მატჩის წინ - რომა VS შახტარი
Aa
Aa

მატჩის წინ - რომა VS შახტარი

უკრაინაში დაფიქსირებული შედეგი, „შახტარს“ მცირე უპირატესობას ანიჭებს, თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ „რომას“ შანსები თითქმის 50%-მდეა.

„რომამ“ საკუთარ მოედანზე ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 4 წააგო, ხოლო „შახტარი“ შესანიშნავ ფორმაშია და უკანასკნელი 5 ოფიციალური მატჩი მოიგო, თანაც ბურთების შეფარდება 18:1-ზეა.

დონეცკელებმა „ჯალოროსი“ 2010-11 წლების „ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალიდან გამოთიშეს. ვნახოთ რა იქნება დღეს...

გუნდების ახალი ამბები

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი ბოლო შეხვედრაში ძალებს ზოგავდა, თუმცა „ტორინოს“ მაინც სოლიდურად - 3:0 მოუგო. გოლები მანოლასმა, დე როსიმ და პელეგრინიმ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაციის გამო ჯეკომ და ფასიომ დაისვენეს, ხოლო პეროტი თავად მწვრთნელმა არ ათამაშა.

მასპინძელთაგან შეხვედრას, ჰოლანდიელი მარჯვენა მცველი რიკ კარსდორპი დააკლდება, საეჭვოა შემტევ გრეგუარ დეფრელის თამაშიც.

„შახტარმა“ უკრაინის ჩემპიონატის მატჩში „ვორსკლას“, ფაკუნდო ფერეირას დუბლითა და მარლოსის გოლი, 3:0 აჯობა.

უკრაინელებს დიდი ხნით დისკვალიფიცირებული დარიო სრნა და ტრავმირებული მაქსიმ მალიშევი აკლიათ.

მწვრთნელების პრესკონფერენცია

ეუსებიო დი ფრანჩესკო (რომა): „თუკი შევძლებთ, იგივე თამაში ვაჩვენოთ, როგორიც „ნაპოლის“ წინააღმდეგ, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. განსაკუთრებით ეს ეხება ფსიქოლოგიურ მომზადებასა და მენტალიტეტს.

ჩვენ ერთი ვართ და ფანები სტადიონზე უნდა მოვიდნენ. მათი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იქნება და იმედი მაქვს, ისინი შეძლებენ ჩვენი მე-12 მოთამაშე გახდნენ.

მინდა, რომ ჩვენი სახე და ბალანსი შევინარჩუნოთ. პირველ შეხვედრაში რაღაც შეცდომები დავუშვით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად და აუცილებელია, რომ ისინი აღარ გავიმეოროთ.

ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვთამაშობთ, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა და ისე როგორც პირველ შეხვედრაში იყო, მხოლოდ კარგი ერთი ტაიმი არ უნდა ვითამაშოთ“.

პაულო ფონსეკა (შახტარი): „ჩემი გუნდი კარგად გამოიყურება, როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად. „რომა“ ძლიერი გუნდია, რომელიც ეცდება, რომ თავიდანვე წნეხში მოგვაქციოს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ძლიერები და ამ ყველაფერს გავუძლოთ.

ძალიან რთული მატჩი გველის, რადგან მათ წელს „ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ მოუგეს, ეს კი თავისთავად ბევრ რამეზე მიუთითებს.

მათ ბოლოს ჩატარებული 6-დან 5 მატჩი მოიგეს (აქ ფონსეკა აშკარად ცდება, რადგან „რომას“ ბოლო 6 თამაშში 4 მოგება და 2 წაგება აქვს - ი.ფ.). თუმცა ჩემი გუნდი მოტივირებულია“.

სავარაუდო შემადგენლობები uefa.com-ის მიხედვით

რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - დე როსი, სტროოტმანი, ნაინგოლანი - იუნდერი, პეროტი, ჯეკო.

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - ბუტკო, ორდეცი, რაკიცკი, ისმაილი - ფრედი, სტეპანენკო - მარლოსი, ტაისონი, ბერნარდი - ფერეირა.

მსაჯი - ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

 

ასევე იხილეთ მატჩის განხილვა და საინტერესო ფაქტები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები