კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი რამ არავის გაუკეთებია"

მუჰამედ სალაჰის "უოტფორდთან" ჩატარებულ ბრწყინვალე შეხვედრას ევროპულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ეგვიპტელი ფეხბურთელის შესანიშნავ თამაშს იურგენ კლოპიც გამოეხმაურა და BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ სალაჰის მესისთან შედარება არ შეიძლება.

"არ ვფიქრობ, რომ მოს (სალაჰი) მესისთან შედარება სურდეს. ზოგადად არამგონია ეს რომელიმე მოთამაშის სურვილი იყოს.

მესი დღეს ერთადერთია, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი რამ არავის გაუკეთებია.

მესიმდე, უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელსაც მატჩზე ასეთი გავლენის მოხდენა შეეძლო დიეგო მარადონა იყო.

სალაჰი ახლა გზაზე იმყოფება და ეს კარგია. მისი ლეოსთან შედარება არ შეიძლება. მო ბრწყინვალე მოთამაშეა და მას შეუძლია, რომ "ლივერპულს" წინ წაუძღვეს. მის მიერ გატანილ პირველ გოლზე ბიჭები მთელი ღამის განმავლობაში საუბრობდნენ.

ეს იყო ეგვიპტელის მხრიდან კიდევ ერთი ბრწყინვალე თამაში, მორიგ რთულ შეხვედრაში. მთელმა გუნდმა დიდებულად იასპარეზა, თუმცა შეგვიძლია სალაჰი გამოვარჩიოთ".

ეგვიპტელმა შემტევმა "უოტფორდთან" მატჩში რეკორდი დაამყარა და "მერსისაიდელთა" ისტორიაში შევიდა. კერძოდ, სალაჰმა "წითლების" მაისურით სადებიუტო სეზონში უკვე 36 გოლის გატანა შეძლო და მას რამდენიმე შეხვედრა კიდევ აქვს ჩასატარებელი. ეს შედეგი კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

აქამდე, ხსენებული რეკორდი ესპანელ ფერნანდო ტორესს ეკუთვნოდა. "ელ ნინიომ" 2007/2008 წლების სადებიუტო სეზონში 33 გოლი გაიტანა.

სალაჰის პოკერი 2013 წლის შემდეგ "ლივერპულელთა" რიგებში პირველი აღმოჩნდა. 5 წლის წინ, ოთხი გოლის გატანა ლუის სუარესმა შეძლო.

"უოტფორდთან" შესრულებული პოკერის შემდეგ სალაჰი კიდევ ერთი რეკორდისკენ მიიწევს. წლევანდელ სეზონში მის ანგარიშზე პრემიერლიგაში უკვე 28 გოლია და კიდევ 2-ის გატანის შემთხვევაში, ის ინგლისში მოთამაშე აფრიკელ ფეხბურთელთა შორის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

ხსენებული რეკორდი "ჩელსის" ლეგენდას დიდიე დროგბას ეკუთვნის, რომლის ანგარიშზეც ერთ სეზონში 29 გოლი იყო.

"ლივერპულისა" და სალაჰის მიერ გაცამტვერებული "უოტფორდი" - სრული მიმოხილვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები