ფედერერი და ჰალეპი ტიტულისკენ მიიწევენ
Aa
Aa

ფედერერი და ჰალეპი ტიტულისკენ მიიწევენ

როჯერ ფედერერი ინდიან უელსის მასტერსზე ტიტულის დაცვას წარმატებით აგრძელებს.

მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა, დღეს გამთენიისას ფრანგი ჟერემი ჩარდი 2 სეტში 7:5 6:4 დაამარცხა. ფედერერმა ორივე სეტი თითო ბრეიკით მოიგო. იგი საკუთარ ჩაწოდებაზე ძალიან დამაჯერებელი იყო და მეტოქისთვის 1 ბრეიკ-პოინტიც არ მიუცია. „მაესტრო“ ტურნირის მომდევნო წრეში სამხრეთ კორეელ ჰიონ-ჩუნს შეხვდება, რომელმაც ურუგვაელი პაბლო კუევასი, 6:1, 6:3-ზე გაანადგურა.

მძიმე მატჩი გადაიტანა ხუან მარტინ დელ პოტრომ, რომლის მეტოქეც თანამემამულე ლეონარდო მაიერი გახლდათ. მაიერმა პირველი სეტი 6:3 მოიგო და მეორეშიც ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა საქმე მაინც ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც დელ პოტრომ დამაჯერებლად ითამაშა, პარტიებში ანგარიში გაათანაბრა და ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა.

ეს ყველაფერი გადამწყვეტი სეტის პირველსავე გეიმში გამოჩნდა, როცა დელ პოტრომ ბრეიკი შეასრულა და საბოლოოდ საქმის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია - 3:6, 7:6, 6:3.

წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს გამოცდილი გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი, რომელმაც ფრანგ პიერ-უგო ერბერს 2 სეტში მოუგო და 1/4 ფინალში სწორედ დელ პოტროზე გავიდა.

შემდეგი ეტაპის საგზურები მოიპოვეს ბორნა ჩორიჩმა, კევინ ანდერსონმა, სემ ქუერიმ და მილოშ რაონიჩმა. კანადელს გამარჯვებისთვის ერთი დარტყმაც არ შეუსრულებია, რადგან მარკოს ბაგტადისმა თამაშზე უარი განაცხადა.

ქალთა შორის პირველი ორი 1/4 ფინალური მატჩი გაიმართა.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა - სიმონა ჰალეპმა, ხორვატ პეტრა მარტიჩს 3 სეტში - 6:4, 6:7, 6:3 მოუგო.

ცუდი შეხვედრა ჰქონდა მსოფლიოს მე-5 ჩოგან ჩეხ კაროლინა პლიშკოვას, რომელიც იაპონელ ნაომი ოსაკასთან ფავორიტად ითვლებოდა.

ოსაკამ პირველი სეტი ბრწყინვალედ ითამაშა და მეტოქეს 2 ბრეიკით, 6:2 მოუგო. მეორე სეტი საკმაოდ უცნაურად დაიწყო და ჩოგბურთელებმა საწყის 4 გეიმში, 4 ბრეიკი შეასრულეს, შემდეგ კი უპირატესობა ისევ ოსაკამ მოიპოვა და სეტთან ერთად თამაში 6:2, 6:3-ით დახურა.

ტურნირის 1/2 ფინალში ჰალეპი და ოსაკა შეხვდებიან, ხოლო დარჩენილი 2 ნახევარფინალისტი დღევანდელი შეხვედრების შედეგებით გამოვლინდება - ანგელიკ კერბერი დარია კასატკინას დაუპირისპირდება, ხოლო ვენუს უილიამსის მოწინააღმდეგე კარლა სუარეს ნავარო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები