Aa
Aa

48 საათიც და რონალდინიო მანჩესტერ „იუნაიტედში“ ითამაშებდა - ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები?

რონალდინიოს თქმით მას მანჩესტერ „იუნაიტედში“ გადასვლისგან 48 საათი დააკლდა. ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა 2003 წელს ოლდ ტრაფორდზე გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო და მას მადრიდის „რეალში“ გადასული დევიდ ბექჰემის ადგილი უნდა დაეკავებინა. იმ დროისთვის რონალდინიო „პსჟ“-ში თამაშობდა.

დევიდ ბექჰემი და რონალდინიო

ბექჰემის „რეალში“ გადასვლის შემდეგ, „ბარსელონას“ მომავალმა პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა რონალდინიოს კატალონელთა რიგებში გადმობირება გადაწყვიტა, თუმცა მან ეს მას შემდეგ მოახერხა რაც ის „იუნაიტედის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

„ეს კინაღამ მოხდა. სულ რაღაც 48 საათი და ყველაფერი გადაწყვეტილი იქნებოდა. თუმცა სანდრო როსელმა, სანამ „იუნაიტედისგან“ შემოთავაზებას მივიღებდი მკითხა რომ თუ ის „ბარსელონას“ პრეზიდენტი გახდებოდა, ვითამაშებდი თუ არა მის გუნდში. რაზეც მე თანხმობა განვუცხადე.“

რონალდინიო

„იუნაიტედთან“ მცირე დეტალების გარკვევაღა იყო დარჩენილი, როდესაც როსელმა დამირეკა და მითხრა, რომ ის არჩევნებს იგებდა. საუბრისას მან ასევე შემახსენა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში მე „ბარსაში“ თამაშს დავთანხმდი... ეს ძალიან სწრაფი მოლაპარაკება იყო.“

რონალდინიო

„ამის შემდეგ ინგლისელებს ვუთხარი რომ „ბარსაში“ თამაში ავირჩიე. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ბრაზილიელებს ყოველთვის უყვარდათ „ბარსელონა“. ჩვენ იქ ისტორია გვაქვს. მოედნის მიღმაც, ევროპაში სხვაგან არსად არ წარმომიდგენია ჩემი თავი. ძალიან მენატრება „ბარსელონა“!!!

„ბარსელონადან“ „მილანში“ გადასვლის შემდეგ, სანამ რონალდინიო სან სიროს დატოვებას გადაწყვეტდა, მასთან მოლაპარაკებებს „ბლექბერნი“ აწარმოებდა, რაც თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა და რონალდინიო ბრაზილიაში „ფლამენგოში“ სათამაშოდ დაბრუნდა.

„რაც შეეხება „ბლექბერნს“... მე მათთან მოლაპარაკებები მქონდა, თუმცა მე სახლში, ბრაზილიაში დაბრუნება მსურდა.“

რონალდინიო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები