Aa
Aa

"ჰიუსტონ როქეთსი" - გუნდი რომლის მსგავსსაც "გოლდენ სტეიტი" არასდროს შეხვედრია

დასავლეთ კონფერენციაში ზედიზედ 13 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ „ჰიუსტონმა“ პირველ ადგილზე გადაინაცვლა და დიდი ალბათობით, კონფერენციის ფინალში სწორედ „გოლდენ სტეიტისა“ და „როქეთსების“ დაპირისპირებას ვიხილავთ.

სეზონის დასაწყისში ჰიუსტონის“ ჩემპიონობაზე კოეფიციენტი 17 იყო, „გოლდენ სტეიტის“ ორჯერ დამარცხებისა და 13 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ კი ტეხასელების კოეფიციენტი 6.5-მდე ჩამოვიდა. რამდენად რეალურია „გოლდენ სტეიტისა“ და „ჰიუსტონის“ ფინალი არავინ იცის, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ კერის მწვრთნელობის პერიოდში „როქეთსი“ „მეომრებისთვის“ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე იქნება.

 

1) „ჰიუსტონის“ საუკეთესო შეტევა?!

რამდენიმე სპორტული ანალიტიკოსი „ჰიუსტონის“ შეტევით რეიტინგს საუკეთესოდ მიიჩნევს NBA-ს ისტორიაში. ეს გარკვეულწილად სიმართლეს შეესაბამება, თუმცა არსებობს რამდენიმე ასპექტი, რომელზეც ყურადღების გამახვილებაა საჭირო.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეტევითი ეფექტიანობის გამოთვლის ფორმულაა. “ESPN”-ის მიერ შემოთავაზებული რეიტინგით „მეომრები“ 100 შეტევაში საშუალოდ 114.1 ქულას აგროვებენ, „როქეთსები“ კი მხოლოდ 113.3-ს.

 

განსხვავებული ფორმულირება აქვს “Basketball-Reference.com”-ს, რომლის მიხედვითაც ტეხასელები 115.8 ქულას აგროვებენ ხოლო „მეომრები“ 115.6-ს.

 

საინტერესოა, ასევე „CleaningTheGlass.com“-ის ვერსია, რომელიც ე.წ “garbage time”-ს არ იყენებს და ისე ითვლის შეტევის ეფექტიანობას. აღნიშნული საიტის მიხედვით „გოლდენ სტეიტსა“ და „ჰიუსტონს“ ერთნაირი თავდასხმა ჰყავს და საშუალოდ მატჩში ორივე 115.6 ქულას აგროვებს.

მეორე საკითხი ლიგაში საკალათბურთო სტილის ცვლილებაა, 2000-იან წლებთან შედარებით დღევანდელი კალათბურთი გაცილებით სწრაფი და შედეგიანია, „ჰიუსტონი“ კი მხოლოდ 6.8 პროცენტით მეტ ქულას აგროვებს ვიდრე რიგითი NBA-ს გუნდი, რაც ნამდვილად არაა იდეალური შედეგი.

მიუხედავად ყველაფრისა „ჰიუსტონის“ თავდასხმა ერთ-ერთი საუკეთესოა წლევანდელ სეზონში. კრის პოლისა და ჯეიმს ჰარდენის დუეტთან ერთად „როქეთსი“ 115.9 ქულას აგროვებს, რაც ლიგის საშუალოზე 9.3 პროცენტით მეტია. სასტარტო ხუთეულში პოლის, ჰარდენისა და კაპელას ყოფნისას კი „ჰიუსტონმა“ 31-დან მხოლოდ 1 შეხვედრა წააგო.

აღსანიშნავია, რომ „გოლდენ სტეიტი“ წლევანდელ სეზონში საშუალოდ მატჩში ჩაგდებული ქულების რაოდენობით აშკარა ლიდერია 116.2 ქულით.

 

2) „ჰიუსტონის“ პროგრესირებადი დაცვა

შეტევის ეფექტიანობა არასდროს ყოფილა ჩემპიონობის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. ისტორიის მანძილზე საუკეთესო 8 თავდასხმის მქონე გუნდიდან მხოლოდ ერთი - 2015-16 წლების „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ გავიდა ფინალში. პრობლემა რა თქმა უნდა დაცვის სისუსტეა. აღნიშნული 8 გუნდიდან ორად ორი იყო ისეთი, რომელიც სეზონში დაცვის ეფექტიანობით საუკეთესო ათეულში იმყოფებოდა - „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ და „დალას მავერიქსი“. როგორც ბეარ ბრაიანტი იტყოდა: ეფექტური შეტევა მხოლოდ ბილეთებს ყიდის, ჩემპიონობას კი კარგი დაცვა იგებს.

წლევანდელ სეზონში „ჰიუსტონის“ დაცვა სერიოზულ პროგრესს განიცდის, გუნდი მე-11 ადგილზეა დაცვის სიძლიერით და საშუალოდ მატჩში 105.1 ქულას იღებს, შარშან ეს მაჩვენებელი 109.2 იყო.

„როქეთსების“ პროგრესი „გოლდენ სტეიტის“ დაცვითი სტილის გადმოღებითაა განპირობებული, მსგავსად „მეომრებისა“ ტეხასელებიც მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი ფიზიკური მრავალფეროვნების გამოყენებას და “Pick-and-roll”-ის დროს მუდმივად ახორციელებენ ოპონენტების გაცვლას. ( გაცვლაში იგულისხმება Pick-and-roll-ს დროს მაღალი მოთამაშის მიერ ბურთის მქონე კალათბურთელზე გადასვლა და მისი მეურვეობა)

ლუკ მბა ამუტესა და პი ჯეი ტაკერის დამატებამ „ჰიუსტონს“ დაცვაში მეტი მრავალფეროვნება და სიძლიერე მისცა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სეზონში „როქეთსი“ „გოლდენ სტეიტთან“ ერთად ყველაზე ყველაზე მეტჯერ ახორციელებს დაცვაში გაცვლებს.

„მეომრებთან“ დაპირისპირებაში ხშირი გაცვლების განხორციელება წარმატების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. 2014-15 და 2015-16 წლების პერიოდში „გოლდენ სტეიტი“ გაცილებით ნაკლებ ქულას აგროვებდა იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც დაცვაში როტაციას აქტიურად მიმართავდნენ. ეს ყველაფერი კევინ დურანტის გუნდში მოსვლის შემდეგ შეიცვალა, წლევანდელ სეზონში „უორიორზი“ ხშირად გამცვლელი გუნდებთან დაპირისპირებაში საშუალოდ ერთ შეტევაში 1.14 ქულას აგდებს, ხოლო ჩვეულებრივი დაცვისას „მეომრები“ 1.07 ქულას აგროვებენ. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ რომ გაცვლებმა დიდი როლი ითამაშა „ჰიუსტონის“ გამარჯვებებში. „მეომრებმა“ ტეხასელებთან გამართულ სამ შეხვედრაში გაცვლების წინააღმდეგ 0.88 ქულა მიითვალეს, მაშინ როდესაც სტატიკური დაცვისას საშუალოდ 0.99 ქულას აგროვებდნენ.

 

3) იქნება თუ არა „ჰიუსტონი“ „გოლდენ სტეიტის“ საუკეთესო ოპონენტი?

უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ერთადერთი გუნდი, რომელიც შეხვედრებს საშუალოდ 8 ან მეტი ქულის სხვაობით იგებდა 2015-16 წლების „სან ანტონიო სპურსი“ იყო. სამწუხაროდ „მეომრებისა“ და „სპურსის“ დაპირისპირება არ შედგა ვინაიდან პოპოვიჩის გუნდი კონფერენციის ფინალამდე „ოკლაჰომამ“ გამოაგდო. შესაბამისად წლევანდელ სეზონში „ჰიუსტონი“ ან „ტორონტო“ იქნებიან  ის საუკეთესო გუნდები, რომლებსაც შესაძლოა ამ პერიოდში „გოლდენ სტეიტი“ დაუპირისპირდეს.

ბუნებრივია, რეგულარული სეზონით მსჯელობა რთულია და პლეიოფში აბსოლუტურად განსხვავებული გარემოა მაგრამ „როქეთსის“ წარმატებულმა თამაშმა ნამდვილად მიიპყრო „მეომრების“ ყურადღება. წელს კაპელას, პოლისა და ჰარდენის სასტარტო ხუთეულში ყოფნისას ტეხასელებმა 31-დან 30 შეხვედრაში იმარჯვეს, „ჰიუსტონის“ტრიო საშუალოდ მატჩებს 13.8 ქულის სხვაობით იგებენ და „გოლდენ სტეიტის“ დამარცხება 3-დან 2 შეხვედრაში მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები