Aa
Aa

Sky Sports-მა კარაგერი სეზონის ბოლომდე დასაჯა

გავლენიანმა და პოპულარულმა ბრიტანულმა სპორტულმა სააგენტო Sky Sports-მა, თავისი საფეხბურთო ანალიტიკოსი და მიმომხილველი ჯეიმი კარაგერი სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაციით დასაჯა.

კარაგერმა, "მანჩესტერი"-"ლივერპულის" მატჩის დასრულების შემდეგ, "იუნაიტედის" 14 წლის ფანს მანქანიდან შეაფურთხა, რასაც სერიოზული სკანდალი მოჰყვა. ვეტერანმა ფეხბურთელმა მალევე მოიბოდიშა, თუმცა იგი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს და ათასი სისაძაგლე უწოდეს.

Sky Sports-ის გადაწყვეტილებით, კარაგერი ამ სეზონში სატელევიზიო საქმიანობას ჩამოშორდება, ხოლო მომავალი სეზონიდან, შესაძლოა, ამ სფეროს დაუბრუნდეს.

"მომავალი სეზონის დაწყებამდე, ჯეიმისთან ერთად დავსხდებით და დავილაპარაკებთ, რამდენად მზად იქნება იგი ჩვენს არხზე საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად". - აცხადებს Sky Sports-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

კარაგერმა, სოციალური ქსელის მეშვეობით, კიდევ ერთხელ მოიბოდიშა და შემდეგი პოსტი გაავრცელა:

"დიდი შეცდომა დავუშვი და პასუხისმგებლობას სრულად ჩემს თავზე ვიღებ. ერთადერთი დამნაშავე მე ვარ, ასე რომ, გთხოვთ, ჩემს ოჯახს თავი დაანებოთ".

ჯეიმი კარაგერმა, საფეხბურთო კარიერა 2013 წელს დაასრულა და იმავე წლიდან Sky Sports-ის მიმომხილველია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები