საფეხბურთო ტრილერი და გუნდი, რომელმაც ლეო მესი აატირა
Aa
Aa

საფეხბურთო ტრილერი და გუნდი, რომელმაც ლეო მესი აატირა

2012 წელს ლონდონის ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბარსელონა დაამარცხა და წერტილი დაუსვა გუარდიოლას პერიოდში რიგით მესამე ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვების ოცნებებს.

„არისტოკრატებთან“ მარცხის შემდეგ „კამპ ნოუ“ მწუხარებამ და იმედგაცრუებამ მოიცვა. ლონდონელებმა სრულიად კატალონიას დასწყვიტეს გული და გუარდიოლას ეპოქის დასასრულს ჩაუყარეს საფუძველი. ლეო მესიმ კი, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, მატჩის შემდეგ ემოციები ვეღარ შეიკავა და ატირდა.

პირველ შეხვედრაში ბარსელონა „სტემფორდ ბრიჯზე“ 1-0 დამარცხდა. მაგრამ ბარსას ყველა ფეხბურთელს სჯეროდა, რომ მინიმალური სხვაობა მათთვის არანაირ პრობლემას არ შექმნიდა და საკუთარ მოედანზე გუნდი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებდა.

რთულია ბარსა-ჩელსის დაპირისპირება ფერნანდო ტორესის განმეორებითი შეხვედრის წინ  ნათქვამ ფრაზაზე უკეთ აღწერო: „ფეხბურთში, უკეთესი გუნდი ყოველთვის ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას“. და მართლაც! "კამპ ნოუზე" 10 კაციანმა ჩელსიმ სასწაული მოახდინა, ორბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა და ყველასთვის მოულოდნელად ლიგის ფინალის საგზურიც მოიპოვა.

თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს ყველაზე ცუდი კვირა იყო გუარდიოლას კარიერაში, ლონდონელებთან გამართულ მატჩამდე სამი დღით ადრე ბარსელონა „ელ-კლასიკოში“ 2-1 დამარცხდა და „ლა ლიგის“ ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

 

„კამპ ნოუზე“ ყველაფერი იდეალურად დაიწყო, 35-ე წუთზე ბუსკეტსმა კატალონიელები დააწინაურა, რამდენიმე წუთში კი ლონდონელების კაპიტანი - ჯონ ტერი, ალექსის სანჩესთან უხეშობის გამო გააძევეს. 43-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ ბარსელონას სოლიდური უპირატესობა მოუპოვა და გუნდი ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ბარსა ფინალში ბაიერნს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე რამირესის საოცარი გოლით ლონდონელებმა ორმატჩიან დუელში წინ გასვლა მოახერხეს და ბარსელონას ბარიერის დაძლევის მიზერული შანსებიც გაუჩნდათ.

მეორე ტაიმში კატალონიელებს ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე შანსი ჰქონდათ, რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი გაიტანა და გუარდიოლას გუნდმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა. პენალტის ნიშნულთან არგენტინელი ვარსკლავი მივიდა, რომელმაც ბურთი, ბარსას გულშემატკივართა სამწუხაროდ, ხარიხას გაარტყა. მიუხედავად გაფუჭებული თერთმეტმეტრიანისა ბარსელონას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა თამაშის გადასარჩენად და 2-1-ზეც ფინალში გასვლის მთავარ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. მაგრამ კატალონიელებმა ვერაფერი მოუხერხეს „არისტოკრატების“ იდეალურ დაცვას და ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშნენ.

 

მარცხი განსაკუთრებით ლეო მესიმ განიცადა. როგორც “Sky Sports”-თან ინტერვიუში ალექსის სანჩესი იხსენებს მესი მატჩის შემდეგ ატირდა:"ფეხბურთელებმა შეიძლება იტირონ წაგებული ფინალების შემდეგ, ეს ამ სპორტში ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ჩელსისთან ნახევარფინალური დაპირისპირების დასრულებისას მე ბარსას გასახდელში ლეოს ცრემლები ვიხილე".

მატჩს პეპ გუარდიოლაც გამოეხმაურა და განაცხადა:"მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ ქომაგს მხარდაჭერისთვის. არ ვფიქრობ, რომ ეს გულშემატკივრებისთვის რამეს შეცვლის, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ფეხბურთელები ჩელსისთან მარცხს ძალიან განიცდიან და შედეგით განადგურებულები არიან. ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც მიზანთან ძალიან ახლოს ხარ, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო იძულებული ხდები საკუთარ ოცნებებზე უარი თქვა".

ბუნებრივია, ჩელსისთან მარცხი ლეო მესიმ საკუთარ თავზე აიღო, თუმცა პეპმა არგენტინელი ვარსკლავიც შეაქო და აღნიშნა: „ფაქტი, რომ ლიგის ნახევარფინალში გავედით მესის დამსახურებაა. იგი უნიკალური ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ რომ მისი დონის ტალანტის გაწვრთნის საშუალება მომეცა“.

გუარდიოლამ მოგვიანებით აღიარა, რომ ჩელსისთან წაგებული დუელი სწორედ ის განმაპირობებელი ფაქტორი იყო, რომელმაც მას ბარსელონას დატოვება გადააწყვეტინა:"ლონდონელებთან მარცხი საკმაოდ რთული მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ მოწინააღმდეგეზე გაცილებით კარგი გუნდი ვიყავით, თუმცა სრულიად არაფრისგან გაშვებულმა გოლმა დიდი ზემოქმედება მოახდინა ბარსას თამაშზე და სამწუხაროდ მატჩის ბოლომდე მიღებული შოკიდან გამოსვლა ვერ მოვახერხეთ. მწვრთნელის კარიერაში არსებობს მომენტები, როდესაც მას საკუთარ ფეხბურთელებთან ურთიერთობა აღარ შეუძლია, ლონდონელებთან მარცხის შემდგომი სიტუაცია სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთნება".

გუარდიოლამ „არისტოკრატებთან“ გამართული მატჩიდან სამი დღის შემდეგ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს იგი კატალონიურ გუნდს დატოვებდა. მესისთან ერთად პეპმა იმ წელს „კოპა დელ რეი“ მოიგო, ბარსაში გატარებულ პერიოდში კი გუარდილამ 19 შესაძლო თასიდან 14 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები