მატჩის შემდეგ -
Aa
Aa

მატჩის შემდეგ - "ყველა თამაში, ვარჯიში, სწორედ ამ მიზანს ემსახურება"

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში რუმინეთის 25:16 დამარცხების შემდეგ, ‘დინამო არენას’ საპრესკონფერენციო დარბაზში გუნდების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები გამოცხადდნენ.

მილტონ ჰეიგმა წლევანდელი რაგბი ევროპა დადებითად შეაფასა:

“საერთო ჯამში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დადებითად უნდა შეფასდეს. ყველა მატჩი მოვიგეთ და ტურნირი პირველ ადგილზე დავასრულეთ. მადლობა ბიჭებს იმისთვის, რაც გასულ პერიოდში გააკეთეს, ახლა კი, მთავარი 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადებაა. ყველა თამაში, ვარჯიში, სწორედ ამ მიზანს ემსახურება”.

ბორჯღალოსანთა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა:

“მაისურზე ტატუნაშვილის გვარის დაწერა გუნდური გადაწყვეტილება იყო და ამით, ოჯახის მიმართ თანაგრძნობა გამოვხატეთ. რაც შეეხება თამაშს, მნიშვნელოვანი იყო, რომ მას ჩვენ ვმართავდით და შედეგიც შესაბამისი დადგა. რუმინეთი ძლიერი გუნდია და იოლი თამაში არ გვქონია. გვქონდა პატარ-პატარა შეცდომები, მთლიანობაში კი, მისი მართვა მოვახერხეთ. მადლობა ქომაგებს, რომლებიც დღე სტადიონზე მოვიდნენ, ჰიმნი იმღერეს და ჩვენთან ერთად იზეიმეს ჩემპიონობა”.

„ასევე მინდა დავამატო - დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომლებიც დინამოზე მოვიდნენ და ჩვენთან ერთად შეასრულეს საქართველოს ჰიმნი!“

რუმინეთის მთავარი მწვრთნელი ლინ ჰაუელსი თვლის, რომ ეს იყო ორი თანაბარძალოვანი გუნდის დაპირისპირება:

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო თასზე გავედით, მე გადაწყვეტილებას არ ვცვლი და თანამდებობიდან მივდივარ. ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შარშან გერმანიასთან და წელს ესპანეთთან მარცხის შემდეგ, ვიღაცას პასუხისმგებლობა უნდა აეღო და ეს მე ვარ. თუმცა მიხარია, რომ რუმინეთი მსოფლიო თასზე გავიდა და გუნდს ასეთ სიტუაციაში ვტოვებ!

საქართველომ მოიგო, თუმცა, მაინც ვთვლი, რომ მატჩი დაახლოებით თანაბარი დონის გუნდებს შორის წარიმართა. გადაწყვეტილებების მიღების დროს რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.

მინდა საქართველოს მადლობა გადავუხადო. აქ ჩამოსვლა მეორედ მომიწია და საუკეთესო მოგონებების გარდა, სხვა არაფერი დამრჩენია”.

თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა ‘სტეჟარის’ კაპიტანი სტელიან ბურჩაც:

„ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ და მინდორი თავაწეულებმა დავტოვეთ. ბიჭებმა მინდორზე ყველაფერი გაიღეს და ისეთ ძლიერ მეტოქეს, როგორიც საქართველოა, ბოლომდე ვეომეთ. თვალსაჩინო იყო, რომ შერკინებაში გაგვიჭირდა. არადა, შარშანდელ მატჩში, ამ კომპონენტში, მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით და იმედი გვქონდა, რომ ეს წლეულსაც განმეორდებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. დანარჩენ ასპექტებში კი დაახლოებით თანაბარი თამაში გახლდათ”.

გამოყენებულია rugby.ge-ს მასალები.

ასევე, იხილეთ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებთა მატჩის სრული მიმოხილვა.

ცხელი ამბები