ყველა დროის 20 თინეიჯერი სუპერვარსკვლავი
Aa
Aa

ყველა დროის 20 თინეიჯერი სუპერვარსკვლავი

ჯორჯ ბესტი

ჯორჯ ბესტს „მანჩესტერის“ რიგებში ინგლისის ჩემპიონობა უკვე მოპოვებული ჰქონდა მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი იგი "ჩემპიონთა თასზე" (ახლანდელი "ჩემპიონთა ლიგა") „ბენფიკასთან“ დაპირისპირების შემდეგ გახდა. პორტუგალიელებთან მან კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ზედმეტსახელი „მეხუთე ბიტლიც“ სწორედ ამ მატჩის შემდეგ შეიძინა.

ბესტი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესი ფეხბურთელია და სამწუხაროა, რომ მან თამაში 27 წლის ასაკში დაასრულა. არავინ იცის, რა კარიერა ელოდა ჯორჯს, რომ არა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები. „მე უდავოდ ნიჭიერი დავიბადე, მაგრამ მასთან ერთად საუკეთესოობის სურვილიც დამყვა, რომელიც სამწუხაროდ სტადიონის გარეთაც ვრცელდებოდა“.

ჯანლუიჯი ბუფონი

ბუფონმა ვარსკლავური სტატუსის მოპოვება და გულშემატკივართა გულების დაპყრობა, პირველსავე შეხვედრაში მოახერხა.

1995 წელს 17 წლის მეკარემ „პარმაში“ დებიუტი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდ „მილანთან“ საოცარი თამაშით აღნიშნა და "როსონერისთან" ქულის მოპოვებაში უდიდესი როლი შეასრულა - 0:0.

40 წლის იტალიელი დღემდე მოწოდების სიმაღლეზეა. „იუვეს“ კიპერმა კარიერის დასრულება 1 წლით გადადო, რაც გასაკვირი საერთოდ არაა: “საკუთარი ოცნებების მიღწევისთვის ბრძოლა 12 წლის ასაკში დავიწყე და იქამდე გაავგრძელებ, სანამ ამის საშუალებას ჩემი ფიზიკური კონდიციები და გული მომცემს“.

იოჰან კრუიფი

იოჰან კრუიფი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშეა, არავის შეუცვლია, როგორც ფეხბურთელს, ასევე მწვრთნელს, ფეხბურთი ისე, როგორც ეს კრუიფმა გააკეთა.

„მფრინავი ჰოლანდიელი“ „აიაქსში“ 17 წლის ასაკში მოხვდა, ლეგენდარული მწვრთნელი ვიკ ბუქინგემი იხსენებს: “17 წლის ბიჭი ჩვენ თამაშს გვასწავლოდა, ის გუნდში მოსვლისას საფეხბურთო თვალსაზრისით სრულიად ჩამოყალიბებული მოთამაშე იყო. ღმერთს თუ საფეხბურთო სამყაროსთვის რამე უჩუქებია, ეს ნამდვილად იოჰან კრუიფია“.

დანკან ედვარდსი

დანკან ედვარდსის „მანჩესტერის“ რიგებში დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა. იგი ქომაგების საყვარელი მოთამაშე და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო. სამწუხაროდ, ედვარდსი 21 წლის ასაკში მიუნხენის ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

საფეხბურთო სამყარომ ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი დაკარგა. მის გენიალურობას იდეალურად ლეგენდარული მწვრთნელის - ტომი დოქერტის სიტყვები აღწერს: “ჯორჯ ბესტი საფეხბურთო სამყაროში ისეთი განსაკუთრებული მოვლენა იყო, როგორც პელე და მარადონა. მაგრამ ჩემი აზრით, დანკანი ნიჭითა და შესაძლებლობებით ყველა მათგანს აღემატებოდა“.

ეუსებიო

როცა "ბენფიკამ" მისი გადაბირება გადაწყვიტა,18 წლის ეუსებიო ლისაბონის „სპორტინგის აკადემიაში ასპარეზობდა.

ლეგენდარულმა „შავმა პანტერამ“ ყველანაირი მოლოდინი გაამართლა და „არწივებს“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი - "ჩემპიონთა თასი" მოაპოვებინა.

პორტუგალიის ნაკრები მისი მეთაურობით 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე გავიდა. ეუსებიომ კი საყოველთაო მოწონება მაშინ დაიმსახურა, როდესაც დადებითი სპორტული თვისებები გამოავლინა და „იუნაიტედის“ მეკარე ალექს სტეპნის საოცარი სეივის განხორციელება მიულოცა.

ეუსებიო 2014 წელს გარდაიცვალა, სერ ბობი ჩარლტონმა ლეგენდარული პორტუგალიელი პატივისცემით გააცილა და განაცხადა: “ვამაყობ, რომ მისი მეგობარი და მოწინააღმდეგე ვიყავი“.

პაულუ ფუტრე

პაულუ ფუტრეს „სპორტინგში" დებიუტი 17 წლის ასაკში შედგა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ფინანსური გაუგებრობის გამო, იგი ლისაბონური კლუბიდან წავიდა და  კონტრაქტი „პორტუსთან“ გააფორმა.

მარცხენა ვინგერმა „დრაკონებთან“ ერთად ლიგის ტიტული ორჯერ მოიგო, ყველასთვის საყვარელ ფეხბურთელად კი 1987 წლის "ჩემმპიონთა თასის" ფინალში „ბაიერნის“ წინააღმდეგ იქცა, როდესაც 21 წლის ასაკში კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

ფუტრეს პოტენციალის სრულად გამოვლენაში ხელი ტრამვებმა შეუშალა. მიუხედავად ამისა, იგი პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა.

პატრიკ კლუივერტი

პატრიკ კლუივერტის აღმასვლა მაშინ დაიწყო, როცა 18 წლის ჰოლანდიელმა 1995 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში, „აიაქსის“ მაისურით მოქმედ ჩემპიონ „მილანს“, გამარჯვების გოლი გაუტანა.

საინტერესოა, რომ პატრიკმა მშობლიური გუნდიდან სწორედ „მილანს“ მიაშურა, რომლის რიგებშიც სერიოზული წარმატება არ ჰქონია. საკუთარი თავი მან „ბარსელონაში“ მონახა, რომელთან ერთადაც 1999 წელს "ლა ლიგის" ტიტული მოიგო.

მიქაელ ლაუდრუპი

ანდრეს ინიესტას ერთხელ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს. ლეგენდარულმა ესპანელმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მხოლოდ 2 სიტყვა თქვა - მიქაელ ლაუდრუპი.

დანიელის ვარსკლავური კარიერა „ბრონდბიუში“ დაიწყო, 1985 წელს კი იგი „იუვენტუსში“ გადავიდა.

საფრანგეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე, 20 წლის ლაუდრუპმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და ვარსკლავის სტატუსი ახალაზრდულ ასაკში მოიხვეჭა.

სამწუხაროდ, იტალიაში მიქაელმა საკუთარი თავი ვერ გამოავლინა. თუმცა „ბარსაში“ გადასვლის შემდეგ, სწორედ ის თამაში აჩვენა, რის გამოც იგი უყვარდათ. ლაუდრუპმა კატალონიელთა რიგებში 4-ჯერ ზედიზედ "ლა ლიგა" და ერთხელ "ჩემპიონთა თასი" მოიგო.

დანიელი ვარსკვლავი "ბარსელონადან" მადრიდის „რეალში“ გადაბარდგა და პირველივე სეზონში ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა.

პაოლო მალდინი

"მილანის" დიდი კაპიტანი, ფრანკო ბარეზი იხსენებს: „პაოლო გუნდში იმდენად პატარა ასაკში მოვიდა, მისთვის რჩევების მიცემა გადავწყვიტე, მაგრამ მივხვდი, რომ მას ეს არაფერში სჭირდებოდა. იგი უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშე და გენიალური მცველი იყო“.

ლეგენდარული იტალიელის „მილანში" დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა. 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე მალდინი ნაკრების სასტარტო შემადგენლობის წევრი და საკლუბო დონეზე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი ხაზის წარმომადგენელი იყო.

მალდინიმ "ჩემპიონთა თასი" ("ჩემპიონთა ლიგა") 5-ჯერ მოიგო და ადგილი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულშიც დაიმკვიდრა.

დიეგო მარადონა

მარადონამ პროფესიონალურ დონეზე პირველად "არგენტინოს ხუნიორსის" ფორმით, 16 წლის ასაკში ითამაშა.

ლეგენდარული არგენტინელი განსაკუთრებით 1979 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოირჩა. „იგი პატარა ბავშვი იყო, მაგრამ ვარჯიშზე, როგორც ჩამოყალიბებული ვარსკლავი ისე თამაშობდა. ის უბრალოდ უცხოპლანეტელია“. იხსენებს ფრანჩისკო კორნეხო.

მარადონა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების უდავო ლიდერი იყო და ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიოს უმთავრესი ტურნირის მოგება შეძლო, მოგვიანებით კი "ნაპოლის" იტალიის სერია A-სა და "უეფას თასის" მოგებაში უდიდესი დახმარება გაუწია.

სტენლი მეტიუზი

სასკოლო გუნდში მოხდენილი ფურორის შემდეგ, მეტიუზის გადაბირებისთვის თითქმის ყველა ინგლისური გუნდი იბრძოდა. საბოლოოდ, 15 წლის ასაკში სტენლიმ კონტრაქტი „სტოკთან“ გააფორმა. 2 წლის შემდეგ  კი მისი ოფიციალური დებიუტიც შედგა.

მეტიუზის კარიერა 33 წელს გაგრძელდა და ფეხბურთს თავი 50 წლის ასაკში დაანება. ლეგენდარული ბილ კლოუ იხსენებს: „მე ისეთ ეპოქაში გავიზარდე, რომელშიც სტენლი ღმერთად მიაჩნდათ. იგი ნამდვილი ჯენლტმენი იყო და ვფიქრობ, მის მსგავს მოთამაშეს ვეღარასდროს ვიხილავთ“.

სტენლი პირველი მოთამაშე იყო, რომელმაც  ფეხბურთში ყველაზე ძვირფასი ინდივიდუალური ჯილდო, "ოქროს ბურთი" მოიგო.  ეს 1956 წელს მოხდა, როცა ინგლისელმა ვარსკვლავმა გამოკითხვაში  მსოფლიოს მაშინდელი უძლიერესი გუნდის, მადრიდის "რეალის" 2 სუპერფეხბურთელი - ალფრედო დი სტეფანო და რაიმონდ კოპა ჩამოიტოვა.

ლიონელ მესი

როდესაც 17 წლის ასაკში ლეომ „ბარსაში“ თავისი პირველი გოლი „ალბასეტეს“ კარში გაიტანა, ცოტა თუ იფიქრებდა, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოგვევლინებოდა.

21 წლის ასაკში, მესიმ "ოქროს ბურთი" პირველად მოიგო, რასაც შემდეგ კიდევ 4 მიაყოლა. დღესდღეობით ლეო ბევრისთვის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ერთხელ ხავიერ მასკერანომ განაცხადა: „ჩვენ ყველას ფეხბურთი გვაკონტროლებს, მესი კი თამაშს თავად მართავს“.

მაიკლ ოუენი

ოუენი „ლივერპულში“ 1997 წელს მივიდა. 17 წლის ინგლისელის თამაშით, გერმანელი ვარსკლავი კარლ-ჰაინც რიდლე მაშინვე აღფრთოვანდა: “ოუენი საოცარი ფეხბურთელია, ვუყურებ მის თამაშს და ვერ ვიჯერებ, რომ ეს ბიჭი მხოლოდ 17 წლისაა. ის უკვე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, დროის გასვლის შემდეგ, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ჩამოყალიბდება“.

ოუენმა 1997-98 წლების სეზონში „ლივერპულის“ რიგებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მუნდიალზე არგენტინის წინააღმდეგ გატანილი ბურთი იყო.

მაიკლმა 2001 წელს "ოქროს ბურთი" მოიგო, თუმცა, სამწუხაროდ, ტრამვების გამო, მან პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა ვერ მოახერხა.

პელე

ფეხბურთის მეფედ წოდებული პელე, 1958 წლის მუნდიალამდე მსოფლიოსთვის ნაკლებად ცნობილი იყო, თუმცა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მან სუპერვარსკლავის სტატუსი მოიპოვა.

17 წლის შემტევმა, რომელმაც მუნდიალი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მეოთხედფინალში უელსის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა, ნახევარფინალში საფრანგეთთან ჰეთ-რიკი შეასრულა და ფინალში ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოლი, შვედეთის ნაკრებს გაუტანა.

„სელესაოსთან“ ერთად პელემ მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ ორჯერ მოიგო და კარიერა 1000-ზე მეტი გატანილი გოლით დაასრულა.

რაული

„მადრიდის ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ხესუს ხილმა ერთხელ განაცხადა: “შეხედეთ ჩემი ახალგაზრდული გუნდის კაპიტანს, ეს 14 წლის რაულია, დაიმახსოვრეთ მისი სახელი, იგი აუცილებლად დიდი ფეხბურთელი გახდება“.

როდესაც ხილმა „როხობლანკოს“ 2 ახალგაზრდული გუნდის გარდა ყველა გააუქმა, ბევრი ტალანტი კლუბის გარეშე დარჩა, მათ შორის რაულიც.

ესპანელი მაშინვე „ატლეტიკოს“ მოსისხლე მტერმა, „რეალმა“ გაიფორმა. 17 წლის ასაკში ლეგენდარული თავმდასხმელი „ბლანკოსის“ მთავარ გუნდში აღმოჩნდა და მალევე „სანტიაგო ბერნაბეუს“ პუბლიკის საყვარელ მოთამაშედ იქცა.

ჯანი რივერა

ჯანი რივერა იტალიური ფეხბურთის „ოქროს ბიჭუნაა“. გამხდარმა შემტევმა ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა თავის მშობლიური ქალაქის გუნდ „ალესანდრიაში“ დაიწო. „მილანში“ კი ერთი წლის შემდეგ, სარეკორდო თანხის სანაცვლოდ გადავიდა.

ლეგენდარულმა ჯუზეპე მეაცამ მისი თამაშის ხილვისგან მიღებული აღტაცება ვერ დამალა: „იგი ახალგაზრდა, ელეგანტური ფეხბურთელია, რომელიც ბურთს შესანიშნავად გრძნობს“.

რივერას მისი აღნაგობის და სისწრაფის ნაკლებობის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა „როსონერის“ შემადგენლობაში მან "ჩემპიონთა თასი" ორჯერ მოიგო იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა და 1969 წელს "ოქროს ბურთი" დაისაკუთრა.

კრიშტიანუ რონალდუ

„მანჩესტერი“ „სპორტინგთან“ ამხანაგური მატჩის შემდეგ, რონალდუს თამაშით იმდენად მოიხიბლა, რომ თინეიჯერი ტალანტის ტრანსფერი რამდენიმე თვეში დახურა.

„ოლდ ტრაფორდზე“ პორტუგალიელის დებიუტი 18 წლის ასაკში შედგა და მალევე „იუნაიტედის“ ქომაგების საყვარელ მოთამაშედ იქცა.

კრიშტიანუს ტალანტი ჯორჯ ბესტმაც დააფასა და განაცხადა: „წლების განმავლობაში ჩემთვის ბევრი ფეხბურთელი შეუდარებიათ, მაგრამ პირველად ხდება, როდესაც მსგავს შედარებას კომპლიმენტად ვიღებ“.

რონალდუ უდავოდ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია. მან "ჩემპიონთა ლიგა" ოთხჯერ მოიგო, "ოქროს ბურთი" ხუთჯერ დაისაკუთრა, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

უეინ რუნი

უეინ რუნიმ პრემიერლიგაში „ევერტონის“ შემადგენლობაში თავის გამოჩენა რამდენჯერმე მოახერხა. თუმცა მისი ვარსკლავური სტატუსი მოქმედ ჩემპიონ „არსენალთან“ გამარჯვების მომტანი გოლის შემდეგი დაიბადა.

უეინმა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყო და საწყის მატჩებში 4 გოლის გატანაც მოახერხა, შემდეგ კი, სამწუხაროდ, ტრამვამ ჩემპიონატის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

ინგლისის ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა, სვენ-გორან ერიქსონმა განაცხადა: “ფეხბურთის ისტორიაში პელეს გარდა არავინ მახსენდება, რომელმაც საკუთარი ნაკრების თამაშზე ასეთი გავლენა მოახდინა“.

რიგ მიზეზთა გამო, რუნის მსგავსი წარმატება არასდროს გაუმეორებია, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად იქცა, თანაც სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამხო. რეკორდის დამამყარებელი გოლის გატანისას, ჩარლტონი ტრიბუნაზე იჯდა და რუნი ღიმილიანი სახით, აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

შარშან უეინ რუნი მშობლიურ გუნდ „ევერტონს“ დაუბრუნდა.

რონალდო

კრუზეიროში ყოფნის პერიოდში,  ბრაზილიელი ტალანტი იმდენად დიდ ფეხბურთელად მიიჩნეოდა, რომ მიუხედავად გამოუცდელობისა (რონალდომ მხოლოდ 14 შეხვედრა ჩაატარა), იგი 1994 წელს, 17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანეს.

ამერიკაში „კიჭას“ არცერთ მატჩში არ უთამაშია, თუმცა 1998 წლიდან დაიწყო და მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თუმცა მისი 15 გოლიანი ნიშნული, 2014 წლის მუნდიალზე მიროსლავ კლოზემ გადაფარა.

მიუხედავად გარკვეული ჩავარდნებისა, რომლებიც დიდწილად ტრავმებს უკავშირდებოდა, რონალდო ბევრისთვის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო 9 ნომერია.

მას საუკეთესოდ თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩიც თვლის: “მიმაჩნია, რომ იგი ისტორიაში ყველაზე ძლიერი მოთამაშეა, არ მახსენდება არავინ, ვინც მას რამით მაინც ჰგავდა“.

ფრანჩესკო ტოტი

„რომას“ ლეგენდის ამ გუნდში დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა. 1998-ში, 22 წლის ტოტი „სერია ა“-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტნად იქცა, ხოლო 2001-ში "სკუდეტოც" მოიგო.

ტოტიმ კარიერა 40 წლის ასაკში დაასრულა, მან იტალიის ნაკრებთან ერთად 2006 წელს მუნდიალი მოიგო, „სერია ა“-ში გატანილი გოლების რაოდენობით კი მხოლოდ ამ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ სილვიო პიოლას ჩამორჩება.

მესი ფრანჩესკოს ფენომენალურ ფეხბურთელს უწოდებს, ხოლო ტოტის ყოფილი თანაგუნდელი იონ არნე რიისე, "პუპონეს" ალბათ ყველაზე კარგად ახასიათებს - "რომის ღმერთი".

ცხელი ამბები