ნეიმარი ტრადიციულად დუმს და ჭორები კვლავ ვრცელდება - რა ხდება რეალურად?
Aa
Aa

ნეიმარი ტრადიციულად დუმს და ჭორები კვლავ ვრცელდება - რა ხდება რეალურად?

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ნეიმარის "პსჟ"-დან წასვლის თაობაზე საუბრები არ წყდება.

ევროპული პრესა უამრავ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. ერთი მხარე ამბობს, რომ ბრაზილიელს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს, მეორე მხარის მტკიცებით კი ფეხბურთელს "რეალში" გადასვლა სურს.

ამ ეტაპზე რაიმე ინფორმაციაზე დაყრდნობა უგუნური და არასერიოზული საქციელი იქნება.

ესპანურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" ქომაგები გამოკითხა და გაარკვია სურთ, თუ არა მათ ნეიმარის კვლავ "კამპ ნოუზე" ხილვა.

შედეგები ასეთი იყო - ნეიმარის "ბარსაში" ხილვა მხოლოდ 33%-ს სურს. 67% კი ამის წინააღმდეგია. კატალონიელები ბრაზილიელს მოღალატედ თვლიან და ფქრობენ, რომ ფეხბურთელმა "ბლაუგრანა" უკეთეს ხელფასზე გაცვალა.

საპირისპირო ვითარებაა მადრიდში. "რეალი" ნეიმარს ხელგაშლილი მიიღებს და ისინი ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

მადრიდელთა თითქმის ყველა მოთამაშემ გააკეთა განცხადება, რომ ნეიმარის მათ რიგებში ხილვა სურთ.

"ბლანკოსის" მოთამაშეები ნეიმარს თბილად ექცევიან და ეს უკანასკნელმა მატჩმაც გამოაჩინა.

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ნეიმარის შესახებ კომენტარი საჯაროდ გააკეთა და თავისი პოზიციის დაფიქსირება არ მოერიდა: "ნეიმარს შეუძლია "რეალში" გადმოვიდეს, რადგან ის ამჟამად "ბარსელონას" მოთამაშე არ გახლავთ. მას ჩვენთან ერთად ოქროს ბურთის მოგების გაცილებით მეტი შანსი ექნება".

რაც შეეხება "ბარსელონელთა" პოზიციას, ფეხბურთელების უმრავლესობა ამაზე კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ ჭორები ვრცელდება.

რამდენიმე თვის წინ, ხორდი ალბამ და ლეო მესიმ განაცხადეს, რომ ნეიმარის წასვლის შემდეგ გუნდი უფრო ერთ მუშტად შეკრული გახდა და დაცვაში თამაში გამოასწორა.

ალბა: "ნეიმარის წასვლის შემდეგ შეტევისას წინ მეტი სივრცე მაქვს. სიმართლე გითხრათ, ასე უფრო მომწონს. ამ ყველაფერმა თვითრწმენა დამიბრუნა. უკეთ ავთამაშდი და ამისგან სიამოვნებას ვიღებ. მოედანზე ასე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია. ჩვენი დღევანდელი გუნდი ძალიან მომწონს".

მესი: "ნეიმარის პარიზში გადასვლის შემდეგ "ბარსა" უფრო დაბალანსდა. მართალია შეტევაში დიდი პოტენციალი დაგვაკლდა, მაგრამ გუნდმა დაცვაში თამაშს მოუმატა. დღეს ცენტრი და დაცვის უკანა ხაზი გამაგრებული გვაქვს და საერთო ჯამში ეს უკეთესიც არის".

გუშინ "მალაგასთან" გამარჯვების შემდეგ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ჟურნალისტებმა ივან რაკიტიჩს კითხვა დაუსვეს, რომელიც ბრაზილიელის კარგი მეგობარია და მის მიმართ საჯარო განცხადებებს არასდროს ერიდებოდა. ეს ახლაც ასე მოხდა: "ნეიმარს ჩემთვის არაფერი უთქვამს, თუმცა გადაწყვეტილება, რომ ჩემზე იყოს, მას გუნდში ახლავე დავაბრუნებდი. ეს მასთან მეგობრობის გამო არ მოხდებოდა. ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია და მას უნიკალური თვისებები აქვს. ჩემს გუნდში მისი ადგილი ყოველთვის იქნება".

გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი "ბარსას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემაც გააკეთა და ამ ყველაფერს ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი უწოდა: "არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან მოიტანეს. ალბათ, ჟურნალისტების ან ვინმეს ფანტაზიის ნაყოფია და სინამდვილეს არ შეესაბამება. ამ თემასთან ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს და გთხოვთ ჰიპოთეტურ სიტუაციებზე ნუ ვისაუბრებთ".

როგორც ჩანს, ეს ჯერჯეორბით შესავალია და ყველაფერი წინ გვაქვს. ბრაზილიელ ფეხბურთელს ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან უყვარს და განცხადებას მხოლოდ ბოლოსკენ აკეთებს ხოლმე. სავარაუდოდ ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

 

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები