ფედერერმა წაივარჯიშა, ვენუსმა სერენას მოუგო...
Aa
Aa

ფედერერმა წაივარჯიშა, ვენუსმა სერენას მოუგო...

ინდიან უელსში მასტერსის სერიის ტურნირი ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის.

გათამაშების 1/16 ფინალურ ეტაპზე თავისი მატჩი იოლად მოიგო, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა - როჯერ ფედერერმა. „მაესტრომ“ სერბ ფილიპ კრაინოვიჩს მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო, 6:2, 6:1-ზე გაანადგურა და ტურნირის 1/8 ფინალში ფრანგ ჟერემი ჩარდიზე გავიდა.

თავიანთი მატჩები წააგეს ტომაშ ბერდიხმა და დომინიკ ტიმმა. ჩეხმა, ჰიონ-ჩუნის წინააღმდეგობა ვერ დაძლია, ხოლო ავსტრიელმა - პაბლო კუევასთან თამაში ტრავმის გამო, მე-3 სეტში შეწყვიტა.

ქალთა თანრიგში, დები უილიამსების სუპერდაპირისპირება კიდევ ერთხელ ვიხილეთ.

სერენა კორტს ახლახანს დაუბრუნდა, ვენუსი კი საკმაოდ კარგ ფორმაშია და ეს ყველაფერი თამაშზე ნათლად აისახა.

უფროსმა უილიამსმა პირველი სეტი 1 ბრეიკით, 6:3 მოიგო, ხოლო მეორე პარტიაშიც სერენას აშკარად სჯაბნიდა და საბოლოოდ შეხვედრა 6:3, 6:4-ზე დახურა. ვენუსი მომდევნო წრეში, ლატვიელ ანასტასია სევასტოვას დაუპირისპირდება.

შემდეგ რაუნდში გავიდნენ კაროლინ გარსია, კაროლინ ვოზნიაცკი, ანგელიკ კერბერი, კარლა სუარეს ნავარო და დარია კასატკინა. ამ უკანასკნელმა ამერიკის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონ სლოუნ სტივენსს მოუგო, ხოლო სუარეს ნავარომ, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ელინა სვიტოლინას 2 სეტში აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები