Aa
Aa

სამპაოლი: „მსოფლიო ჩემპიონატი მესისთვის თავზე მიბჯენილი იარაღია“

მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და მოლოდინი კიდევ უფრო იზრდება.

ყურადღების ცენტრში კვლავინდებურად არგენტინა და მესი არიან. სანაკრებო პაუზის დროს ევროპული პრესის მთავარი სალაპარაკო თემა ნაკრებთა ფორმა და მათი სამუნდიალო შანსებია.

იტალიასთან (2:0) გამარჯვების შემდეგ არგენტინა ხვალ მადრიდში, „ატლეტიკოს“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და თავის შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ გამოცდის.

„ალბისელესტეს ტრავმების გამო ანხელ დი მარია და სერხიო აგუერო არ ეყოლება. ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშაა ლეო მესის თამაშის საკითხიც. როგორც ჩანს, „რწყილის“ მოედანზე გასვლა უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება.

„ფურია როხასთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ხორხე სამპაოლიმ მოახლოებულ მუნდიალზე ისაუბრა და ლეო მესის თემასაც შეეხო.

„მსოფლიო ჩემპიონატი მესისთვის თავზე მიბჯენილი იარაღია, რომელიც მუნდიალის ვერმოგების შემთხვევაში გაისვრის და მას მოკლავს.

მე ვამჩნევ, რომ სანაკრებო ფეხბურთის ნეგატიური გარემო მესის ზიანს აყენებს.

მასთან ყოფნის დროს ვხვდები, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელთან მიწევს მუშაობა. ის არის მოთამაშე, რომელიც უკვე 10 წელია მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება.

რთულია გავლენა მოახდინო მოთამაშეზე, რომელმაც იცის რომ მსოფლიოში საუკეთესოა“.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებთა დაპირისპირება 27 მარტს 23:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები