Aa
Aa

ტოჩინოშინის კიდევ ერთი გამარჯვება "ჰარუ ბაშოზე"!

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოშინოჩინი, მარტის "ჰარუ ბაშოზე" წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს და რამდენიმე წუთის წინ, ტურნირის მე-7 დღის შეხვედრა, მოგებით დაასრულა.

ტოჩინოშინს, 6 დღის შედეგებით, მოგება-წაგებათა ბალანსი 4:2-ზე ჰქონდა, ხოლო მისმა მოწინააღმდეგე არავაშიმ, საწყისი ექვსივე შეხვედრა დათმო.

გორგაძე 30 წლისაა, მისი სიმაღლე და წონა კი, შესაბამისად - 192 სმ. და 177 კგ.-ია. რაც შეეხება არავაშის, იგი 31 წლისაა და სუმოს კვალობაზე, მაინცდამაინც სასურველი გაბარიტებით ვერ დაიკვეხნის - 186 სმ. და 140 კგ. მან, იანვარში გამართული "ჰაცუ ბაშო", რომელიც სწორედ ქართველის ტრიუმფით აღინიშნა, დადებითი ბალანსით დაასრულა (8:7-ზე), თუმცა ამას ბოლო 2 დღეს მიღწეული გამარჯვებებით მიაღწია. "ჰაცუ ბაშოზე", რა გასაკვირია, რომ ჩემპიონმა ტოჩინოშინმა, არავაშის უპრობლემოდ მოუგო.

როგორც მოსალოდნელი იყო, გორგაძემ, არავაშის ამჯერადაც აჯობა. მან მოწინააღმდეგე "უვატენაჯის" ილეთით დაამარცხა და მიმდინარე ტურნირზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა, რითაც მოგება-წაგებათა ბალანსი 5:2-ზე გაუხდა.

ლიდერთა ცხრილში ორი სუმოისტი გამოიკვეთა - კაკურიუ და კაისეი, რომელთაც ყველა, 7-ვე ორთაბრძოლა მოიგეს. მათ შემდეგ 6:1-ზე ბალანსით, დაიშომარუ და დაიამამი მოდიან.

მოგეხსენებათ, ტოჩინოშინი "ჰარუ ბაშოზე" მცირე ტრავმით ასპარეზობს და მარჯვენა ფეხზე სპეციალური სახვევი უკეთია. მისი პროგრამა მინიმუმი, დადებითი ბალანსის დაფიქსირებაა, რაც არ უნდა გაუჭირდეს. მეორე მხრივ, ქართველმა მებრძოლი სული არაერთხელ აჩვენა და ვინ იცის, იქნებ, წინ რა გველოდება...

ლევან გორგაძე ტურნირზე მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს და თავისივე წოდების (სეკივაკე) მქონე, მიტაკეუმის დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს მორიგი შედეგიანი ორთაბრძოლა გამართა და ტოჩინოშინის მსგავსად, 7 დღის შემდეგ, 5 მოგებითა და 2 წაგებითაა.

პ.ს. ასევე იხილეთ ტოჩინოშინის გუშინდელი ულამაზესი ილეთი და გდება

ცხელი ამბები