ტოტენჰემი VS იუვენტუსი - რისკი სწრაფი გოლისთვის თუ...
Aa
Aa

ტოტენჰემი VS იუვენტუსი - რისკი სწრაფი გოლისთვის თუ...

„ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალური ეტაპის კიდევ ერთი სუპერსაინტერესო დაპირისპირება „ტოტენჰემსა“ და „იუვენტუსს“ შორისაა.

გუნდებმა იტალიაში ფრე 2:2 ითამაშეს, რაც „ტოტეს“ აშკარა უპირატესობას ანიჭებს, თუმცა მეტოქე „იუვეა“, რომელიც მსგავსი სიტუაციიდან არაერთხელ გამომძვრალა.

გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, „ინგლისელებს“ სერჟ ორიე აკლიათ, რომელმაც ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა. ტრავმირებულია ტობი ალდერვაირელდი, თუმცა მას არც ტურინში გამართულ მატჩში უთამაშია.

მაურისიო პოჩეტინოს „დეზებმა“ უქმეებზე „ჰადერსფილდს“ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, სონის დუბლით 2:0 აჯობეს. სამხრეთ კორეელმა გოლები 27-ე და 54-ე ქუთებზე გაიტანა. არგენტინელმა სპეციალისტმა გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ათამაშა, მეორე ტაიმში კი სონი, დემბელე და დელე ალი შეცვალა, რომელთაც სხვა თანაგუნდელებზე ოდნავ მეტი დაისვენეს.

ლონდონელები პრემიერ ლიგის ზედა ოთხეულისთვის იბრძვიან. ისინი ამჟამად მე-4 ადგილზე არიან - მე-5 ადგილოსან „ჩელსის“ 5 ქულით უსწრებენ, ხოლო მე-3 ადგილოსან „ლივერპულს“ ქულით ჩამორჩებიან.

ტურინელებს დანაკლისიც აქვთ და მატებაც. მასიმილიანო ალეგრის ამჯერად პაულო დიბალას გამოყენება შეუძლია და „იუვეს“ მთავარი კაცი და იმედიც სწორედ არგენტინელი იქნება. დაბრუნდა ბლაიზ მატუიდიც, რომელიც ნახევარდაცვაში დიდი ძალაა.

რაც შეეხებათ ტრავმირებულებს, ამ მიზეზით თამაშს ხუან კუადრადო, ფედერიკო ბერნარდესკი და მატია დე შილიო დააკლდებიან, რომელთაც მარიო მანჯუკიჩიც შეუერთდა, რაც ალეგრის საფიქრალს ერთიორად ართულებს.

მცირე ტრავმა ჰქონდა გონსალო იგუაინს. „პიპიტამ“ სერია A-ს შეხვედრა გამოტოვა, თუმცა იტალიური პრესა წერს, რომ იგი საამმატჩოდ მზადაა და ძირითადში დაიწყებს.

„ვეკია სინიორამ“ ჩემპიონატში „ლაციოს“ წინააღმდეგ უმძიმესი 90 წუთი გადაიტანა და გამარჯვებას, პაულო დიბალას ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე 93-ე წუთზე გატანილი გოლით მიაღწია. უნდა ითქვას, რომ ალეგრიმ შემადგენლობა გადაახალისა და კიელინის, ალექს სანდროსა და დუგლას კოშტას დასვენების საშუალება მისცა.

ტურინელები სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე არიან და „ნაპოლის“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან, თანაც „ატალანტასთან“ გადადებული მატჩი რეზერვში აქვთ.

ტაქტიკა - გარისკავს ალეგრი სწრაფი გოლისათვის?..

მაურისიო პოჩეტინოს გუნდის ამოცანა გასაგებია. ინგლისელებს უპირატესობა აქვთ, რომელიც როგორც მინიმუმ უნდა შეინარჩუნონ, თუმცა არაა გამორიცხული, რომ „ტოტემ“ პირველ წუთებზე გატანა სცადოს, რითაც მეტოქეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს და თავად გაცილებით თავისუფლად საქმის კეთების საშუალება მიეცემა.

ვისაც გარისკვა მართებს ალეგრია, რაც მან ტურინში გამართულ შეხვედრაში გააკეთა და იდეალური შედეგიც მიიღო. „იუვემ“ აქტიურად დაიწყო, მეტოქეს მიაწვა, დააბნია და საწყის 9 წუთში 2 გოლი გაიტანა. გუნდს ცოტა გაუმართლა კიდეც, მაგრამ ფაქტი, ფაქტია... პირველი გოლისას დამუშავებულმა კომბინაციამ ბრწყინვალედ იმუშავა, როცა პიანიჩმა და იგუაინმა ოსტატურად შეასრულეს და ლამაზი გოლი შექმნეს. პენალტი კი ერთი შეხედვით არცთუ სახიფათო შეტევასა და დეივისის უყურადღებო თამაშს მოჰყვა.

ზოგადად, ალეგრი პრაგმატი სპეციალისტია და რადგან სახლის შეხვედრაში „იუვეს“ ასე დააწყებინა, არ ნიშნავს, რომ დღესაც იგივეს იზამს. 50 წლის მწვრთნელი დაცვითი ტიპის ფეხბურთელებს საჯარიმოს მისადგომების საგულდაგულოდ გადაკეტვას დაავალებს, რადგან მოწინააღმდეგის შემტევების გადამკიდე, მათთვის სივრცის მიცემა, ან თუნდაც შორიდან დარტყმის შესრულების საშუალებისა, სერიოზული პრობლემების წინაპირობა იქნება. შორეული დარტყმების ფაქტორი წინა თამაშიდანაც გვახსოვს, როცა ერიქსენმა 25-30 მეტრიდან ზარბაზანივით დააჭედა, რომელსაც მართალია, ბუფონმა აუღო, მაგრამ ბურთი ვერ შეიმაგრა და ამ ყველაფერმა დაცვაში დაბნეულობა შეიტანა.

ალეგრი ეცდება, რომ საკუთარი მცველები საჯარიმოდან მოშორებით ათამაშოს, რადგან წინა მატჩში გუნდი საკმაოდ უკნიდან თამაშობდა და სრულიად ლოგიკური იყო, რომ "ტოტენჰემის" დონის გუნდმა მას ასეთი პასიური დაცვა არ აპატია.

იმავე წინა შეხვედრაში "იუვეს" ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თუ არასწორი ტაქტიკური სვლა, თითქმის მთელი მატჩი უბურთოდ თამაში იყო. თუმცა უნდა ითქვას, რომ ალეგრის ასეთი სათამაშო გეგმის არჩევა საკადრო პრობლემებმა აიძულა - მოედნის ცენტრში, მხოლოდ პიანიჩისა და ხედირას მეშვეობით, ბურთის შენარჩუნება, როცა მეტოქეს არაერთი ტექნიკური და ჭკვიანი შუახაზელი ჰყავს, თითქმის წარმოუდგენელი გახლდათ. უბურთობამ გამოიწვია, რომ იტალიელთა მთავარი იმედი კონტრშეტევები იყო და მათ პოზიციური იერიშები ფაქტობრივად არ ჰქონიათ, ან თუ ჰქონდათ, არცთუ მწვავე.

დიბალას მოედანზე ყოფნა და მყარი ნახევარდაცვის შუახაზი, "იუვეს" ბურთის დაჭერაში დაეხმარება, რაც მას ხარისხიანი პოზიციური შეტევების განვითარების საშუალებასაც მისცემს.

იტალიელთა კარში ჯიჯი ბუფონი უნდა ვიხილოთ. დაცვის ხაზში ლიხტშტაინერი, ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ბენატია, კიელინი და დასვენებული ალექს სანდრო იმოქმედებენ.

ნახევარდაცვაში 99%-ით ხედირა-პიანიჩი-მატუიდის ტრიოს ვიხილავთ, ხოლო შეტევაში - დიბალას, დუგლას კოშტასა და იგუაინს.

„იუვეს“ დაცვასა და ალეგრის ტაქტიკას, ექსპრომტები არ უყვარს და „ტოტენჰემის“ მიზანიც ის იქნება, რომ შეტევები რაც შეიძლება მრავალფეროვნად და სწრაფად განავითაროს და რამდენიმე ვარიანტი შეიქმნას.

ლონდონელთა კოზირი სწორედ სისწრაფე და ფიზიკური მომზადება იქნება. ალეგრიმ პირველი შეხვედრის წინ აღნიშნა კიდეც, რომ მის გუნდს ტექნიკურად მაღალ დონეზე უნდა ეთამაშა და ფიზიკურ ორთაბრძოლებს მაქსიმალურად მორიდებოდა. ამ მხრივ ბლაიზ მატუიდის დაბრუნება ძალიან კარგი ამბავია. ფრანგი მობილური და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. იგი დიდ სამუშაოს ასრულებს და მოედნის ცენტრში, სადაც „იუვენტუსს“ უპირატესობის მოპოვება და ორგანიზებულად თამაში სჭირდება, დიდი როლი ექნება.

კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ პერიოდულად უკან დაიხევს პაულო დიბალა, რომელიც პიანიჩს შეტევების დაწყებაში და მათ განვითარებაში დაეხმარება. მატუიდის დაბრუნება და ამით ნახევარდაცვის გაძლიერება, დიბალას მეტ თავისუფლებას მისცემს, რაც მისთვისაც და გუნდისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

იტალიელთა თავკაცის კიდევ ერთი ვარიანტი 4-2-3-1 სქემაა, რა დროსაც დუგლას კოშტა მარჯვნივაა, მოედანზე ერთ-ერთი საყრდენის ნაცვლად კვადვო ასამოა გამოდის და ალექს სანდრო მარცხენა ვინგერის პოზიციაზე გადადის.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ალეგრი ამ სქემას მეორე ნახევარში იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუკი ტურინელებს იერიშების გაძლიერება დასჭირდებათ. 

პოჩეტინო ნახევარდაცვის ცენტრში, დაიერი-დემბელე-ერიქსენის ტრიოს დააყენებს. ამ სამეულიდან დაიერი წმინდა წყლის ჩამშლელია, ხოლო ერიქსენი - „ფანტაზისტა“. შეალედურია მუსა დემბელეს როლი, რომელიც ჭკვიანი, მოაზროვნე ფეხბურთელია და ჩაშლასთან და პოზიციების შევსებასთან ერთად, შეტევების წამოწყებაშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

ინგლისელებს თამაშის ფლანგებიდან გასამწვავებლად, სათანადო ფეხბურთელთა კონტიგენტი არ ჰყავთ. მხრებიდან იერიშების განვითარება, ტრადიციულად, განაპირა მცველებს დაევალებათ, რა დროსაც სერჟ ორიეს არ ყოფნა ცუდი ამბავია. ორიეს ნაცვლად ძირითადში ტრიპიერს ვიხილავთ, რომელიც წინ ორიეს მსგავსად ნამდვილად ვერ მიდის.

პოჩეტინოს გუნდი ჩვეულად კომბინაციური ფეხბურთის ჩვენებასა და მეტოქისთვის მკაცრი პრესინგის შეთავაზებას ეცდება. სავარაუდოა, რომ ინგლისელები მოედნის ცენტრში ძალიან მკაცრ, ხოლო მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მაქსიმუმ 2 კაციან პრესინგს ითამაშებენ.

მასპინძელთა კარში ყველა ვარიანტში უგო ლორისი იქნება, რომლის წინაც ტრიპიერი, სანჩესი, ვერტონგენი და დეივისი ითამაშებენ - დენი როუზს ცუდი სეზონი აქვს და მას პოჩეტინო აღარ ენდობა.

როგორც უკვე ვთქვით, ნახევარდაცვას დაიერი და დემბელე გაამაგრებენ. მათ წინ კი ნახევარდაცვა-თავდასხმის დამაკავშირებელი კრისტიან ერიქსენი გაირჯება, რომლის ერთ-ერთი მეწყვილე ყველა შემთხვევაში დელე ალი იქნება, ხოლო მეორე, წესით, სონი უნდა იყოს, რადგან მშვენიერ ფორმაშია. ასეთ დროს თადარიგში დარჩება ლუკას მოურა.

ასევე შესაძლებელია, რომ პოჩეტინომ „ტოტე“ მოედანზე 2 საყრდენით ათამაშოს, თუმცა ეს სქემა პირველივე წუთებიდან ნაკლებად სავარაუდოა, სამაგიეროდ, მეორე ნახევარში თუკი "ტოტესთვის" სასურველი ანგარიში იყო, სრულიად ლოგიკურია, ამიტომაც, განვიხილოთ. 

თუკი მოედანზე 2 ჩამშლელი ტიპის შუახაზელი იქნება, დემბელეს ოდნავ წინ ანაცვლება მოუწევს, ხოლო 3 ნახევარმცველს ზემოთ, 2 შემტევი - დელე ალი და ერიქსენი გამწესდებიან, რომელთაც წინა ხაზზე მყოფი ჰარი კეინის მომარაგება დაევალებათ. ამასთანავე, ერიქსენსა და ალის ფლანგებზე გადასვლის საშუალებაც ექნებათ, სადაც განაპირა მცველების დახმარება ან შეტევების უკეთ მომზადება შეეძლებათ.

გოლების მანქანა და სხვები VS სუპერდაცვა მხოლოდ იტალიის მასშტაბით

ძალიან საინტერესო იქნება ლონდონელთა შეტევისა და ტურინელთა დაცვის დაპირისპირება. როგორც უკვე ვთქვით, ალეგრიმ ორი წამყვანი მცველი - კიელინი და ალექს სანდრო უქმეებზე დაასვენა, რათა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელთან გასამკლავებლად მეტი ენერგია ჰქონოდათ. 

ჰარი კეინი - გოლების მანქანა, რომელსაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 24 გოლი მოუგროვდა, ხოლო უკანასკნელ 4 სეზონში ჯამურად 99 გოლი აქვს გატანილი. კეინი თავისთავად გოლების მანქანაა, თუმცა მას ფანტასტიური პარტნიორები ჰყავს, რომელთაც იდეალურად ეწყობა და ეს იტალიელთა დაცვის ხაზს კარგად აქვს გათავისებული.

სტუმრებმა უნდა იცოდნენ, რომ რამდენი და რა ხარისხის შეცდომაც პირველ თამაშში დაუშვეს, იმდენის "უემბლიზე" დაშვება დამღუპველი იქნება. 

"ბებერი ქალბატონის" უკანა ხაზი სერია A-ში ფანტასტიურად თამაშობს და უკვე 7 ტურია გოლი არ გაუშვია, 26 შეხვედრის ჯამში კი მხოლოდ 15 აქვს მიღებული. 

თუმცა მეორე საკითხია შედეგები "ჩემპიონთა ლიგაზე", სადაც ეს ნაქები დაცვა იმდენად ეფექტური ვეღარაა და ჯგუფურ ეტაპზე თითქმის უმოტივაციო "ბარსასთან" შინ ნათამაშებ 0:0-სა და "ოლიმპიაკოსთან" ორჯერ მშრალად შენახულ კარს თუ არ ჩავთვლით, ყველა თამაშში გოლი მიიღო და ვერცერთ მეტოქესთან დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა. იმავე "ოლიმპიაკოსთან" გასვლით თამაშში რამდენიმე შესამჩნევი შეცდომა იყო, რომელსაც უფრო მაღალი დონის მეტოქე აუცილებლად გამოიყენებდა.

იარაღიანი პოჩეტინო და იძულებით ეკონომიური ალეგრი

სამწვრთნელო კუთხითაც ძალიან საინტერესო დუელი გველის. ორი ალღოიანი და თამაშის კარგად წამკითხველი სპეციალისტი უპირისპირდება - ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული ტაქტიკოსი, ამ გზაზე შემდგარი შედარებით ახალგაზრდა არგენტინელის წინააღმდეგ.

ნებისმიერ შემთხვევაში, პოჩეტინოს სკამზე უკეთესი რეზერვი რჩება, ვიდრე - მისი ვიზავის. არგენტინელ სპეციალისტს მეორე ნახევარში სონის ან მოურას (ერთ-ერთი ძირითადში იქნება) და "იუვეს" ყოფილი ფეხბურთელის ფერნანდო ლორენტეს გამოყვანის საშუალება ექნება. მაშინ, როცა ალეგრის ერთადერთი მძიმე არტილერია, ერთადერთი შემტევი, უდიდესი ალბათობით, დუგლას კოშტა იქნება.

კარგი იქნებოდა ფედერიკო ბერნარდესკის ყოფნაც, რომელიც კარგ ფორმაშია და გუნდების პირველ თამაშშიც მშვენივრად გამოიყურებოდა. აღარაფერს ვამბობთ მანჯუკიჩზე, რომელიც ალეგრის ტაქტიკაში მნიშვნელოვანი კაცია... მოკლედ, "იუვეს" უდიდესი საკადრო პრობლემები აქვს და თუკი იტალიელთა თავკაცს მეორე ტაიმისთვის დასვენებული შემტევი უნდა, მაშინ კოშტა თადარიგში უნდა დატოვოს...

მსაჯი - სიმონ მარცინიაკი

თამაშს პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. უშუალოდ მარცინიაკმა მიმდინარე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე "რეალი"-"ტოტენჰემის" (1:1) მატჩი იმსაჯა, ხოლო გასულ სეზონში "იუვენტუსი"-"ბარსელონასა" (3:0) და "ლიონი"-"იუვენტუსს" (0:1) გაუძღვა.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები