ვაისის სტილი - ტაქტიკა, რომელიც შედეგს, ხარისხსა და სანახაობას განაპირობებს
Aa
Aa

ვაისის სტილი - ტაქტიკა, რომელიც შედეგს, ხარისხსა და სანახაობას განაპირობებს

საქართველოს ნაკრებმა 2018 წელი ბევრისთვის მოულოდნელად დაიწყო. 2 გამარჯვება, გატანილი 6 გოლი და მშრალად შენახული კარი.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ლიტვას 4:0, ხოლო ესტონეთს 2:0 სძლია და გულშემატკივრებს ევროპის ერთა ლიგის წინ იმედი ჩაუსახა.

რასაც არ ველოდით, მაგრამ მისი ნახვა ყველას გვსურდა

ეს არ იყო უბრალოდ ორი მოგებული ამხანაგური მატჩი, ამ შეხვედრებში ბევრი ნიუანსი გამოჩნდა, რომლებმაც ნაკრების წარმატებული თამაში განაპირობა და ოპტიმიზმის საფუძველი მოგვცა.

ქართველ ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა ეტყობოდათ და რაც მთავარია, გუნდი ფიზიკურად შესანიშნავად იყო მომზადებული.

ვლადიმირ ვაისი, რომ ძლიერი სპეციალისტია ეს მისი კარიერიდანაც კარგად ჩანს. ქართველ ფეხბურთელებს, რომ ნიჭი აქვთ ესეც ვიცით. უმთავრესი პრობლემა ყოველთვის დისციპლინა და ფიზმომზადება იყო.

ვაისმა გუნდში კარგი გარემო შექმნა. ფეხბურთელები ერთ ოჯახად აქცია.

ქართველმა ფეხბურთელებმა ორივე შეხვედრაში 90 წუთი ისე ითამაშეს, რომ დაღლა არ ეტყობოდათ. ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეების აბსოლუტურ უმრავლესობას თავიანთ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა და მოედანზე ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა. ამ ფაქტმა კი გავლენა არა მხოლოდ შედეგზე მოახდინა, არამედ ხარისხსა და სანახაობრივ მხარეზეც.

ტაქტიკა, რომელიც შედეგს, ხარისხსა და სანახაობას განაპირობებს

ვაისმა საკმაოდ შემტევი შემადგენლობა აირჩია და აქცენტი ბურთის ფლობაზე გააკეთა.

ბოლო წლებში, ჩვენი ნაკრებისთვის ლიტვაც და ესტონეთიც საკმაოდ უხერხული მეტოქეები იყვნენ და მათ დამარცხებას ვერ ვახერხებდით.

ესტონელებთან შეხვედრაში ვლადიმერ ვაისმა შემადგენლობა გადაახალისა და თამაშის შანსი ყველას მისცა. აი ლიტვასთან ჩვენ სრული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრები ვნახეთ, რომელიც მართლაც სასიამოვნო საცქერი იყო.

უდაოდ სასიამოვნო ფაქტია, რომ ჩვენი დაცვის ხაზი უკვე ჩამოყალიბებულია, შეთამაშებულია და როტაცია მას არ უწევს. კაკაბაძე, კვერკველია, კაშია და ნავალოვსკი თავიანთ საქმეს თავს ბრწყინვალედ ართმევენ.

ნახევარდაცვის ცენტრში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რაც სასიამოვნო და აუცილებელია. კანკავა, გვილია, კვეკვესკირი, ანანიძე, აბურჯანია - თუ, ეს მოთამაშეები მწყობრში არიან, ვაისს თამამად შეუძლია, რომ აქცენტი ბურთის ფლობაზე გააკეთოს.

ნახევარდაცვის შეტევის ხაზი ხსენებულ შეხვედრებში საკმაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა და ამაში მწვრთნელის როლი უდიდესია.

ლიტვასთან შეხვედრაში ვაისმა მოედნის ცენტრი კანკავა-გვილია-ანანიძის ტრიოს ანდო, თუმცა ჯანომ მალევე ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად გიორგი პაპუნაშვილი შემოვიდა, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

ნაკრებში ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც თავისი ნიჭი კიდევ ერთხელ გვანახა.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე გიორგი ქვილითაიამ ისე ითამაშა, როგორც ნამდვილ 9 ნომერს შეეფერება. ნახევარმცველეთან მარტივად კომბინირებდა, ორთაბრძოლებს იგებდა და საჯარიმოში აქტიური იყო.

ვაისის ტაქტიკური მონახაზი ერთი შეხედვით 4-2-3-1 იყო, მაგრამ მოედანზე მყოფი მოთამაშეების დიდი ნაწილი უნივერსალიზმით გამოირჩეოდა და ამ ფაქტორმა მწვრთნელს გაცილებით მეტი თავისუფლება მისცა.

ყველაზე საინტერესო სწორედ ეს გახლდათ - საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს პიველივე წუთებიდანვე აგრძნობინა, რომ მას საკუთარ საჯარიმოში ამოკეტვა მოუწევდა.

ბოლოს როდის ჰქონდა ჩვენს ნაკრებს ამ დონის უპირატესობა? რთული სათქმელია. ეს იყო ტოტალური კონტროლი და სრული დომინირება.

ვაისი გუნდი შეტევაში 7-8 ფეხბურთელით გადადიოდა და უპირატესობასაც სწორედ ეს ქმნიდა. მატჩის დიდი ნაწილი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს გავატარეთ და კარის მშრალად შენახვაც სწორედ ამის დამსახურებაა.

ვაისმა კაკაბაძეს მთელი ფლანგის კონტროლი დაავალა და მანაც ყველაფერი იდეალურად შეასრულა. ამ ფაქტმა, პაპუნაშვილს მოედნის ცენტრში თამაშის საშუალება მისცა, რამაც ჩვენი უპირატესობა საგრძნობლად გაზარდა.

საქართველოს ნაკრები ცენტრიდან ორ ეშელონად უტევდა - კანკავა-გვილიას დუეტი ცენტრს იჭერდა და მეტოქეს კონტრშეტევის საშუალებას არ აძლევდა. ყაზაიშვილი და პაპუნაშვილი კი მეტოქის მცველებზე ზეწოლას ახდენდნენ.

საინტერესო იყო ჩაკვეტაძის თამაშიც, რომელიც ძირითადად მარცხენა ფრთაზე მოქმედებდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის ცენტრში შემოდიოდა, მის ადგილს ფლანგზე ნავალოვსკი იკავებდა და ჩვენი უპირატესობაც იზრდებოდა.

ვაისის ტაქტიკა რეალურად ასე გამოიყურებოდა და მისი გეგმაც სწორედ ეს იყო. უნივერსალი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული შემადგენლობა, რომელსაც მახვილგონივრული გადაწყვეტილებების მიღება ეხერხება.

ნამდვილი შედევრი იყო პირველი გოლი, რომელშიც 7 მოთამაშე მონაწილეობდა. ლიტველები კი თავს 9 კაცით იცავდნენ.

ჭკვიანურმა და სწრაფმა გადაწყვეტილებებმა ლიტველთა "ავტობუსი" მარტივ მამრავლებად დაშალა.

ამ შეტევის დროს ჩაკვეტაძე-ყაზაიშვილი-პაპუნაშვილის ტრიო მოედნის ცენტრში იმყოფებოდა და მათ მოქმედება სიღრმიდან დაიწყეს. ფლანგებს ნავალოვსკი-კაკაბაძე აკონტროლებდა. საჯარიმოში ქვილითაიასთან ერთად შეიჭრა ვაკო გვილიაც, რომელიც ამგვარ გადაწყვეტილებებს ხშირად იღებს და ეს სწორიცაა, რადგან ასეთ დროს მეტოქე გუნდის დაცვა კიდევ უფრო უკან იწევს.

პაპუნაშვილმა ჩაკვეტაძეს გადაცემა გაუკეთა და თავად საჯარიმოსკენ დაიძრა, რადგან წინასწარ იცოდა, თუ რა სცენარით განვითარდებოდა შეტევა და თავის შანსს დაელოდა, რომელიც საბოლოოდ მიიღო კიდეც.

შესანიშნავი იყო ჩაკვეტაძის გოლიც. მართალია ნაკრების დებიუტანტმა ყველაფერი იდეალურად შეასრულა, მაგრამ თანაგუნდელების დამსახურებაც დიდია.

აუტის მოწოდების შემდეგ ვაისის შეგირდებმა ლიტველთა პრესინგს თავი მარტივად 2 გადაცემით დააღწიეს. შეტევაში ტრადიციულად კარგად იმოქმედა გვილიამ, რომელიც მეტოქის შეცდომას ჭკვიანურად დაელოდა და ჩაკვეტაძეს ბურთი იდეალურ სიტუაციაში გადააწოდა, რომელმაც დიდოსტატურად იმოქმედა და შედევრი შექმნა.

ის რაც გვაქვს და შეგვიძლია გავაუმჯობესოთ

საქართველოს ნაკრებს არასდროს აკლდა ინდივიდუალისტები. შეიძლება ჩვენი დონის, ან უფრო სუსტ მეტოქესთან სამარცხვინოდ წაგვეგო, მაგრამ ლამაზად თამაში და შესანიშნავი გოლების გატანა მუდამ გამოგვდიოდა.

ქართველ ფეხბურთელებს ტექნიკა გენში აქვთ. ეს არსენალი დისციპლინის, უკეთესი ფიზმომზადებისა და სწორი ტაქტიკის შემთხვევაში გაცილებით ეფექტური გახდება.

სასიამოვნო სიახლე - მის გარეშე შედეგზე ფიქრი წარმოუდგენელია

სათამაშო დისციპლინასთან ერთად საქართველოს ნაკრებს ყოველთვის აკლდა ფიზმომზადება, რაც საბოლოო შედეგზე პირდაპირ ისახებოდა.

რა თქმა უნდა, ვაისი სასწაულმოქმედი არ არის და ერთ კვირიანი შეკრების დროს ფეხბურთელებს ფიზიკურად შესაბამის დონეზე ვერ მოამზადებს. ეს კლუბებზეა დამოკიდებული, რომლებშიც ჩვენი მოთამაშეები გამოდიან.

სათამაშო პრაქტიკის გარეშე წარმატებას ვერანაირ დონეზე ვერ მიაღწევ. შედეგი კი გექნება ის, რასაც ჩვენ ბოლო წლებში ვხედავდით.

ლიტვასთან და ესტონეთთან მატჩებისთვის, ნაკრების ყველა მოთამაშე ფიზიკურად 100%-ით იყო მზად და ეს, უდაოდ იშვიათი შემთხვევა გახლავთ.

ჩვენი ბიჭების ნიჭიერებასა და კრეატიულობაზე ზემოთ ვისაუბრეთ. რამდენს ნიშნავს, როდესაც ამ ყველაფერს ფიზმომზადებაც ემატება.

 ესტონეთთან მატჩის ბოლო წუთებზე ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა. საქართველოს ნაკრებმა 90-ე წუთს შემდეგ პრესინგის შედეგად ორი სწრაფი და ლამაზი შეტევა განახორციელა.

რა პრობლემა გვაქვს?

მომენტების რეალიზება არის მთავარი პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შექმნილი საგოლე მომენტები ქარს გავატანოთ.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ვაისმაც სწორედ ეს აღნიშნა, რომ გუნდის მთავარი პრობლემა დამაგვირგვინებელ ფაზაში ნაკლებად ეფექტურობაა.

სამწვრთნელო შტაბს ამაზე სერიოზული მუშაობა მოუწევს.

დასკვნა

ვლადიმერ ვაისს საქართველოს ნაკრებთან ერთად ბევრი მატჩი არ აქვს მოგებული და არც მისი ბალანსია დადებითი. მეტიც - ჯერჯერობით სლოვაკ სპეციალისტს ოფიციალური შეხვედრა არ მოუგია - 10 მატჩი, 5 ფრე, 5 მარცხი.

ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს შედეგის მოთხოვნასაც ეხება. ფეხბურთის ფედერაციამ უდაოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ვაისს ენდო და ერთა ლიგაზე გუნდს ის უხელმძღვანელებს, სადაც მას შედეგსაც მოთხოვენ.

ვაისმა სწორი მიმართულებით იმუშავა. თავდაპირველად, მან ტაქტიკურ მონახაზს მიხედა და გუნდი პრაგმატული 5 მცველიანი სქემიდან, მოხდენილ 4-2-3-1-ზე გადაიყვანა.

მოთამაშეებზე სწორი არჩევანი გააკეთა. გუნდს ბურთის კონტროლი და მაღალი პრესინგის თამაში დააწყებინა.

ფეხბურთელებმა ბოლო წლებში დაგროვილი ფსიქოლოგიური წნეხი მოიხსნეს და უფრო ლაღად ათამაშდნენ.

ვაისმა გუნდს უმთავრესი რამ ასწავლა - ჩვენი დონის ნაკრებებთან გამარჯვება, ეს არის ის პრობლემა, რომელიც მუდამ გვქონდა.

ჩვენს ნაკრებს არ სჭირდება საფრანგეთთან ფრე, ან ხორვატიასთან მოგება და შემდეგ მოსაგები მატჩის წაგება. გუნდი საკუთარი დონის მეტოქეებს სტაბილურად უნდა ამარცხებდეს და ამის შემდეგ გრანდებთან ჭიდილზე დაფიქრებაც შეიძლება.

ამ ეტაპზე, უკვე შედეგზე ფიქრი და მისი მოთხოვნაც შეგვიძლია.

მარტის შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ვლადიმერ ვაისის გუნდს წარმატებაზე ფიქრი შეუძლია და ამისთვის ორი რამ არის საჭირო: 1) ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ უნდა განიცდიდნენ. 2) ტრავმები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს ყოველთვის პრობლემებს უქმნის. თუ, ყველა სასურველი მოთამაშე მწყობრში იქნება, ნაკრებს გაცილებით მეტის მიღწევაც შეუძლია.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები