Aa
Aa

"ბარსელონა" - "ჩელსი": მატჩის შემდგომი კომენტარები

"კამპ ნოუზე" გამართული მატჩის შემდეგ "ბარსელონასა" და "ჩელსის" მწვრთნელებმა, ფეხბურთელებთან ერთად განვლილი შეხვედრა შეაფასეს.

ერნესტო ვალვერდე: „შეხვედრაში ბევრი მომენტი შეიქმნა. შესანიშნავი მატჩი იყო. ბურთს ვაკონტროლებდით და უპირატესობა გვქონდა. კარგად ვითამაშეთ.

უპირატესობის მოპოვების შემდეგ მისი შენარჩუნება გადავწყვიტეთ. უსმან დემბელემ დღეს შესანიშნავად ითამაშა. მან დავალებას თავი იდეალურად გაართვა.

როცა მესი შენს გუნდში თამაშობს, ეს ნამდვილი ფუფუნებაა. ლეოს შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლია.

„ჩელსიმ“ დიდი პრობლემები შეგვიქმნა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს სეზონის ყველაზე რთული მატჩი იყო“.

***

ანტონიო კონტე: „მატჩის ბედი მესიმ გადაწყვიტა. ჩვენ საუბარი გვაქვს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე.

ვიტყვი, რომ იღბალიც არ გვწყალობდა. ბურთი ძელს ოთხჯერ გავარტყით.

ჩემს გადაწყვეტილებებს არ ვნანობ. დღეს ბოლომდე დავიხარჯეთ, უბრალოდ ასეთი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით.

პენალტი? თამაშისას მომეჩვენა, რომ დარღვევა იყო, თუმცა მომენტი ჯერ გამეორებით არ მინახავს და გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი.

ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ისინი ვერ გამოვიყენეთ. „ბარსას“ კი მესი ჰყავს, რომელიც სეზონში საშუალოდ 60 გოლს იტანს. ის უბრალოდ ტოპ მოთამაშე არ არის, ის ყველას აღემატება“.

***

ანდრეს ინიესტა: „გუნდმა კარგად ითამაშა და მწვრთნელის დავალება ზუსტად შეასრულა.

მესი უბრალოდ საოცარი მოთამაშეა და ის ქომაგებს ყოველ ჯერზე აოცებს.

ამ ტურნირის მოგება გვინდა, მაგრამ ვიცით, რომ რთული იქნება. ერთ შეხვედრას ჩააგდებ და ყველაფერი სრულდება.

მომდევნო ეტაპზე არ მსურს, რომ „რეალს“ და „სევილიას“ შევხვდეთ, რადგან ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ“.

***

ტიბო კურტუა: „არ ვთვლი, რომ ორი მატჩის ჯამში დამარცხებას ვიმსახურებდით. ინდივიდუალურმა შეცდომებმა ყველაფერი გადაწყვიტეს.

პირველი გოლის დროს ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი. არ მეგონა, რომ მესი ასეთი მახვილი კუთხიდან დაარტყამდა და რეაქცია დავაგვიანე.

ლეოს წინააღმდეგ ბევრჯერ მაქვს ნათამაშები და ვიცი როგორც მოქმედებს ის. ბურთის ფეხებს შორის გატარება ყველაზე ადვილია. მას, ეს ადრეც გაუკეთებია.

გადაცემების დროს ბევრჯერ შევცდით და „ბარსამ“ ეს არ გვაპატია“.

***

ლეო მესი: „რთული მატჩი გამოდგა. სწრაფი გოლის გატანის შემდეგ შეხვედრის კონტროლი გამარტივდა.

მე-3 გოლის გატანამდე არაფერი იყო გადაწყვეტილი. კონტეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, ის კარგი მწვრთნელია.

დღეს ჩვენ ლონდონელებს გუნდურობით ვაჯობეთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები