2018 წლის მუნდიალს FIFA მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება
Aa
Aa

2018 წლის მუნდიალს FIFA მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება

2018 წლის საფეხბურთო სეზონი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება. რატომ? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და ყველა მათგანი რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება.

დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი კრიშტიანო რონალდუსა და ლეო მესისთვის ბოლო იქნება. ძნელად წარმოსადგენია, რომ 2022 წელს 37 წლის რონალდუმ კვლავ ნაკრებში ითამაშოს და კვლავ ამ დონეზე. მესი... მესი კი ნაკრების მაისურით მეტ მარცხს უბრალოდ ვეღარ გაუძლებს. ამჯერად "ალბისელესტეს" საბოლოოდ დატოვებს და მთლიანად საკლუბო კარიერაზე გადაერთვება.

მნიშვნელოვანი ცვლილებები

რაც შეეხება უშუალოდ ტურნირსა და მის სიახლეებს. რუსეთის მუნდიალი ისტორიაში განსაკუთრებული მხოლოდ იმიტომ იქნება, რომ მასზე პირველად იქნება გამოყენებული ვიდეო რეფერი. FIFA-მ ეს ოფიციალურად დაადასტურა.

ალბათ ყველას კარგად გვახსოვს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ინგლისისა და გერმანიის ნაკრებთა სკანდალური მატჩი, როცა ფლენკ ლამპარდმა შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა და ინგლისის ნაკრებმა 0:2-დან 2:2 გახადა, თუმცა არბიტრებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და გოლი გაუქმდა. საბოლოოდ, ინგლისელები ამ მომენტმა გატეხა და ფაბიო კაპელოს გუნდმა 1;4 წააგო.

ფრენკ ლამპარდის არჩათვლილი გოლი, რომელმაც ვიდეო რეფერის ტექნოლოგიისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯი გადადგა.

უნდა ითქვას, რომ ხსენებული სიახლე უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია და სამართლიანი შედეგის დაფიქსირების გარანტიას იძლევა.

მოკლედ, შეხვედრის მთავარ არბიტრს ამიერიდან უფლება ექნება, რომ საეჭვო ეპიზოდის დროს VAR-ის ტექნოლოგია გამოიყენოს და ეპიზოდი განმეორებით ნახოს.

რაც შეეხება კიდევ ერთ სიახლეს, ესეც უდაოდ მისასალმებელია. გუნდების მთავარ მწვრთნელებს პლეი-ოფების დროს მე-4 ცვლილების გაკეთების საშუალება ექნებათ, მაგრამ ეს მხოლოდ დამატებით დროში მოხდება.

როგორც მოგეხსენებათ, 90 წუთის გასვლის შემდეგ ფეხბურთელებში ხშირია კუნთების დაჭიმულობა და სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც ამ დონის მატჩების დროს თავს ხშირად იჩენს და საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ რომელიმე ნაკრები მოედანზე კაცნაკლული დარჩეს.

მე-4 ცვლილების ძალაში შესვლა კი ასეთ გაუთვალისწინებელ ფაქტებს გამორიცხავს.

ზემოხსენებული ორივე ინოვაცია FIFA-მ 2017 წლის კონფედერაციის თასზე უკვე დატესტა და როგორც ხედავთ, შედეგები დამაკმაყოფილებელი გამოდგა.

ფეხბურთის მმართველი ორგანო ცვლილებებს იშვიათად მიმართავს, თუმცა როდესაც ამის დრო მოდის, ისინი საკმაოდ ფრთხილად მოქმედებენ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არასდროს იღებენ.

ცვლილებები მუნდიალზე - ფაქტი ისტორიიდან

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი პირველი სერიოზული ცვლილება 1998 წლის საფრანგეთის მუნდიალზე მოხდა, როდესაც ტურნირზე მონაწილე ნაკრებების რაოდენობა 24-დან 32-მდე გაიზარდა და ამ ინოვაციამ გაამართლა.

საფრანგეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მუნდიალების ისტორიაში (დღემდე) ყველაზე მეტი 171 გოლი გავიდა.

ტურნირმა სარეკორდო აუდიტორია მიიზიდა და მუნდიალის 64 მატჩს, ჯამში 37 მილიარდმა ადამიანმა მიადევნა თვალყური. ერთ შეხვედრას კი საშუალოდ 78 მილიონი ადამიანი უყურებდა.

საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებთა ფინალურ შეხვედრას ჯამში 2 მილიარდმა გულშემატკივარმა უყურა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს აიღებს და 15 ივლისს დასრულდება.

 

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები