სტივენსმა აზარენკა დაამარცხა და ფინალში ოსტაპენკოს შეხვდება
Aa
Aa

სტივენსმა აზარენკა დაამარცხა და ფინალში ოსტაპენკოს შეხვდება

მაიამის მასტერსზე, ქალთა შორის ჩატარებულმა 1/2 ფინალურმა მატჩებმა, ფინალისტების ვინაობა გამოავლინა.

შესანიშნავ სვლას აგრძელებს ამერიკელი სლოუნ სტივენსი, რომელმაც ამჯერად ვიქტორია აზარენკა დაამარცხა.

პირველი პარტია გამოცდილმა ბელარუსმა 6:3-ზე აიღო და მეორე სეტშიც 2:0 დაწინაურდა. აქედან მოყოლებული სტივენსმა ზედიზედ 10 გეიმი მოიგო, შესაბამისად მეორე სეტი 6:2 დასრულდა, ხოლო მესამეში ანგარიში 4:0 გახდა. აზარენკამ პრესტიჟის გეიმი აიღო, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ ამ ეტაპზე გაცილებით უკეთესად სტივენსია მომზადებული - 3:6 6:2 6:1.

დღის მეორე შეხვედრაში ფავორიტად შერაცხულმა ელენა ოსტაპენკომ, 1/2 ფინალში მოულოდნელად გასული ამერიკელი დანიელე როუზ კოლინზი დაჯაბნა - 7:6 6:3.

ლატვიელი პირველ სეტში 5:6-ს ბრეიკით აგებდა და კოლინზს საკუთარ ჩაწოდებაზე სეტ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა მაინც ოსტაპენკომ თქვა, ტაიბრეიკამდე მივიდა და იქ მეტოქეს მხოლოდ 1 ქულა დაუთმო.

მეორე სეტში ახალგაზრდა ბალტიისპირელის უპირატესობა სრულიად თვალსაჩინო იყო. მან ბრეიკი პირველსავე გეიმში შეასრულა, თავის მოწოდებაზე კი პრობლემა არ ჰქონია, საბოლოოდ - 7:6 6:3.

გასული სეზონის „როლან გაროსისა“ და „ამერიკის ღია პირველობის“ გამარჯვებულების, ოსტაპენკოსა და სტივენსის ფინალური მატჩი, ხვალ, თბილისის დროით 21 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები