ინგლისის ნაკრები მუნდიალისთვის ემზადება: საუთგეიტმა რუსეთ-ბრიტანეთის დაპირისპირებაზეც ისაუბრა
Aa
Aa

ინგლისის ნაკრები მუნდიალისთვის ემზადება: საუთგეიტმა რუსეთ-ბრიტანეთის დაპირისპირებაზეც ისაუბრა

გარეთ საუთგეიტს მსოფლიო ჩემპიონატზე წასაყვანი ფეხბურთელების შერჩევის გარდა სხვა საზრუნავი გამოუჩნდა. რუსეთსა და ბრიტანეთს შორის წარმოშობილმა დაპირისპირებამ სპორტის სამყაროც მოიცვა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთმა რამდენიმე დღის წინ 23 რუსი ოფიციალური პირი ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან გააძევა.

პრეს-კონფერენციაზე ნაკრების მწვრთნელს საკმაოდ უცნაურ კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა: მოუმზადებს თუ არა რუსული პროდუქტით დამზადებულ საკვებს ფეხბურთელებს ინგლისის ნაკრების შეფი? სასწრაფო დახმარების შემთხვევაში მიმართავენ თუ არა ინგლისელები ადგილობრივ სამედიცინო პუნქტებს? და რას იზამენ თუ რუსეთმა იგივე ქმედება გაიმეორა და ბრიტანელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა?

ინგლისელმა თავკაცმა აღნიშნა აღნიშნა, რომ მომავალი კვირის ბოლოს იგი ფეხბურთელებთან საუბარს აპირებს და ზედმიწევნით აუხსნის იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ივნისში გუნდის ფეხბურთელების, პერსონალის და გულშემატკივრების მაქსიმალურ უსაფრთხოებას განაპირობებნ: „როდესაც გუნდის გარშემო რაიმე სახის გაურკვევლობა არსებობს მწვრთნელის მოვალეობაა მასზე ისაუბროს და ფეხბურთელებისთვის ყველაფერი ნათელი გახადოს. ბუნებრივია, არსებობენ მოთამაშეები და მათი ოჯახები, რომლებიც შესაძლო საფრთხის გამო შეშინებულები არიან. ჩვენ ნებისმიერი საგარეო მატჩის წინ სერიოზულ მზადებას გავდივართ და მაქსიმალურად ვცდილობთ ფეხბურთელებსა და მათ ოჯახებს  სრულიად უსაფრთხო გარემო შევუქმნათ“. 

 

საუთგეიტმა რუსეთ-ინგლისის შორის არსებულ დაძაბულობაზეც გამოეხმაურა და განაცხადა: რთულია, როდესაც თამაშის წინ საკუთარი უსაფრთხოება უფრო მეტად გაღელვებს, ვიდრე მომავალი შეხვედრა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოთამაშეებმა თავი მშვიდად იგრძნონ და კონცენტრაცია მსოფლიო ჩემპიონატზე გადაიტანონ“.

ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი, რობ სალივანი მწვრთნელს მიემხრო და ნაკრების დაცვა შეაქო: „ჩვენ  ბევრ ტურნირზე მიგვიღია მონაწილეობა და არასდროს არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, ვფიქრობ არც ეს ტურნირი იქნება გამონაკლისი. ნაკრების დაცვა ყველაფერს მიხედავს და მუნდიალი ინგლისისთვის ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაივლის“.

საუთგეიტის ინტერვიუში ბევრი რამ იყო მნიშვნელოვანი, თუმცა ინგლისელმა თავკაცმა განსაკუთრებით ერთ საკითხზე ისაუბრა: „არანაირი სურვილი არ მაქვს მსოფლიო ჩემპიონატი გამოვტოვო. მე ინგლისში ნაკრებში აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებით მოვედი და აღნიშნული ტურნირის მოგება ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. თუმცა მინდა დავამატო, რომ უმნიშვნელოვანესი გუნდის უსაფრთხოებაა და თუ ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები იქნება ნამდვილად სჯობს თავი დავიზღვიოთ და მუნდიალზე გამგზავრებაზე უარი განვაცხადოთ“.

დიპლომატიური სერვისების არარსებობამ შესაძლოა დიდი პრობლემები შეუქმნას რუსეთში ჩამსვლელ გულშემატკივრებს, რობ სალივანი ამ საკითხსაც შეეხო და განაცხადა: „ჩვენ გვყავს ინგლისის გულშემატკივართ კლუბი, რომლის ყველა წევრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება ფედერაციას მართებს. მართალია, ინდივიდუალურ მოგზაურებს ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ინგლისის ნაკრების ქომაგებისთვის სრულიად უსაფრთხო იქნება“.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ჯო ჰარტი, ჯეკ ბატლენდი, ჯორდან პიკფორდი, ნიკ პოუპი.

მცველები: რაიან ბერტრანი, დენი როუზი, ჰარი მაგუაიერი, ჯონ სტოუნსი, ჯო გომესი, ჯეიმს ტარკოვსკი, ალფი მოუსონი, კაილ ვოკერი, კიერან ტრიპიერი.

ნახევარმცველები: ეშლი იანგი, ერიკ დაიერი, ლუის კუკი, ჯეიკ ლივერმორი, ჯორდან ჰენდერსონი, ჯეკ ვილშირი, ადამ ლალანა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი.

თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი, მარკუს რაშფორდი, ჯესი ლინგარდი, დელე ალი, დენი ველბეკი, ჯემი ვარდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები