Aa
Aa

"ევროპა ლიგაზე" 1/4 ფინალისტები გამოავლინეს

„ევროპა ლიგის“ 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „არსენალმა“ „მილანს“ უმასპინძლა და მეორე მატჩიც მოუგო.

„როსონერი“ ჩალჰანოღლუს გოლით დაწინაურდა, თუმცა ანგარიში მალევე გათანაბრდა, როცა იტალიელთა კარის მიმართულებით საეჭვო პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი უელბეკმა გაიტანა, რასაც მეორე ტაიმში რემზისა და იმავე უელბეკის გოლები და ორი შეხვედრის ჯამში დაფიქსირებული 5:1 მოჰყვა.

საინტერესო, დაძაბული და დრამატული თამაში შედგა ლიონში, სადაც „ლიონმა“ მოსკოვის „ცსკას“ უმასპინძლა.

ფრანგებმა რუსეთში 1:0 იმარჯვეს, რაც მათ სოლიდურ ფორას ანიჭებდათ, თუმცა მოსკოველებმა გუშინდელი მატჩი შესანიშნავად ჩაატარეს და 3:2 მოიგეს, რითაც 1/4 ფინალის საგზური მოიპოვეს. რუსებისგან თავი გოლოვინმა, მუსამ და ვერნბლუმმა გამოიჩინეს, ხოლო ფრანგებს კორნესა და მარიანოს გოლები არ ეყოთ.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი „ევროპა ლიგის“ ფინალი „ლიონის“ არენა „პარკ ოლიმპიკ ლიონზე“ გაიმართება, რაც გუნდისათვის დამატებითი მოტივაცია იყო.

გასვლაზე მოპოვებული გამარჯვებით გავიდა 1/4 ფინალში რომის „ლაციო“, რომელმაც კიევში „დინამოს“, ლუკას ლეივასა და შტეფან დე ვრაის გოლებით 2:0 აჯობა.

პირველი მატჩით შექმნილი უპირატესობის გამოყენება არ გასჭირვებიათ, მადრიდის „ატლეტიკოს“, „მარსელსა“ და „ზალცბურგს“. ამ უკანასკნელმა გათამაშებას „დორტმუნდი“ გამოთიშა, „ათლეტებმა“ მოსკოვის „ლოკომოტივი“ გაანადგურეს, ხოლო „მარსელმა“ „ბილბაოს“ ბასკეთშიც მოუგო.

დაძაბული მატჩი გაიმართა ჩეხეთში, სადაც „პლზენმა“ „სპორტინგს“ 2 ბურთიანი უპირატესობა შემოუტრიალა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, თუმცა იქ ლისაბონელებმა ბატალიას გოლით ამოისუნთქეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

„ევროპა ლიგის“ 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრა დღეს 16 საათზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები