არსენალი VS მილანი - მატჩის შემდგომი კომენტარები
Aa
Aa

არსენალი VS მილანი - მატჩის შემდგომი კომენტარები

ლონდონის „არსენალსა“ და იტალიურ „მილანს“ შორის გამართული, „ევროპა ლიგის“ საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ, არაერთი საინტერესო კომენტარი გაკეთდა.

შეხვედრა მწვრთნელებმა და რამდენიმე ფეხბურთელმა შეაფასეს. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

არსენ ვენგერი: „პენალტის ეპიზოდზე ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან გამეორება არ მინახავს და გულწრფელი პასუხის გაცემა, ამის შემდეგ შემეძლება.

ბევრი გუნდის შემთხვევაში გვინახავს, როცა გასვლაზე დადებითი შედეგი აქვს მიღწეული და შემდეგ საკუთარ მოედანზე მოგება უჭირს.

თქვენ ნახეთ ჩვენი პასუხი, როცა ანგარიშში ჩამოვრჩით, წინ წავედით და სახიფათოდ ვუტევდით. მოვიგეთ ორივე შეხვედრა და საქმე ბოლომდე დამაჯერებლად მივიყვანეთ. კარგი მატჩი იყო და ჩვენ სოლიდურ მეტოქესთან ვიმარჯვეთ. გუნდთან, რომელიც იტალიის მასშტაბით 14 შეხვედრაა არ მარცხდება.

პირველ რიგში, ხარისხიანი მატჩი იყო, ჩვენ ვთამაშობდით საკუთარი უპირატესობის შენარჩუნების სურვილით, ჩემი ფეხბურთელები თან ფრთხილები უნდა ყოფილიყვნენ და თან სახიფათოები.

საერთო ჯამში, მენტალურად ძლიერები ვიყავით და გუნდურობაც გამოვავლინეთ“.

ჯენარო გატუზო: „ნაწყენი ვარ, რადგან მომავალ წლებში ჩვენ მხოლოდ 3:1-ს დავინახავთ და დიდი მნიშვნელობა არ ექნება, როგორ ვითამაშეთ და რა დავიმსახურეთ. როცა მოედანზე ხარ, არასდროს არ უნდა დანებდე და არც მარტივი გოლები გაუშვა, მე-3 გოლმა მართლა დამამწუხრა. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და სწორედ ამ მენტალიტეტით ვითამაშოთ.

არ მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებში მიზეზები ვეძებო და „თუ“ და „მაგრამ“ ვიძახო. ეს წარუმატებლობა წარსულში უნდა დავტოვოთ და ეს უნდა იყოს გუნდი, რომელიც არადსდროს დანებდება.

ბიჭებს თავდაჯერებულობა სჭირდებათ, თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა ცოტა იმედგაცრუებულები ვართ. დღეს ვნახეთ, რომ გუნდებს შორის არცთუ დიდი სხვაობაა. ეს თამაში უკეთესი მიდგომით ჩავატარეთ, ვიდრე ერთი კვირის წინანდელი.

ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და გადამწყვეტი პირველ შეხვედრაში გამოუყენებელი შანსები გამოდგა. ეს გრძელი ორრაუნდიანი დაპირისპირება იყო და ჩემი ფეხბურთელები ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან. მათით ვამაყობ და იმით, რაც მათ დღეს აჩვენეს. ესაა გზა, რომელიც უნდა გავკვალოთ და უკეთეს დონეზე გადავიდეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, თუმცა ერთადერთი, რაც არ მომეწონა, ბოლო წუთები იყო, როცა დანებება დავიწყეთ“.

***

ლეონარდო ბონუჩი: „ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ არ გვჯეროდა შემდეგ ეტაპზე გასვლის და საამისოდ ყველაფერი არ გავიღეთ. 70 წუთი იმავე დონეზე ვითამაშეთ, როგორზეც „არსენალი“ თამაშობდა.

გასატანად კარგი შანსები გვქონდა, თუმცა ისინი ვერ გამოვიყენეთ, მეტოქემ კი მომენტების რეალიზება შეძლო.

„არსენალი“ კარგი გუნდია და სამწუხაროდ, ჩვენ პირველი შეხვედრა და მისი შედეგი სანანებელი გაგვიხდა.

პენალტის ეპიზოდმა ბალანსი დაგვაკარგვინა, თუმცა შეცდომები შეიძლება მოხდეს, 1:0-ზე გაცილებით დამუხტულები ვიქნებოდით...

შესანიშნავი იყო, რომ ათასობით ადამიანმა იმგზავრა, აქ ჩამოვიდა და საფინალო სასტვენამდე გვგულშემატკივრობდა. ისინი კვირას ჩვენთან ერთად იქნებიან და სერია A-ს ოთხეულისათვის ბრძოლას ერთობლივად გავაგრძელებთ“.

***

ჯეკ უილშირი: „გასულ კვირას მილანში კარგად ვითამაშეთ, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი გამოდგა, თუმცა დღევანდელი მოგებაც გვჭირდებოდა.

ჩვენი გუნდის ფეხბურთელები, საქმეს პროფესიონალურად მიუდგნენ და გააკეთეს ის, რაც ევალებოდათ.

დავამტკიცეთ, რომ ევროპის საუკეთესო გუნდებთან თამაში შეგვიძლია“.

***

ჰაქან ჩალჰანოღლუ: „ამ დონის გუნდის წინააღმდეგ გასვლაზე, მსგავსი თამაშის ჩვენება იოლი არ არის. გოლი გავიტანეთ, შემდეგ კი გასაკვირი ბურთი მივიღეთ.

როდრიგესი მოწინააღმდეგეს არ შეხებია, თუმცა როგორც ჩანს, მსაჯისთვის უკონტაქტო პენალტებიც მისაღებია. ცხადია, ამ ეპიზოდმა თამაშის მიმდინარეობა შეცვალა.

მიუხედავად ამისა, თამაში გავაგრძელეთ და მომენტებიც შევქმენით, თუმცა მათი გამოყენება არ გამოგვივიდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე იონას ერიქსონია, რაც არასდროს დამავიწყდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები