Aa
Aa

"ფიორენტინამ" ასტორი კიდევ ერთხელ დააფასა

ფლორენციის „ფიორენტინამ“ დავიდე ასტორის დაფასება კიდევ ერთი გზით გადაწყვიტა.

ფლორენციულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სულ მალე „იების“ სავარჯიშო ბაზას ასტორის სახელი დაერქმევა და იგი „დავიდე ასტორის სპორტულ ცენტრად“ გამოცხადდება.

31 წლის მცველმა, რომელიც 4 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა, „ფიორენტინაში“ არასრული 2 წელი გაატარა, თუმცა გუნდის შიდა სამზარეულოში სახელი და დადებითი დამოკიდებულება მალევე მოიპოვა და მისვლიდან 1 წლის შემდეგ გუნდის კაპიტნად აირჩიეს.

ასტორიმ „ფიორეს“ მაისურით 91-ჯერ ითამაშა, ხოლო კლუბმა მისი ნომერი 13 ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღო, ისევე როგორც ეს დავიდეს ყოფილმა კლუბმა „კალიარიმ“ გააკეთა, რომელშიც ფეხბურთელი 2008-დან 2016 წლამდე თამაშობდა.

დავიდე ასტორი 8 მარტს დაკრძალეს და იგი უკანასკნელ გზაზე 7000-მდე გულშემატკივარმა და 1000-მდე ცნობილმა სახემ გააცილა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დაკრძალვის წინა დღეს „იუვენტუსმა“ ინგლისში „ჩემპიონთა ლიგის“ მატჩი გამართა და „ტოტენჰემთან“ უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა. იმის გამო, რომ „ბებერი ქალბატონის“ ფეხბურთელები მეგობრის დაკრძალვას დასწრებოდნენ, ჯიჯი ბუფონმა სპეციალური თვითმფრინავი დაიქირავა, რისთვისაც კლუბის თითოეულ წევრს „ფიორეს“ ქომაგები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსის“ ტიფოზებსა და ზოგადად კლუბებს შორის როგორი დამოკიდებულებაა, იტალიური ფეხბურთის ქომაგებს, არ ესწავლებათ.

ასევე იხილეთ - დავიდე ასტორის დაკრძალვის ცერემონია - ვიდეო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები