანდრო ვერ ითამაშებს, რაც სრულიად რეალურია, „იუვეს“ შეტევებს კიდევ ერთი კრეატიული ფეხბურთელი მოაკლდება. სანდროს ბრაზილიური ტექნიკა აქვს და იერიშებისას გაცილებით მრავალფეროვანი და მრავალმხრივია, ვიდრე - კვადვო ასამოა.

ნახევარდაცვა 3 კაციანი უნდა იყოს - ხედირა, მატუიდი, ბენტანკური. ურუგვაელი დიდი ტალანტია, მუდმივად მონდომებული და შემართულია და ალეგრის მისი ძირითადში დაყენება რისკად უღირს.

შეტევის მარჯვენა მხარეს დუგლას კოშტა მოგვევლინება, რომელიც ფლანგს ხშირად შეიცვლის. პაულო დიბალა ყველგან უნდა იყოს, როგორც ეს „ტოტენჰემთან“ საპასუხო მატჩის მეორე ტაიმში ხდებოდა. გონსალო იგუაინი კი ბევრს იმოძრავებს და ტურინელთა მაღალი პრესინგისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება. „პიპიტამ“ ზონები უნდა მონახოს და პერიოდულად, ბურთის მისაღებად, უკანაც დაიწიოს.

ზიდანის ფორმაციის „რეალს“ სწორება ბურთის დიდი ხნით ფლობაზე არასდროს ჰქონია. მადრიდელები ბასრი და მწვავე პასებით ითამაშებენ, რაშიც თავიანთი სისწრაფე და ტექნიკურობა დაეხმარებათ.

აუცილებელია, რომ ფლანგის მცველები წინ აქტიურად წავიდნენ, თანაც ამ კუთხით „ბლანკოსს“ შესამჩნევი უპირატესობა აქვს - მარსელო და კარვახალი ძალიან კარგად უტევენ, ხოლო დე შილიო და ასამოა ამ ასპექტში უდავოდ მოიკოჭლებენ...

უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ მოედნის ცენტრში „რეალს“ უპირატესობა ექნება, რაც დიდწილად კრეატივში გამოიხატება. ესპანელებმა ეს პლიუსი რაც შეიძლება კარგად უნდა გამოიყენონ, ეს კი მოდრიჩი-კროოსის დუეტზე იქნება დამოკიდებული.

მადრიდელთა კარში კეილორ ნავასს ვიხილავთ, დაცვაში კი - კარვახალს, ვარანს, რამოსსა და მარსელოს. დაცვის ფლანგების „ბონუს ფაქტორზე“ ქვემოთ ვთქვათ...

საყრდენად გამწესებული კაზემიროს სიახლოვეს, მოდრიჩი და კროოსი განლაგდებიან.

წინა ხაზზე მოქმედ რონალდუსა და ბენზემას, პარტნიორობას, დიდი ალბათობით, ბეილი გაუწევს, რომელიც ბოლო მატჩებში მშვენივრად გამოდის და დღითი დღე უმატებს.

ასევე განიხილება ისკოს ძირითადში დაყენებაც, რომელსაც ზიდანთან უთანხმოება აქვს, თუმცა მადრიდული გამოცემა AS-ი წერს, რომ ფრანგმა სპეციალისტმა, შესაძლოა, იგი სასტარტოში მაინც ათამაშოს. გამოცემას არგუმენტად ის მოჰყავს, რომ ისკომ გასული სეზონის ფინალში კარგად ითამაშა და "იუვეს" დაცვას მისი განეიტრალება უჭირდა.

თუკი მოედანზე ისკო იქნება, "რეალის" ტაქტიკა 4-3-1-2-ს დაემსგავსება და ასეთი გახდება:

„რეალის“ ბონუსი - ფლანგის მცველები... რატომ სჭირდებოდა „იუვეს“ მანჯუკიჩი?!..

როგორც სავარაუდო შემადგენლობიდან ჩანს, ალეგრი 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს, რაც ნიშნავს, რომ ტურინელთა შეტევის ერთ-ერთი ფლანგი ხშირ შემთხვევაში ვინგერის გარეშე დარჩება, მიზეზი მარტივია - პაულო დიბალა. დიახ, რადგანაც 3 შემტევისგან ერთ-ერთი დიბალაა და იგი უფრო გამთამაშებლის პოზიციაზე უნდა მოგვევლინოს და გუნდს ბურთის ამოტანაშიც დაეხმაროს. შესაბამისად, ის ფლანგს ხშირად მიატოვებს, რაც ესპანელთა განაპირა მცველებს შედარებით მეტ თავისუფლებას მისცემს.

„რეალისთვის“ ეს დიდი უპირატესობაა, რამეთუ მარსელო და კარვახალი წინ ბრწყინვალედ მიდიან. მათ თავისუფლება იმდენად ექნებათ, რამდენადაც „იუვეს“ შეტევების განვითარება მეტწილად ცენტრიდან მოუწევს, აქაც ყველაფერი იოლია - ფლანგის მცველები იმდენად ეფექტურად ვერ უტევენ, სუფთა ვინგერი კი მხოლოდ დუგლას კოშტა იქნება.

მანჯუკიჩის ფაქტორს ხაზი გავუსვით, რადგან ხორვატი დაცვას ნაყოფიერად ეხმარება, თანაც მეტოქის მცველს სულ დაძაბულობაში ამყოფებს და თავისუფლებას უზღუდავს. დიბალასა და დუგლას კოშტას კი მსგავსი მოცულობისა და სპეციფიკის სამუშაოს შესრულება, ხორვატივით ხარისხიანად ნამდვილად არ შეუძლიათ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტურინელთათვის ბეილზე არანაკლებ სახიფათო, სწორედ კარვახალი-მარსელოს დუეტი და მათი ფლანგური გარღვევები იქნება.

მსაჯი

მატჩის მთავარი არბიტრი 41 წლის თურქი ჩუნეთ ჩაქირი იქნება, რომელმაც ბოლო წლებში აშკარად მოუმატა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო რეფერად იქცა. ჩაქირი მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის მსაჯებს შორისაც დაასახელეს.

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

ასევე იხილეთ - ალეგრის მაგია - 4 წუთში მოგებული თამაში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები