ბარსელონა VS ჩელსი: ტაქტიკური ანალიზი - აგრესია და დომინირება
Aa
Aa

ბარსელონა VS ჩელსი: ტაქტიკური ანალიზი - აგრესია და დომინირება

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კლასიკური დაპირისპირება შედგება - "კამპ ნოუზე" "ბარსა" "ჩელსის" უმასპინძლებს.

ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა და დღეს უპირატესობა "ბარსელონას" ექნება.

ლონდონელები და კატალონიელები ერთმანეთს აქამდე 12-ჯერ შეხვდნენ. 4 შემთხვევაში გამარჯვებული „ჩელსი“ დარჩა, 3 „ბარსამ“ მოიგო, ხოლო 6-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

გუნდების ახალი ამბები

დღევანდელ დაპირისპირებას ორივე გუნდი კარგ ხასიათზე ხვდება. კატალონიელებმა ლა ლიგის უკანასკნელ ტურში "მალაგა" სტუმრად 2:0 დაამარცხეს და "ატლეტიკოსთან" 8 ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.

არ უთამაშია მესის, რომელიც მესამე შვილის მამა გახდა და ამ საპატიო მიზეზის გამო, ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

ნელ-ნელა ფორმაში შედის უსმან დემბელე, რომელმაც "მალაგასთან" შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დღეს მას მოედანზე აუცილებლად ვიხილავთ.

რაც შეეხება "ჩელსის", კონტეს გუნდმა საკუთარ კედლებში "კრისტალ პალასს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ლონდონელებმა სამი ქულა აუღელვებლად მოიპოვეს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობენ. "ლივერპულთან" მათი ჩამორჩენა 4 ქულაა.

დანაკლისები

"ბარსას" დღეს ესპანელი ნახევარმცველი დენის სუარესი და პორტუგალიელი განაპირა მცველი ნელსონ სემდეუ არ ეყოლება. ტრავა თითქმის ბოლომდე მოიშუშა ანდრეს ინიესტამ, რომლის მოედანზე გასვლა არგასვლის საკითხი უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება. კაპიტანი განაცხადში იმყოფება.

"ჩელსის" დახმარებას დღეს დავიდ ლუიზი და როს ბარკლი ვერ შეძლებენ. საეჭვოა გერმანელი უკანახაზელის რუდიგერის თამაშიც. ანტონიო კონტესთვის ხსენებული სამი მოთამაშე შეუცვლელი ნამდვილად არ არის და თუ ანდრეს ინიესტამ თამაში შეძლო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "კამპ ნოუზე" ორივე გუდი სრული საბრძოლო შემადგენლობით წარსდგება.

ტაქტიკა - დომინირება, სიფრთხილე და აგრესიულობა

ლონდონში გამართულ შეხვედრაში ყველამ ნახა, რომ ერნესტო ვალვერდეს წლევანდელი წარმატებული ექსპერიმენტი სახელად 4-4-2 "ჩელსის" ტიპის პრაგმატ გუნდთან არც თუ ისე ეფექტური გამოდგა.

"ბარსელონას" "სტემფორდ ბრიჯზე" სივრცეები არ ჰყოფნიდა და თავის არსენალს ვერ იყენებდა. სათადარიგოთა სკამიდან კი თამაშის გაძლიერება ვერავინ შეძლო.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დღეს ვალვერდესგან სიახლეს უნდა ველოდოთ. "ბლაუგრანა" სავარაუდოდ, მატჩს მაინც 4-4-2 ტაქტიკური სქემით დაიწყებს. რატომ? დღეს კატალონიელებს მეტი სივრცე ექნებათ და ანგარიშიც მათ მხარესაა.

თუ, ანდრეს ინიესტამ მწყობრში ჩადგომა მოასწრო, "ბარსა" ტრადიციული თერთმეტეულით დაიწყებს: ტერ შტეგენის წინ, დაცვას სერხი რობერო-პიკე-უმტიტი-ალბას კვარტეტი გაამაგრებს. ნახევარდაცვის ცენტრში სერხიო ბუსკეცი და ივან რაკიტიჩი იმოქმედებენ. მათ წინ, ანდრეს ინიესტა ბურთს გააკონროლებს და პაულინიო თავის სტილში პესინგს ითამაშებს. თავდასხმის ხაზში ლეო მესი და ლუის სუარესი ჩვეულებისამებრ სრულ თავისუფლებაში იქნებიან.

რა მოხდება, თუ ანგარიში "ბარსას" სასარგებლოდ არ იქნება? ასეთ შემთხვევაში მოედნის დატოვების მთავარი კანდიდატი პაულინიო იქნება, რომლის ადგილსაც უსმან დემბელე დაიკავებს და მასპინძლები 4-2-3-1 სქემაზე გადაეწყობიან.

ვალვერდესთვის ყველაზე არასასიამოვნო ვერსია ინიესტას გარეშე დარჩენაა. ამ მდგომარეობაში ბასკ სპეციალისტს გარისკვა მოუწევს, რადგან მას ინიესტას პოზიციაზე მოთამაშე კოუტინიო გასაგები მიზეზების გამო არ ჰყავს და დენის სუარესს ტრავმა აქვს. რჩება მხოლოდ ერთი და ძალიან ცუდი ვარიანტი, რომლის სახელიც ანდრე გომეშია.

ამ ვითარებაში განლაგება უცვლელი დარჩება, მაგრამ შეიცვლება სტილი - "ბარსა" უფრო ხშირად მიმართავს პრესინგს.

ინიესტას ვერ მომჯობინებისა და შეტევითი პოტენციალის საგრძნობლად შესუსტების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ვალვერდემ უსმან დემბელე მოედანზე პირველივე წუთებიდანვე გამოუშვას. თადარიგში კი პაულინიო დარჩება.

ვალვერდესთვის დემბელე ერთადერთი გადანახული კოზირია და მაინც რთული სათქმელია, რამდენად გამოიყენებს მას პირველივე წუთებიდანვე...

რაც შეეხება "ჩელსის" ტაქტკურ მონახაზს, აქ ყველაფერი შედარებით უფრო მარტივად და გასაგებად არის.

ანტონიო კონტე 1:1-ის მიუხედავად პირველივე წუთებიდანვე არ გარისკავს. რატომ? მან იცის, თუ რა შედეგები მოჰყვება, როდესაც მესის სივრცეებს უტოვებ...

"არისტოკრატები" ტრადიციულად 3-4-3 ტაქტიკით დაიწყებენ. ტიბო კურტუას წინ, სამი ცენტრალური მცველი განლაგდება - კრისტენსენი-აზპილიკუეტა-კეჰილი. ნახევარდაცვის ცენტრში ნგოლო კანტე და სესკ ფაბრეგასი იმოქმედებენ. ფლანგებს ვიქტორ მოზესი და მარკოს ალონსო გააკონტროლებენ. თავდასხმაში სრული თავისუფლება ექნებათ პედროს, ვილიანსა და აზარს.

არსებობს მეორე ვარიანტიც, სადაც კონტე თავდასხმაში მცირე ცვლილებას განახორციელებს და ალვარო მორატას სასტარტოში გაამწესებს. ასეთ შემთხვევაში თადარიგში პედრო დარჩება.

ამ ვარინატს მეორე ტაიმში კონტე მაინც გამოიყენებს, რადგან ლონდონელები 90 წუთს ცენტრფორვარდის გარეშე არასდროს თამაშობენ.

რას მოიმოქმედებს კონტე, თუ მისი გუნდი ერთ გოლზე მეტს გაუშვებს? იტალიელს ვაბანკზე წასვლა მოუწევს და ამას ერთ-ერთი ცენტრალური მცველის მოხსნა მოჰყვება. რადგანაც "ჩელსის" თადარიგში მაღალი დონის ცენტრალური ნახევარმცველი არ ჰყავს, უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტე გარისკავს და მორატა-ჟირუს დუეტით შეუტევს, რაც ავტომატურად 4-4-2-ზე გადასვლას ნიშნავს.

გუნდების პლიუსები და მინუსები

"ბარსელონას" მთავარი პლიუსი დღეს "კამპ ნოუ" იქნება, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი მინდვრის საფარი აქვს. როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელებმა დაშვებული ზომებიდან ყველაზე დიდი აირჩიეს, რადგან მათ სათამაშო სტილს სივრცეები სჭირდება, რომელიც მეტოქეს თავდაცვას ურთულებს.

დღეს ვალვერდეს თავისი ერთ-ერთი მთავარი კოზირის ხორდი ალბას გამოყენების მეტი შანსი ექნება. ლონდონელებს, სწრაფი ესპანელი განაპირა მცველის შეჩერა მოუწევთ, რადგან თუ ის შეტევაში ჩაერთო და ბურთიც მიიღო, შემდეგ მესის მოძებნა მხოლოდ დროის საკითხია... ეს როგორც მთავრდება ხოლმე ყველამ კარგად ვიცით.

გაცილებით უფრო კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი პაულინიომაც, რომელიც პატარა მინდორს, ხისტ სტილსა და სივრცეების გარეშე თამაშს მიჩვეული არ არის. ეს ლონდონში კარგად გამოჩნდა.

კატალონიელები დღეს ალბათ მაინც ფრთხილად დაიწყებენ, რადგან ანგარიში მათ სასარგებლოდაა. ისინი პოზიციური შეტევებიდან შეეცდებიან ანგარიში გახსნან და თავი უფრო მშვიდად იგრძნონ.

მესამე შვილის შეძენით გახარებული ლეო მესი დღეს დასვენებული და მოტივირებული იქნება, რადგან მას "მალაგასთან" არ უთამაშია.

ვალვერდე თავის სტილში იმოქმედებს და მეტოქეს საჯარიმოში ამოკეტვას შეეცდება. ალბა და რობერტო ლონდონელთა საჯარიმოს მისადგმობეთან განლაგდებიან და ნახევარმცველებს მოედნის ცენტრში შეწევის საშუალებას მისცემენ, ეს კი ნახევარდაცვაში უპირატესობას შექმნის.

ანტონიო კონტე თავის თავს არ უღალატებს და წინ სწრაფი სამეულის იმედად "ბარსელონას" შეცდომას დაელოდება.

სესკ ფაბრეგასი თავისი შესანიშნავი გრძელი გადაცემებით "ბლაუგრანას" დაცვის მოჭრას შეეცდება და პედრო-ვილიანი-აზარის ტრიოს საგოლე მომენტებს შეუქმნის.

უდიდესი მნიშვნელობა ექნება ნგოლო კანტეს თამაშს. რთული მისახვედრი არ არის, რომ "ბარსა" პირველივე წუთებში კანტესთვის ყვითელი ბარათის "აკიდებას" შეეცდება, რაც მათ საქმეს საგრძნობლად გაამარტივებს.

კონტეს სათადარიგო გეგმა ტანმაღალი ფორვარდებია - მორატასა და ჟირუს მოედანზე გამოჩენის შემთხვევაში, "ბარსელონას" საჯარიმოსკენ მაღალი გადაცემების რაოდენობა გაიზრდება.

"არისტოკრატთათვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაცვის სამეულის უშეცდომო თამაში. "სტემფორდ ბრიჯზე" ყველამ კარგად ნახა, რომ გუნდმა ფაქტიურად უშეცდომოდ ითამაშა და "ბარსას" შანსებს არ აძლევდა. თუმცა, კატალონიელთა მხრიდან პრესინგის მომატებამ მასპინძლებში დაბნეულობა შეიტანა. გამოუცდელმა კრისტენსენმა ფაბრეგასის მისამართით უხერხული გადაცემა გააკეთა, ესპანელიც მზად არ აღმოჩნდა და ანგარიშიც ასე გათანაბრდა.

ადვილი მისახვედრი არ არის, თუ რა დონის პრესინგს ითამაშებს ვალვერდეს გუნდი დღეს.

რას უნდა ველოდოთ მატჩისგან

დღევანდელი პირველი წუთები ლონდონში გამართული შეხვედრის მსგავსი იქნება, რადგან გუნდები ერთმანეთს დაზვერავენ და შეცდომების დაშვებას დაელოდებიან.

მეორე ტაიმი ნებისმიერ შემთხვევაში გაცილებით ხისტი, სწრაფი და აგრესიული იქნება, რადგან რომელიმე გუნდს გასარისკი ექნება, ეს კი სივრცეებს გაზრდის და მომენტებიც შეიქმნება.

ნებისმიერი ვარაუდი, მსჯელობა თუ დასკვნა შესაძლოა, რომ გაქარწყლდეს, რადგან საქმე მესისთან გვაქვს.

მარტივადაა შესაძლებელი, რომ არგენტინელმა რამდენიმე წუთით ინდივიდუალურად გაიბრწყინოს და ამით ყველაფერი დაასრულოს.

ეს ყველაფერი "ჩელსის" თავდაცვაზე იქნება დამოკიდებული. კრისტენსენის ინდივიდუალურ შეცდომას, თუ არ ჩავთვლით, პირველ მატჩში ლონდონელებმა მესის განეიტრალება მოახერხეს. ვნახოთ, გამოუვათ თუ არა ეს დღესაც.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

ასევე იხილეთ მატჩის განხილვა და პროგნოზი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები