ახალწვეულთა 10 საუკეთესო დებიუტი NBA-ს ისტორიაში
Aa
Aa

ახალწვეულთა 10 საუკეთესო დებიუტი NBA-ს ისტორიაში

10) დამიან ლილარდი

2012 წლის NBA-ს დრაფტზე „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა“ მეექვსე ნომრად დამიან ლილარდ აირჩია. „ვებერ სტეიტის“ გამთამაშებელმა ლიგის პირველივე შეხვედრაში მოახერხა პორტლენდელი ქომაგების გულის მოგება და „ლეიკერსთან“ დაპირისპირება 23 ქულითა და 11 გადაცემით დაასრულა. ამ წელს ლილარდმა საუკეთესო ახალწვეულის ჯილდო მოიგო. დამიანი საშუალოდ 19 ქულას, 3.1 მოხსნას და 6.5 გადაცემას აგროვებდა.

9) დევიდ რობინსონი

„ადმირალი“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია. „სპურსის“ რიგებში მისი დებიუტი „ლეიკერსის“ წინააღმდეგ შედგა. რობინსონმა შეხვედრა 23 ქულითა და 17 მოხსნით დაასრულა. დევიდს არამარტო საოცარი პირველი მატჩი არამედ საოცარი სეზონი ჰქონდა, ტეხასელთა ლეგენდამ ერთპიროვნულად მოიგო წლის საუკეთესო ახალწვეულის ტიტული. „ადმირალი“ საშუალოდ 24.3 ქულას, 12 მოხსნას და 3.9 დაფარებას აგროვებდა.

8) ბრენდონ ჯენინგსი

ჯენინგსმა რეზონანსი NBA-ში მოსვლამდე გამოიწვია. ბრენდონმა კოლეჯში სწავლაზე უარი განაცხადა და ერთი წელი იტალიაში - „რომას“ შემადგენლობაში გაატარა. ჯენინგსის დებიუტი 2009 წლის 30 ოქტომბერს „ფილადელფიას“ წინააღმდეგ შედგა და მან შეხვედრა 17 ქულით, 9 გადაცემით და 9 მოხსნით დაასრულა.

პირველი სეზონის მეშვიდე შეხვედრაში ბრენდონმა „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ 55 ქულა მოაგროვა. ნულქულიანი პირველი მეოთხედის შემდეგ ჯენინგსმა მესამე მეოთხედში გუნდს 29 ქულა შესძინა და ერთ მეოთხედში ჩაგდებული ქულების რაოდენობით „ხარირმების“ რეკორდიც დაამყარა.

7) ალენ აივერსონი

აივერსონი ლიგის ისტორიაში უნიკალური კალათბურთელი იყო. მან NBA-ს კულტურა შეცვალა და ასოციაციისკენ გზა გაუხსნა დაბალ და სუსტ კალათბურთელებს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ალენის პიროვნებამ გაცილებით დიდი ზეგავლენა მოახდინა  NBA-ზე ვიდრე მაიკლ ჯორდანმა.

აივერსონმა პირველ შეხვედრაში 30 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. სეზონში კი საუკეთესო ახალწვეული გახდა და საშუალოდ 23.5 ქულა, 7.5 გადაცემა და 2.1 ჩაჭრა მიითვალა.

6) აიზეა ტომასი

„დეტროიტელი ცუდი ბიჭის“ დებიუტი ლიგაში სიმბოლურად „ბოსტონ სელტიკსის“ წინააღმდეგ შედგა. აიზეამ საოცარი შეხვედრა ჩაატარა და მატჩი 31 ქულითა და 11 გადაცემით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ტომასმა იმ წელს საუკეთესო ახალწვეულისთვის ჯილდოსთვის ბრძოლა ბაკ უილიამსთან დათმო.

5) ლამარ ოდომი

ლამარ ოდომი ნათელი მაგალითია, იმისა თუ, როგორ შეიძლება ეგოიზმისა და ხასიათის გამო საკალათბურთო კარიერა გაიფუჭო. მიუხედავად ამისა ლამარმა ლიგაში დებიუტი 30 ქულით, 12 მოხსნით და 2 ბლოკით აღნიშნა.

4) ოსკარ რობერტსონი

ოსკარ რობერტსონი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. მან კარიერაში 181 სამმაგი დუბლი მიითვალა და 1961-62 წლების სეზონში საშუალოდ 30.8 ქულას, 11.4 გადაცემას და 12.5 მოხსნას აგროვებდა.

რობერტსონმა საკუთარი დებიუტიც სამმაგი დუბლით აღნიშნა. „მილოუკის“ გამთამაშებელმა „ლეიკერსის“ წინააღმდეგ 21 ქულა, 10 გადაცემა და 12 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

3) ლებრონ ჯეიმსი

„მეფემ“ საკუთარი საკალათბურთო დომინაცია პირველივე შეხვედრაში დაამტკიცა. ლებრონმა დებიუტი 25 ქულით, 6 მოხსნით, 9 გადაცემით და 4 ჩაჭრით დაასრულა. ჯეიმსი წლის საუკეთესო ახალწეული გახდა და სეზონი 20.9 ქულით, 5.5 მოხსნით, 1.6 ჩაჭრით და 0.7 ბლოკით დაასრულა.

2) უილტ ჩემბერლენი

უილტ ჩემბერლენი საოცარი ფიზიკური მონაცემების მქონე კალათბურთელია. მისი სიძლიერე NBA-ში დებიუტშივე გამოჩნდა, როდესაც უილტმა შეხვედრა 43 ქულითა და 28 მოხსნით დაასრულა. თავის პირველ სეზონში უილტმა 37.6 ქულა და 27 მოხსნა მოაგროვა, რაც აბსოლუტურად არანორმალური შედეგია. 

1) მაიკლ კარტერ-უილიამსი

რა გასაკვირიც არ უნდა იყოს „ფილადელფიას“ მე-11 ნომრად არჩეული ახალწვეული სიის პირველ ადგილზე იმყოფება. მაიკლმა პირველ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსის „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ თითქმის ოთხმაგი დუბლი შეასრულა და შეხვედრა 22 ქულით, 12 გადაცემით, 7 მოხსნით და 9 ჩაჭრით დაასრულა.

კარტერ-უილიამსმა წლის საუკეთსო ახალწვეულის ჯილდოც მოიგო, თუმცა სროლის არასტაბილურობამ და ტრამვებმა მის საკალათბურთო შესაძლებლობებს დიდი ზიანი მიაყენეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები