Aa
Aa

მარკოიშვილი ნახევარფინალშია! „რეჯიო ემილიამ“ „ზენიტი“ დაამარცხა

იტალიაში თბილისის დროით 23:30 საათზე სტარტი აიღო „რეჯიო ემილიასა“ და „ზენიტის“ მეოთხედფინალურმა დაპირისპირებამ. სერიაში ანგარიში 1-1 იყო და ამ მატჩის გამარჯვებული ნახევარფინალის საგზურს ინაღდებდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი ტაიმი იტალიელების 5 ქულიანი უპირატესობით დასრულდა. თუმცა „ზენიტმა“ მესამე მეოთხედი 6 ქულით მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 1 ქულით დაწინაურდა. საბოლოოდ „რეჯიო ემილიას“ კალათბურთელებმა მობილიზაცია მოახერხეს და შეხვედრაში 6 ქულის სხვაობით - 105-99 იმარჯვეს.

„რეჯიო ემილიას“ რიგებში მოედანზე 28 წუთი გაატარა მანუჩარ მარკოიშვილმა, ქართველმა უკანახაზელმა 9 ქულას, 5 მოხსნას, 3 გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. მანუმ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა. ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ორჯერ დაჯარიმდნენ.

იტალიელებს კრის რაითმა ულიდერა 25 ქულით. 20 ქულა შესძინა გუნდს ამადეო დელა ვალემ. სათადარიგო სკამიდან კარგად ჩაერთო ჯულიან რაითი. 30 წლის ფორვარდმა 21 ქულა და 5 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

„ზენიტის“ მხრიდან ევგენი ვორონინი გამოირჩა 23 ქულით. 19 ქულა შესძინა გუნდს კაილ კურიჩმა. მარკო სიმონოვიჩმა კი შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

„რეჯიო ემილია“ ნახევარფინალში ჯერჯერობით დაუმარცხებელ ყუბანის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური ეტაპი სტარტს 20 მარტს აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები