Aa
Aa

"ჩელსისთან" მატჩის წინ "ბარსელონას" ინიესტა დაუბრუნდა

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი მატჩი "კამპ ნოუზე" შედგება - "ბარსელონა" "ჩელსის" უმასპინძლებს.

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელებს კაპიტანი ანდრეს ინიესტა ტრავმირებული ჰყავდათ და პირველადი დაკვირვების შედეგად ცნობილი იყო, რომ ის მოედანზე მინიმუმ 1 თვე ვერ გავიდოდა, თუმცა ესპანელმა ნახევარმცველმა ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა.

დღეს კი ერნესტო ვალვერდემ გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ინიესტაც მოხვდა.

ვალვერდემ ამ თემაზე მცირე კომენტარიც გააკეთა: "კარგია, რომ ინიესტა დაგვიბრუნდა. ანდრესი მოედანზე იმ შემთხვევაში გავა, თუ ის 100%-ით მზად იქნება".

ინიესტას შესახებ პრესკონფერენციაზე "ჩელსის" თავკაცმა ანტონიო კონტემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანელის მოედანზე ხილვა სურს: "არ ვიცი შეძლებს, თუ არა თამაშს ინიესტა, მაგრამ ვისურვებდი, რომ ის მოედანზე იყოს. ასეთი დონის მატჩებში ორივე გუნდი საუკეთესო შემადგენლობით უნდა თამაშობდეს".

კატალონიელთა 18 კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, სუარესი, მესი, დემბელე, პაულინიო, ალკასერი, ალბა, დინი, რობერტო, გომეში, ვიდალი, უმტიტი და ვერმალენი.

იხილეთ მატჩის ტაქტიკური ანალიზი და პროგნოზი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები