Aa
Aa

bb - C - ანუ მწვერვალიდან უფსკრულამდე?..

მადრიდის „რეალის“ ცნობილი შემტევი ტრიოსგან, რომელსაც ფეხბურთის ფანებმა BBC (ბეილი, ბენზემა, კრიშტიანუ) შეარქვეს, შესაძლოა, ზაფხულში მხოლოდ ერთი მათგანი - კრიშტიანუ შეგვრჩეს.

2016 წლის იანვარში, როცა „ბლანკოსის“ თავკაცის პოსტზე, რაფაელ ბენიტესი, ზინედინ ზიდანმა ჩაანაცვლა, ნათლად იყო მინიშნება, რომ გუნდი 3 ფორვარდიან სქემაზე გადაერთვებოდა. ფრანგს არ უთქვამს კონკრეტულად ვინ მოიაზრებოდა ძირითადის წევრად, მაგრამ ასეთი მოკლე კომენტარი გააკეთა - „იდეა ისაა, რომ გუნდმა 3 თავდამსხმელით ითამაშოს“.

სულ მალე ყველაფერი სისრულეში მოვიდა და მადრიდელთა შეტევის წინა ხაზზე ბეილი, ბენზემა და კრიშტიანუ ვიხილეთ. დასაწყისი მშვენიერი იყო - BBC-მ, იანვრიდან მაისამდე, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, 45 გოლი გაიტანა, რაც ნახევარი სეზონისთვის, მართლაც ფანტასტიური მაჩვენებელია.

საწყისი ეფექტი უდავოდ შესანიშნავი იყო და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ ამ ტრიომ სტაბილურობა შეინარჩუნა, თუმცა 2017 წლის გაზაფხულიდან კრიზისის პერიოდიც დადგა.

ბეილი დაშავდა, რის გამოც სეზონის გადამწყვეტი ნაწილი გაუცდა - იგი ბოლომდე ვერც „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალისთვის მომჯობინდა და შეცვლაზე, მხოლოდ 13 წუთით ითამაშა.

ხსენებული გაზაფხულიდან, მიმდინარე წლის იანვრამდე, მთლიანობაში 273 დღის განმავლობაში, BBC-ს ერთად არ უთამაშია, ეს სერია 43 შეხვედრას ითვლის.

2017-18 წლების სეზონის სტარტს ბეილი ჯანმრთელად შეხვდა, სამაგიეროდ, ბენზემასა და კრიშტიანუს პრობლემები ჰქონდათ. ამ ყველაფერმა შედეგად ის მოიტანა, რომ 14 ოქტომბრამდე, ლა ლიგაში, BBC-ს ანგარიშზე 2 გოლი (!!!) იყო - ორივე მათგანი ბეილმა გაიტანა.

რონალდუმ თანდათან აკრიფა - ახლა მას ჩემპიონატში 22 გოლი აქვს და ბოლო პერიოდში ჩვეულად მრისხანეა, რასაც მის პარტნიორებზე ვერ ვიტყვით. საინტერესოა, რომ რამდენიმე კვირის წინ, მადრიდულმა სპორტულმა გამოცემა AS-მა, „რეალის“ შემტევი ტრიო შემდეგნაირად გამოსახა - bbC. ეს ოდნავ სახეცვლილი აბრევიატურა და სიმბოლოთა სიდიდე, სრულიად მარტივი მისახვედრია, რასაც ნიშნავს და რაზეც მიუთითებს.

არცთუ დიდი ხნის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი შემტევი სამეული, მრისხანებას კარგავს, რასაც ზინედინ ზიდანი უარყოფს და ბენზემასა და ბეილს თავგამოდებით იცავს.

„მართალია, ბენზემას ბევრი არ გააქვს, მაგრამ ის გუნდისთვის ბევრს აკეთებს. პოზიტიურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ გოლებიც მოვა. რაც შეეხება გარეტს, არაფერია, ის ჩვენთვის ფუნდამენტალური ფეხბურთელია“.

ზიდანი მწვრთნელია და ის სხვანაირად ვერც ილაპარაკებს, ასე რომ, მისი სიტყვებიდან გამომდინარე, იმას, რომ ბეილსა და ბენზემას მადრიდში ნათელი მომავალი აქვთ, ნამდვილად ვერ ვიტყვით. ესპანური პრესის აზრით, დიდი შანსია, „სანტიაგო ბერნაბეუ“ ორივემ ამ ზაფხულს დატოვოს, თუმცა უფრო აქტიურად ეს უელსელის შესახებ იწერება, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა და წესით, სათადარიგოთა როლის მორგება, არ უნდა ხიბლავდეს.

"რეალის" თავკაცმა ბოლო პერიოდში 4-4-2 ტაქტიკაც არაერთხელ გამოიყენა, რაც ასევე ადასტურებს, რომ ზიდანის ფორმაციის გუნდშიც ცვლილებების აუცილებლობაა. ბენზემა შედარებით მობერდა, იმდენად სხარტი, გუნდური და პროდუქტიული ვეღარაა. არადა კარლო ანჩელოტის აქვს ნათქვამი, რომ კარიმი, კრიშტიანუ რონალდუს საუკეთესო მეწყვილეა და ისინი მოედანზე შესანიშნავად უგებენ. ზოგადად, პორტუგალიელ ვარსკვლავს, თავის კარიერაში, ყველაზე მეტი მატჩი სწორედ ბენზემასთან ერთად უთამაშია - დღევანდელი მონაცემებით, ისინი ერთად მოედანზე 336-ჯერ იყვნენ.

არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ ფლორენტინო პერესი ზაფხულში ფურორის მოხდენას აპირებს, რაც ესპანეთის მთავარ ქალაქში, ნეიმარის, აზარისა და ლევანდოვსკის, გადასვლას გულისხმობს.

პრესის წინასწარი ცნობებით, პერესი "რეალში" რიგით მე-3 "გალაქტიკოს" ააშენებს. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ პერესის მიერ შექმნილი 2 სხვადასხვა "გალაქტიკო" - პირველი ასეთი პროექტი, ისეთი ვარსკვლავების კრებულისგან შედგებოდა, როგორებიც ლუიშ ფიგუ, ზინედინ ზიდანი, რონალდო, დევიდ ბექჰემი, რობერტო კარლოსი, მაიკლ ოუენი და სხვები იყვნენ.

პერესის შემდეგი მსგავსი ტიპის გეგმა 2009 წლიდან ამუშავდა, როცა მან "რეალი" მეორედ ჩაიბარა. მაშინ ერთ ზაფხულს გუნდში კრიშტიანუ რონალდუ, კაკა და კარიმ ბენზემა მივიდნენ, რომელთაც მოგვიანებით, ლუკა მოდრიჩი, გარეტ ბეილი და ტონი კროოსი შეუერთდნენ.

მართლა კვდება თუ არა BBC და ჩაანაცვლებს თუ არა მას NHL, ამას ზაფხულში გავიგებთ. იქამდე კი B-ს და B-ს სასწაულების უნდა სჯეროდეთ და იქნებ, მათ მაგიური ძალები დაეხმარონ და მადრიდული კარიერა გაუხანგრძლივონ...

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები