დრამა რომში!.. - იტალიის თასის ფინალში
Aa
Aa

დრამა რომში!.. - იტალიის თასის ფინალში "იუვე" და "მილანი" გავიდნენ

გუშინ საღამოს იტალიის თასზე განმეორებითი 1/2 ფინალური მატჩები გაიმართა.

ტურინში, გათამაშების მოქმედმა გამარჯვებულმა - „იუვენტუსმა“ ბერგამოს „ატალანტა“ მიიღო და მირალემ პიანიჩის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით მეორე თამაშიც მოუგო.

„იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში ზედიზედ მე-4-ედ, ხოლო საერთო ჯამში მე-18-ედ გავიდა, რაც ყველა დროის რეკორდია. „ბებერ ქალბატონსვე“ ეკუთვნის მოგებული ტიტულების საუკეთესო მაჩვენებელი - ტურინელებმა თასის მოგება 12-ჯერ შეძლეს.

გაცილებით დაძაბული, სანახაობრივი და საინტერესო დაპირისპირება რომში შედგა, სადაც პირველ შეხვედრაში ნათამაშები 0:0-ის შემდეგ, „ლაციო“ და „მილანი“ ფინალში გამსვლელს არკვევდნენ.

გატანილი გოლი ვერც ამ თამაშში ვიხილეთ, რამაც საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მილანელთაგან როდრიგესმა და მონტოლივომ საწყისი 2 პენალტი ვერ გაიტანეს, საბოლოო გამარჯვება მაინც „როსონერის“ დარჩა. გადამწყვეტი დარტყმა ალესიო რომანიოლიმ შეასრულა და „შავ-წითლები“ იტალიის თასის ფინალში მე-14-ედ გაიყვანა.

ჯენარო გატუზოს გუნდმა ბოლოს 23 დეკემბერს წააგო, მას შემდეგ კი ყველა ტურნირის გათვალისწინებით 13 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. „მილანს“ ასეთი მაჩვენებელი ბოლოს 2009 წელს ლეონარდოს ხელმძღვანელობით ჰქონდა.

იტალიის თასის ფინალური შეხვედრა 9 მაისს რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები