პარიზში დიდი წმენდა იწყება - ხელაიფი ნახევარი გუნდის გაყიდვას გეგმავს
Aa
Aa

პარიზში დიდი წმენდა იწყება - ხელაიფი ნახევარი გუნდის გაყიდვას გეგმავს

მადრიდის „რეალთან“ დამარცხების შემდეგ „პსჟ“-ში წმენდა იწყება. ნასერ ალ ხელაიფი თითქმის ნახევარი გუნდის გაყიდვას გეგმავს და 2018/2019 წლების სეზონიდან "პარკ დე პრენსზე" უამრავი ახალი სახის გამოჩენას ელოდებიან, მათ შორის მწვრთნელისაც.

გავლენიანი ფრანგული გამოცემის L'Équipe-ის მტკიცებით, ხელაიფი ლონდონის „ჩელსის“ დამრიგებელს ანტონიო კონტეს უკვე შეუთანხმდა და იტალიელი სპეციალისტი ზაფხულიდან პარიზელებს ჩაიბარებს.

რა თქმა უნდა, უნაი ემერის გუნდში დარჩენის შანსები უკვე აღარ არსებობს და ამას ყველა ხვდება.

კონტეს „ჩელსისთან“ ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბული აქვს და მისი წასვლაც პროგნოზირებადია.

არც ის არის გამორიცხული, რომ კონტემ გუნდიდან რამდენიმე მოთამაშეც წაიყვანოს და „პსჟ“-ს რიგებს ასე შეუერთდეს. საუბარია ნგოლო კანტეზე...

რაც შეეხება ფეხბურთელებს, L'Équipe-მა წამსვლელთა სიაც გამოქვეყნა და მასში მარკო ვერატი, იულიან დრაქსლერი, ტიაგო სილვა და ედინსონ კავანი მოხვდნენ.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით იწერება, რომ „პსჟ“ ზაფხულში შესაძლოა ნებისმიერმა მოთამაშემ დატოვოს და სიტყვა ნებისმიერში ნეიმარი და მბაპეც იგულისხმებიან.

გუნდში საკმაოდ არაჯანსაღი სიტუაციაა და პრეზიდენტიც სადავეების ხელში აღებას გეგმავს.

„პარკ დე პრენსის“ დატოვებას ასევე ტიაგო მოტასა და დანი ალვეშსაც უწინასწარმეტყველებენ.

დიდი ალბათობით წავა ანხელ დი მარიაც, რომელსაც ნახევარი სეზონის სათადარიგოთა სკამზე გატარება მობეზრდა.

პარიზელთა ახალწვეულებზეც ბევრი იწერება, თუმცა ყველაფერს ახალი მწვრთნელი გადაწყვეტს და ამ თემაზე ჯერჯერობით სერიოზულად საუბარი ნაადრევია.

ნასერ ალ ხელაიფიმ ქომაგების დამშვიდება სცადა და განაცხადა, რომ ნეიმარი-მბაპეს დუეტი გუნდის მომავალია და ის მათ გაშვებას არ გეგმავს.

ერთი რამ უდაოა - „პსჟ“-ს მოთამაშეებზე ზაფხულიდან გრანდების უმრავლესობა ნადირობას დაიწყებს და წინ საინტერესო სატრანსფერო ფანჯარა გველის.

ხელაიფის "გრანდიოზულმა" გეგმამ ფიასკო განიცადა და ამჯერად გეგმა B-ს ჯერია, რომელიც შემადგენლობის გაწმენდით დაიწყება.

ფეხბურთმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ფულით ვერც ტიტულებს, სახელსა და პატივისცემას იყიდი. ამისათვის საჭიროა სწორი გეგმა და ძლიერი მწვრთნელი, რომელიც ვარსკვლავებს ერთ მუშტად შეკრავს, თავში ავარდნის საშუალებას არ მისცემს და მათ კონცენტრაციას 100%-ით მოედნისკენ მიმართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები