10 ვარსკვლავი, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება
Aa
Aa

10 ვარსკვლავი, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება

2017/2018 წლების სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის და მის დასრულებამდე სულ მცირე დრო რჩება.

მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატი ბევრ ახალ სახეს გამოაჩენს და გრანდები მათზე ნადირობას მუნდიალის დასრულებისთანავე დაიწყებენ.

ახალ სახეებამდე კი გთავაზობთ ძველ, გამოცდილ და უკვე შემდგარ ვარსკვლავებს, რომლებსაც თავიანთ კლუბებთან კონტრაქტები ეწურებათ და ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან.

ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს:

შტეფან დე ვრაი (ლაციო)

რომაელთა 26 წლის ჰოლანდიელ ცენტრალურ მცველს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თვისუფალი აგენტი ხდება.

დე ვრაის მსურველები ნამდვილად არ აკლია და ახალ გუნდსაც მარტივად მოძებნის. მის მიმართ ინტერესს „ინტერი“ და „მილანი“ იჩენენ.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი „ლაციოს“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 107 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ემრე ჯანი (ლივერპული)

„ლივერპულის“ 26 წლის გერმანელი ნახევარმცველი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.

ემრე ჯანის დამატების ყველაზე დიდი სურვილი ტურინის „იუვენტუსს“ აქვს და ფეხბურთელთან უკვე სიტყვიერი შეთანხმებაც აქვს მიღწეული.

„მერსისაიდელებს“ ფეხბურთელის შენარჩუნების სურვული აქვთ და მისთვის ახალი კონტრაქტის მომზადებას გეგმავენ.

საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ფეხბურთელის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანი „ლივერპულის“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 166 შეხვედრაში 14 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

დელი ბლინდი (მანჩესტერი)

28 წლის უნივერსალი ჰოლანდიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს სავარაუდოდ „ოლდ ტრაფორდს“ დატოვებს.

დელი ბლინდს „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში თამაში იშვიათად უწევს.

„აიაქსის“ სკოლის აღზრდილი ბლინდი სავარაუდოდ პრემიერლიგასაც დატოვებს.

მისი შეძენის სურვილს ძირითადად ესპანური კლუბები გამოთქვამენ.

ბლინდმა „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში 2014 წლიდან დღემდე 139 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 6 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

მარიო ბალოტელი (ნიცა)

„სუპერმარიო“ სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

27 წლის არასტაბილური და ქარიზმატული ბალოტელი დიდი ალბათობით კვლავ სერია A-ს დაუბრუნდება. მის მიმართ ინტერესს „იუვენტუსი“ და „მილანი“ იჩენენ.

ბალოტელი იტალიის ნაკრებში დაბრუნებასაც ცდილობს, რომლის რიგებში უკვე 3 წელზე მეტია არ უთამაშია.

„ბალო“ „ნიცას“ რიგებში 2016 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 59 მატჩში 39 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

ჯეკ უილშირი (არსენალი)

26 წლის ჯეკ უილშირი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და დიდი ალბათობით „არსენალს“ დატოვებს.

ჯეკის შეძენით ყველაზე მეტად იტალიური კლუბები ინტერესდებიან. სიაში ნომერ პირველი „მილანია“, რომელსაც ინგლისელი ნახევარმცველის შეძენა უკვე დიდი ხანია სურს.

უილშირით ასევე გენუის „სამდორიაც“ ინტერესდება, თუმცა ბრძოლაში ფავორიტი „მილანია“.

შეგახსენებთ, რომ ჯეკ უილშირი ლონდონის „არსენალის“ სკოლის აღზრდილია და „მეთოფეთა“ პირველ გუნდში მისი დებიუტი 2008 წელს შედგა. უილშირის ანგარიშზე 191 შეხვედრაში 14 გოლი და 28 საგოლე გადაცემაა.

მარუან ფელაინი (მანჩესტერი)

30 წლის ბელგიელი ნახევარმცველი სეზონის ბოლოს „ოლდ ტრაფორდს“ ერთ-ერთი პირველი დატოვებს.

ფელაინის ახალი გუნდის არჩევა თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღების შემდეგ გაუადვილდება.

ფეხბურთელის შეძენით სტამბულის „გალათასარაი“ ინტერსდება და მასთან უკვე სიტყვიერი შეთანხმებაც აქვს მიღწეული.

ფელაინის კარიერა „ევერტონის“ შემდეგ ნელ-ნელა უკან წავიდა. 2013 წელს მისი „მანჩესტერში ტრანსფერი მართებული ნაბიჯი არ გამოდგა.

„წითელი ეშმაკების“ რიგებში ფელაინის მონაგარი ასეთია - 152 მატჩი, 19 გოლი და 10 საგოლე გადაცემა.

ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი)

33 წლის ვეტერანი იტალიელი მცველი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, თუმცა მისი ტურინიდან აბარგება მაინც ძნელად წარმოსადგენია.

სავარაუდოდ, „ბებერი ქალბატონი“ თავის ერთგულ უკანახაზელს ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს.

კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლიდან ასპარეზობს. 13 სეზონის განმავლობაში მის ანგარიშზე 467 მატჩი, 34 გოლი და 22 საგოლე გადაცემაა.

ფრენკ რიბერი (ბაიერნი)

34 წლის ვეტერანი ფრანგი გარემარბი „ბაიერნის“ ღირსებას 2007 წლიდან იცავს და წლევანელი სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება.

სავარაუდოა, რომ მიუნხენელები რიბერისთან ახალ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებენ და ეს გადაწყვეტილება ორივე მხარის მიერ იქნება მიღებული.

გერმანული პრესა აქტიურად წერს, რომ რიბერი კარიერას ევროპის მიღმა გააგრძელებს. ეს აზია იქნება, თუ ამერიკა ამას დრო გვიჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ ფრენკ რიბერის ანგარიშზე „რეკორდმაისტერის“ რიგებში 378 შეხვედრაში 116 გოლი და 175 შედეგიანი გადაცემაა.

არიენ რობენი (ბაიერნი)

ფრენკ რიბერის მსგავსად, 34 წლის რობენი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.

ვეტერანი ჰოლანდიელი გარემარბი მთელი კარიერის მანძილზე ხშირი ტრავმიანობით გამოირჩეოდა და ეს დღესაც ასეა.

გამორიცხული არ არის, რომ „ბაიერნმა“ რიბერი-რობენის დუეტი ახალი სეზონიდან ახალი სახეებით ჩაანაცვლოს. რა თქმა უდნა, ეს მტკივნეული პროცედურა იქნება, მაგრამ მიუნხენელებს სხვა გზა არც აქვთ დარჩენილი.

ჯერჯერობით ოფიციალური არაფერი ყოფილა, მაგრამ სავარაუდოა რომ ჰოლანდიელ ფეხბურთელს წინადადებები ამერიკიდან, აზიიდან და ჰოლანდიიდან ექნება.

რობენი „ბაიერნს“ 2009 წელს შეუერთდა და დღემდე მის ანგარიშზე, ყველა ტურნირის ჩათვლით 283 შეხვედრაა. მისი მონაგარი 137 გოლი და 97 საგოლე გადაცემაცაა.

იაია ტურე (სიტი)

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ 34 წლის იაია ტურესთვის წლევანდელი სეზონი “მანჩესტერ სიტიში“ ბოლო იქნება.

კოტ დ’ივუარელ ნახევარმცველს კონტრაქტი ეწურება და „ქალაქელები“ მის გაგრძელებას აღარ აპირებენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან პეპ გუარდიოლა დგას, რომელსაც ტურესთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს.

ვეტერანი ნახევარმცველით თურქული კლუბები ინტერესდებიან, თუმცა კონკრეტული არაფერი ყოფილა. ტურეს შეძენა მილანის „ინტერსაც“ სურს. რა თქმა უნდა, ინტერესი ჩინეთიდანაც არის.

შეგახსენებთ, რომ იაია ტურე „სიტის“ ღირსებას 2010 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 312 შეხვედრაში 79 გოლი და 49 საგოლე გადაცემაა.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები