ყველაფერი ლეგენდარული დიდიე დროგბას შესახებ
Aa
Aa

ყველაფერი ლეგენდარული დიდიე დროგბას შესახებ

ჩელსის ყოფილმა ლეგენდამ და ორგზის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელმა გუშინ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას წლევანდელი სეზონის ბოლოს დაასრულებს. დროგბა ამჟამად ამერიკის მეორე დივიზიონის მკვიდრ „ფინიქს რაიზინგში“ თამაშობს. „გაერთიანებული ფეხბურთის ლიგის“ სეზონის სტარტს 18 მარტს აიღებს.

ლეგენდარული კოტ დიუარელის საპატივცემულოდ გთავაზობთ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს.

ყოფილი გუნდები

დროგბამ ბავშვობის დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, მიუხედავად მისი მშობლების საცხოვრებელი ადგილისა (დროგბას მშობლები კოტ დიუარში ცხოვრობდნენ), დიდიე ხშირად სტუმრობდა თავის ბიძას - მიშელ გობას, რომელიც ყოფილი ფეხბურთელი იყო.

პროფესიონალური კარიერა დროგბამ ლე მანში დაიწყო, თუმცა მანამდე დიდიე ტურკონის, აბევილის, ლევალოსის და ვანის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა.

ლე მანში დროგბამ 4 წელი გაატარა, პირველი კონტრაქტი კი 21 წლის ასაკში გააფორმა. 2004 წლის ინტერვიუში დიდიე იხსენებს, რომ შვილის დაბადებამ მოტივაცია მისცა უკეთესი ფეხბურთელი გამხდარიყო და საკუთარ თავზე უფრო აქტიურად ემუშავა.

გენგამში გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ კოტ დიუარელმა მარსელს მიაშურა, სადაც ერთ სეზონში 30 გოლის გატანა შეძლო. ბუნებრივია, დროგბას ასეთი თამაში საფეხბურთო აგენტებს არ გამორჩენიათ და დიდიე 2004 წელს ლონდონის ჩელსიმ გადმოიბირა. სწორედ „არისტოკრატებში“ დაიწყო მისი აღზევების ხანა.

ლონდონელების  რიგებში დროგბამ 2012 წლამდე ითამაშა და პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ 226 შეხვედრაში 100 გოლი გაიტანა. რაც შეეხება სხვა ტურნირებს, დიდიემ 115 მატჩში 57 გოლის გატანა მოახერხა და საბოლოოდ ლონდონური გუნდი 157 გოლით დატოვა. თუმცა 2014-15 წლების სეზონში იგი კვლავ დაუბრუნდა ლონდონს და პრემიერი ლიგის 28 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

ჩელსიდან დროგბა 2011-12 წლების სეზონში  შანხაი შენხუაში წავიდა, სადაც მხოლოდ 6 თვე ითამაშა. ჩინეთიდან კოტ დიუარელმა თურქეთს მიაშურა და 2 წელი გალათასარაიში დაჰყო. 2015 წლიდან იგი მონრეალში მოღვაწეობდა, ხოლო 2017 წლიდან ფენიქს რაიზინგის მოთამაშე მფლობელია.

დროგბამ პირველ კლუბში 69 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. გენგამის რიგებში 49 შეხვედრაში 23 გოლის გატანა შეძლო. მარსელის შემადგენლობაში კოტ დიუარელმა 55 მატჩში 32 გოლს მოუყარა თავი. ჩელსიში 381 შეხვედრაში 164 გოლი გაიტანა, ხოლო გალაში 20. ჩინეთში ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 11 მატჩში 8-ჯერ გამოიჩინა თავი, ამერიკაში კი 41 მატჩი 23-ჯერ დაამწუხრა მეტოქე გუნდი.

ტიტულები

დროგბა ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი აფრიკელი ფეხბურთელია, დიდიემ ჩელსის რიგებში პრემიერ ლიგა 4-ჯერ, ლიგის თასი 3-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა ერთხელ, ქომუნითი შილდი 2-ჯერ და ასოციაციის თასი 4-ჯერ მოიგო.

გალათასარაის შემადგენლობაში დროგბა თურქეთის ჩემპიონი გახდა და თურქეთის თასთან ერთად სუპერ თასიც მოიგო.

რაც შეეხება ინდივიდუალურ მიღწევებს, დიდიე „ლიგა I“-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა 2004 წელს. 2006 და 2009 წლებში აფრიკის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ხოლო 2006-07 და 2009-10 წლების სეზონში პრემიერლიგაში ოქროს ბუცი მოიგო.

ოჯახური მდგომარეობა

დროგბა 2011 წელს დიაკიტე ლალაზე დაქორწინდა. მათ სამი შვილი ჰყავთ, ისააკი, რომელიც 2000 წელს დაიბადა და გენგამის აკადემიაში თამაშობს, კიერანი და გოგონა იმანი.

ქველმოქმედება და პოლიტიკური კარიერა

დროგბა აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში. 2006 წელს კოტ დიუარის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ დიდიემ ქვეყანაში დაპირისპირებულ ორ მხარეს მოუწოდა სამოქალაქო ომი შეეწყვიტათ. საინტერესოა, რომ რამდენიმე დღეში მონაწილეებმა იარაღი დაყარეს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყეს.

დროგბა გაეროს განვითარების პროგრამის კეთილი ნების ელჩია და 2010 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანში ისეთ სპორტსმენებთან ერთად მოხვდა, როგორებიც მუჰამედ ალი და მაიკლ ჯორდანი არიან.

„The Didier Drogba Foundation“ 2014 წელს ფიფასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული აფრიკაში ებოლას წინააღმდეგ ბრძოლაში.

"პეპსისგან" მიღებული ჰონორარი (3 მილიონი დოლარი) კი დიდიემ მთლიანად საკუთარ მშობლიურ ქალაქში - აბიჯანში, საავადმყოფოს აშენებას მოახმარა. მიუხედავად ქვეყანაში დიდი პოპულარულობისა დროგბა არ აპირებს ჟორჟ ვეას გზას გაჰყვეს და პოლიტიკისგან თავს საკმაოდ შორს იჭერს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები