საუკეთესო 10 კალათბურთელი, რომელსაც ბეჭედი არასდროს მოუგია
Aa
Aa

საუკეთესო 10 კალათბურთელი, რომელსაც ბეჭედი არასდროს მოუგია

10) ალენ აივერსონი

ალენ აივერსონი ერთ-ერთი საუკეთესო „დაბალი“ კალათბურთელია ლიგის ისტორიაში. „ფილადელფიას“ ლეგენდა 75 კგ-ს იწონიდა და სიმაღლეში 1.83 იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის  NBA-ს ისტორიაში შესულიყო.

აივერსონი საშუალოდ მატჩში მოპოვებული ქულების რაოდენობით მეექვსე ადგილზე იმყოფება (26.6 ქულა), ხოლო მატჩებში პარკეტზე გატარებული დროით მეოთხეა. (41.1წუთი შეხვედრაში).

ალენი ლიგის საუკეთსო მოთამაშედ 2001 წელს დასახელდა. „ფილადელფიამ“ კი ფინალი საოცარ ფორმაში მყოფ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ 4-1 დათმო.

აივერსონი თერთმეტგზის ყველა ვარსკლავის მატჩის მონაწილეა და ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც პირველივე წელს ზედიზედ 4 შეხვედრაში 40 ქულიანი ბარიერი გადალახა.

9) ალექს ენგლიში

ალექს ენგლიშის კარიერა ნაკლები სათამაშო დროის გამო „მილოუკიში“ და „ინდიანაში“ არასტაბილურად დაიწყო, თუმცა  „დენვერში“ მან თავისი კალათბურთი იპოვა და „ნაგეთსის“ ერთპიროვნულ ლიდერად იქცა. კოლორადოელთა რიგებში ალექსმა 11 წელი გაატარა და ზედიზედ 8 სეზონში მოახერხა მინიმუმ 2000 ქულის მოპოვება.

80-იანი წლების „დენვერის“ მთავარი პრობლემა დაცვის სისუსტე იყო, რის გამოც „ნაგეთსი“ პლეიოფში მუდამ მარცხდებოდა „ლეიკერსთან“ „ჰიუსტონთან“ ან „სან ანტონიოსთან“.

საბოლოოდ ენგლიშმა კარიერა „დალასში“ 1991 წლის სეზონის შემდეგ დაასრულა. ალექსმა საკალათბურთო ასოციაციაში გატარებულ 15 წლიან პერიოდში 25613 ქულა ჩააგდო და საშუალოდ 21.5 ქულასა და 5.5 მოხსნას აგროვებდა. ენგლიში 8-ჯერ მოხვდა ყველა ვარსკლავის მატჩზე და ერთხელ ულიდერა ლიგას სეზონში ქულების საშუალო რაოდენობით.

8) პიტ მარავიჩი

პიტ მარავიჩი NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია, კოლეჯში ყოფნის პერიოდში „პისტოლ პიტი“ საშუალოდ 44.2 ქულას აგროვებდა. ლიგაში კი მისი მაჩვენებელი საშუალოდ 24.2 ქულა იყო. საინტერესოა, რომ მარავიჩის პერიოდში NBA-ში სამქულიანი ხაზი არ არსებობდა, პიტი კი ძირითადად შორეული სროლებით აგროვებდა ქულებს.

მარავიჩს მუხლის ტრამვამ საკალათბურთო კარიერის გაგრძელების საშუალება არ მისცა და ლიგაში გატარებული 10 წლის შემდეგ „პისტოლი“ იძულებული გახდა კარიერა დაესრულებინა.

1988 წელს პიტი 40 წლის ასაკში, გულის შეტევით, კალათბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა.

7) რეჯი მილერი

რეჯი მილერი იმ იშვიათ კალათბურთელთა რიცხვს მიეკუთნება, რომლებმაც მთელი კარიერა ერთ გუნდში გაატარეს.

„პეისერსის“ შემადგენლობაში რეჯიმ კონფერენციის ფინალში 5-ჯერ, ხოლო ლიგის ფინალში ერთხელ მოახერხა გასვლა. კარიერის მანძილზე მილერმა 25279 ქულა და 2560 სამქულიანი ჩააგდო. ერთადერთ ფინალურ შეხვედრაში კი „ინდიანა“ „ლეიკერსთან“ 4-2 დამარცხდა.

მილერმა ყველა ვარსკლავის მატჩში მონაწილეობა 5-ჯერ მიიღო. კარიერის მანძილზე რეჯი საშუალოდ 18.2 ქულას და 3 გადაცემას აგროვებდა.

6) დომინიკ ვილკინსი

დომინიკ ვილკინსი 1982 წელს „იუტა ჯაზმა“ აირჩია და „ატლანტაში გაცვალა, პირველივე წელს ვილკინსი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა და საშუალოდ 17.5 ქულას აგროვებდა. დომინიკმა ორჯერ მოახერხა ჩატენვების კონკურსის მოგება. 1988 წელს კი მისი და ჯორდანის დაპირისპირება ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩატენვების კონკურსადაა მიჩნეული.

დომინიკმა ლიგაში 16 სეზონი გაატარა და საშუალოდ 24.8 ქულას და 6.7 მოხსნას აგროვებდა.

5) პატრიკ იუინგი

იუინგი 1985 წლის დრაფტზე „ნიუ იორკ ნიქსმა“ პირველ ნომრად აირჩია, პატრიკი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი იყო ლიგის ისტორიაში, თუმცა ჯორდანის დომინაციის გამო იუინგი იმ კალათბურთელთა სიაშია, რომლებსაც სხვა ეპოქაში რომ ეთამაშათ ჩემპიონობას აუცილებლად მოიპოვებდნენ.

იუინგი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და თერთმეტგზის ყველა ვარსკლავის მონაწილეა. კარიერის განმავლობაში პატრიკმა 24815 ქულის და 11617 მოხსნის მოგროვება მოახერხა. კარიერა იუინგმა 2001-02 წლების სეზონში „ორლანდო“ მეჯიქში დაასრულა და ლიგაში გატარებული 18 წლის განმავლობაში საშუალოდ 21 ქულას და 9.8 მოხსნას აგროვებდა.

4) ჯონ სტოკტონი

ჯონ სტოკტონი ალბათ ყველა დროის საუკეთესო გამთამაშებელია, მისი მოედნის ხედვა და საკალათბურთო აზროვნება დღემდე ერთ-ერთი საუკეთესოა.

სტოკტონისა და მელოუნის დუეტმა 1997 და 1998 წელს ზედიზედ ორჯერ მოახერხა ლიგის ფინალში გასვლა, თუმცა ვერაფერი გააწყვეს მაიკლ ჯორდანის „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ და ორივე სერიაში ერთნაირი ანგარიშით 4-2 დამარცხდნენ.  

მიუხედავად საჩემპიონო შანსების არქონისა სტოკტონმა თამაში 2003 წლამდე განაგრძო და კარიერა 15,806 გადაცემითა და 3265 ჩაჭრით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ლიგაში გატარებული 19 წლიდან 10-ში სტოკტონი საშუალოდ 10-ზე მეტ გადაცემას ასრულებდა.

3) ჩარლზ ბარკლი

ჩარლზ ბარკლი ნათელი მაგალითია იმისა, რომ კალათბურთში ფიზიკურ მონაცემებზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სიძლიერე და გამარჯვების წყურვილია. ბარკლი სიმაღლეში 1.98 იყო (ზოგიერთი მონაცემებით 1.93) და მიუხედავად ამისა მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა.

ბარკლის კარიერა „ფილადელფიაში“ დაიწყო, თუმცა საკალათბურთო სიძლიერის ზენიტს ჩარლზმა „ფენიქს სანში“ მიაღწია. 1992-93 წლების სეზონში არიზონელებმა ფინალში მოახერხეს გასვლა, თუმცა იქ მაიკლ ჯორდანის „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდნენ და სერია 4-2 წააგეს.

ბარკლი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, თერთმეგზის ყველა ვარსკლავის მატჩის მონაწილე და ერთგზის ლიგის საუკეთესო მოთამაშეა. კარიერის მანძილზე ჩარლზი საშუალოდ 22.1 ქულას და 11.7 მოხსნას აგროვებდა.

2) კარლ მელოუნი

კარლ მელოუნი ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო კალათბურთელია, 41 წლის ასაკში  მელოუნი ბეჭდის გამო „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გადავიდა.  გუნდში, რომელსაც ზედიზედ სამჯერ ჰქონდა ჩემპიონობა მოპოვებული, მაგრამ 2004 წელს „დეტროიტთან“ ფინალში უშანსოდ დამარცხდა.

კარლი NBA-ში მეორე ადგილზე იმყოფება მოპოვებული ქულების რაოდენობით - 36928.

მელოუნი ორგზის ლიგის საუკეთესო მოთამაშე, თოთხმეტგზის ყველა ვარსკლავის მატჩის მონაწილე და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

მელოუნმა კარიერა 25 ქულითა და 10.1 საშუალო მაჩვენებლით დაასრულა.

1) ელჯინ ბეილორი

ელჯინ ბეილორი უნიკალური მოვლენაა საკალათბურთო სამყაროში, მოთამაშე, რომელიც სიმაღლეში მხოლოდ 1.98 იყო 1960-61 წლების სეზონში საშუალოდ 34.8 ქულას და 19.8 მოხსნას აგროვებდა.

მიუხედავად მისი ვარსკლავური სტატუსისა „ლეიკერსმა“ ვერცერთხელ შეძლო ბილ რასელის „ბოსტონ სელტიკსის“ დინასტიის დამხობა. ბეილორმა კარიერა 1971-72 წლების სეზონამდე დაასრულა, აღნიშნულ პერიოდში კი „ლეიკერსმა“ თავისი ლიდერის გარეშე ზედიზედ 33 შეხვედრა მოიგო, სეზონი 69 გამარჯვებით დაასრულა და საჩემპიონო ბეჭდებიც მოიპოვა.

ბეილორი კარიერის განმავლობაში საშუალოდ 27.4 ქულას და 13.5 მოხსნას აგროვებდა.

 

მოამზადა ირაკლი ლეჟავამ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები