Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

ტორონტო - ოკლაჰომა 125 - 132

NBA-ს გასულ ტურში 4 შეხვედრა გაიმართა, ტური კანადაში „ტორონტოსა“ და „ოკლაჰომას“ დაპირისპირებით გაიხსნა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და „თანდერის“ 7 ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.

„ოკლაჰომას“ ტრადიციულად რასელ ვესტბრუკმა ულიდერა, 29 წლის უკანახაზელმა მორიგი სამმაგი დუბლი მიითვალა და მატჩი 37 ქულით, 13 მოხსნით და 14 გადაცემით დაასრულა. ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა სტივენ ადამსს - 25 ქულა, 8 მოხსნა. 22 ქულა შესძინა გუნდს პოლ ჯორჯმა.

29 წლის გამთამაშებელი ოსკარ რობერტსონის შემდეგ პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც კარიერაში სამჯერ მოახერხა ზედიზედ 5 მატჩში სამმაგი დუბლის მოპოვება. 

კანადელების რიგებში დემარ დეროუზანი გამოირჩა 24 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა კაილ ლოურიმ - 22 ქულა, 10 გადაცემა.

„ოკლაჰომა“ 43 მოგებითა და 29 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

 

ნიუ ორლეანი - ბოსტონი 108 – 89

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ნიუ ორლეანმა. „პელიკანსმა“ საკუთარ კედლებში ლიდერების გარეშე დარჩენილი „ბოსტონ სელტიკსი“ დაამარცხა.

„პელიკანს“ ენტონი დევისმა ულიდერა ორმაგი დუბლით - 34 ქულა, 11 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან 17 ქულა შესძინა გუნდს ჩიკ დიალიომ. ორმაგი დუბლი მიითვალა ნიკოლა მიროტიჩმა - 16 ქულა, 10 მოხსნა.

„ბოსტონმა“ მხოლოდ პირველ მეოთხედში მოახერხა წინააღმდეგობის გაწევა და აღნიშნული პერიოდი რვა ქულის სხვაობით მოიგო. თუმცა მეოთხე მეოთხედში 13 ქულიანმა ჩამორჩენამ საბოლოოდ განაპირობა „კელტების“ მარცხი.

„სელტიკსის“ რიგებში 23 ქულა მოაგროვა ჯეისონ ტატუმმა.17 ქულა შესძინა გუნდს მარკუს მორისმა. გრეგ მონრომ სათადარიგო სკამიდან 12 ქულა ჩაიწერა აქტივში.

„პელიკანსი“ 40 მოგებითა და 30 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.

 

მინესოტა - ჰიუსტონი 120 – 129

ტურის ცენტრალური მატჩი მინეაპოლისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „მინესოტამ“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერს - „ჰიუსტონ როქეთს“ უმასპინძლა.

ტეხასელებმა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს უპირატესობა და აღნიშნული პერიოდი 15 ქულიანი სხვაობით მოიგეს.

„როქეთსს“ ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა ორმაგი დუბლით - 34 ქულა, 12 გადაცემა. ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა კლინტ კაპელამ - 16 ქულა, 12 მოხსნა.

„ტიმბერვულვზის“ რიგებში კარლ ენტონი თაუნსი გამოირჩა ორმაგი დუბლით - 20 ქულა, 18 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან 20 ქულა მიითვალა ჯამალ კროუფორდმა.  14 ქულა შესძინა გუნდს დერიკ როუზმა.

„ჰიუსტონი“ 56 მოგებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაშიპირველ ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „მინესოტას“, „ტიმბერვულვზმა“ მარცხის შემდეგ დასავლეთ კონფერენციის მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

 

კლიპერსი - პორტლენდი 109 – 122

ზედიზედ მე-13 შეხვედრა მოიგო „პორტლენდმა“. „ტრეილ ბლეიზერსმა“ ამჯერად სტუმრად „კლიპერსი“ დაამარცხა.

„პორტლენდის“ სასტარტო ხუთეულის ყველა მოთამაშე გადაცდა 15 ქულიან ნიშნულს. 23 ქულა მიითვალა დამიან ლილარდმა. ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში იუსუფ ნურკიჩმა - 17 ქულა, 12 მოხსნა.

„კლიპერსს: ლუ უილიამსმა ულიდერა 30 ქულით. 24 ქულა მიითვალა ჰარელმა. 15 ქულა მოაგროვა ოსტინ რივერსმა.

„პორტლენდი“  44 მოგებითა და 26 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები