ხერარდ პიკე:
Aa
Aa

ხერარდ პიკე: "ისე შემეშინდა კინაღამ ჩავ***ი"

ხერარდ პიკემ როი კინისეული „მანჩესტერის“ ისტორია გაიხსენა, რომელმაც მისი თქმით ნათლად დაანახა ესპანელს თუ რა მომავალი ელოდა მას „იუნაიტედში“ დარჩენის შემთხვევაში.

პიკე, რომელიც „ოლდ ტრაფორდზე“ „ბარსადან“ მივიდა, ერთ-ერთი მატჩისთვის გასახდელში ემზადებოდა, როდესაც მისმა ტელეფონმა დარეკა. ეს ერთი შეხედვით თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ, როდესაც გუნდში როი კინი გყავს ყველაფერი სხვა დატვირთვას იძენს. ლეგენდარული ირლანდიელი „იფსვიჩის“ მწვრთნელობის პერიოდშიც ეჩხუბა პრეს-კონფერენციაზე ერთ-ერთ ჟურნალისტს სატელეფონო ზარის გამო და ბუნებრივია არც თანაგუნდელის მიმართ დაუმალავს უარყოფითი ემოციები.

“The Players Tribune”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში პიკემ განაცხადა: „ოლდ ტრაფორდზე საკუთარი დებიუტისთვის ვემზადებოდი. გუნდთან ერთად გასახდელში ვიყავი და ნერვიულობისგან ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი“.

„წარმოიდგინეთ, 18 წლის ასაკში რუუდ ვან ნისტელროის, რაიან გიგზის და რიო ფერდინანდის გვერდით გასახდელში ფორმას ვიცვამდი. მინდოდა უჩინარი ვყოფილიყავი და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: გააკეთე შენი საქმე და ეცადე არავინ შეგამჩნიოს“.

„მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, გუნდი სერ ალექს ფერგიუსონს ელოდა,  რათა უკანასკნელი დავალებები მიეღო. ჩემს გვერდით როი კინი იჯდა, გასახდელი კი იმდენად პატარა იყო, რომ ჩვენს შორის არანაირი სივრცე არ დარჩენილა“,

გასახდელში გამეფებული სიჩუმე უეცრად ვიბრაციის ხმამ დაარღვია. როიმ აქეთ-იქით ყურება და ტელეფონის ძებნა დაიწყო. მაშინვე მივხვდი, რომ მე მირეკავდნენ, მობილური კი შარვლის ჯიბეში დავტოვე და სპეციალურად ვიბრაციაზე დავაყენე. მთავარი პრობლემა ის იყო, როომ შარვალი ჩანთაში მქონდა ჩატენილი, რომელიც ჩემგან შორს ეკიდა და ზარის გათიშვა ფიზიკურად არ შემეძლო“.

„როი ვერ ხვდებოდა საიდან მოდიოდა ხმა და მანიაკალურად ეძებდა მობილურ ტელეფონს. მისი თვალები  აქეთ-იქით გარბოდნენ და ცდილობდნენ ტელეფონის ადგილმდებარეობა დაედგინათ. ხომ გახსოვთ სცენა „ნათებიდან“ სადაც ჯეკ ნიკოლსონი კარს ამტვრევს და სახეზე საოცარი გამომეტყველება აქვს, ზუსტად ასე გამოიყურებოდა როი კინიც“.

ბოლოს, როდესაც მობილური ვერ იპოვა დაიყვირა: „ვისი ტელეფონია??? პირველად არავინ უპასუხა, კითხვაზე პასუხი მეორედაც ვერ მიიღო, მესამედ კი ასე მოგვამართა: „ხმა ამოიღეთ! ვისი დაწყევლილი ტელეფონია?“.

როგორც იქნა გავბედე და ვუთხარი: „ბოდიში სერ, ჩემი მობილურია“. როიმ მზრუნველი თვალებით შემომხედა და ჩამეხუტა... არა! არა! ვხუმრობ! კინი გაგიჟდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მთელი გუნდის წინ საოცრებებს აკეთებდა, იმდენად შემეშინდა, რომ კინაღამ ჩა****ი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად კარგი გაკვეთილი მივიღე“.

„თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი სხვანაირადაა, ახალგაზრდა მოთამაშეები მატჩის წინ მუდამ საკუთარ აიფონებში არიან ჩამძვრალი. მაგრამ ძველ დროში ამას ვერ გააკეთებდით 2006 წელი სხვა ეპოქა იყო. განსაკუთრებით „იუნაიტედში“, სადაც როი კინი არ დაუშვებდა შეხვედრის დაწყებამდე კონცენტრაცია მეტოქის ნაცვლად სხვა რამეზე გადაგეტანა“. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები