Aa
Aa

ნეიმარს ოპერაცია ჩაუტარდა

ნეიმარს დაშავებულ კოჭზე ოპერაცია ბრაზილიაში ჩაუტარდა და ექიმების განცხადებით ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს, ოპერაცია ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექიმმა როდრიგო ლასმარმა ჩაუტარა. ოპერაციას „პსჟ“-ს ექიმი ჟერარდ საილანიც ესწრებოდა.

ლასმარმა ნეიმარს ტერფის ქვეშ მეხუთე მეტატარსალთან მეტალი ჩაუსვა.

„ოპერაცია საათი და 15 წუთი გაგრძელდა და ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა.

ფეხბურთელმა სარეაბილიტაციო პერიოდი უკვე დაიწყო. ოპერაციისას მას კოჭთან ჭანჭიკი ჩავუსვით, რაც მის ფეხს უფრო გაამაგრებს და შესაძლო ტრავმებისგან დაიცავს“.

„პსჟ“-ს მთავარი ექიმის ჟერარდ საილანის განცხადებით, ფეხბურთელმა სარეაბილიტაციო ვარჯიშები ოპერაციის გაკეთებიდან რამდენიმე საათში დაიწყო და 6 კვირის შემდეგ გვეცოდინება, როდის შეძლებს სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავი მოედანზე დაბრუნებას.

მედიკოსთა ვარაუდით, ნეიმარი დაახლოებით 3 თვე ვერ ითამაშებს, თუმცა ივნისში დასაწყებ მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს.

ოპერაციის დროს, 26 წლის ფეხბურთელს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან ფანები ამხნევებდნენ და მის სახელს სკანდირებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები