Aa
Aa

სამირ ნასრი ფეხბურთიდან მოკვეთეს!

ლონდონის "არსენალის", "სიტისა" და "სევილიას" ყოფილი შემტევი - სამირ ნასრი, დოპინგის მოხმარების გამო, ფეხბურთიდან მოკვეთეს.

"უეფას" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ნასრის საქმეზე გამოძიება გასული წლის 6 მარტს დაიწყო, ხოლო ვერდიქტი რამდენიმე დღის წინ გამოიტანეს, რომლის თანახმადაც, ფრანგ ფეხბურთელს მოედანზე გასვლა 6 თვით აეკრძალა.

"უეფას" სადისციპლინო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნასრი დამნაშავეა მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ აკრძალულ პრეპარატთა სიაში შეტანილი მედიკამენტის მოხმარების გამო.

ფეხბურთელის ადვოკატის თქმით, 2016 წელს ნასრი ცუდად გახდა და გული აერია, რის შემდეგაც მას ლოს-ანჯელესის კლინიკაში უმკურნალეს. ანალიზის შედეგები კი სწორედ ამ პერიოდში მიღებულმა პრეპარატმა განაპირობა. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ აღნიშნული მკურნალობის კურსის შემდეგ, ნასრიმ "უეფას" სპეციალური დოკუმენტი მოსთხოვა, რომელიც მისი გამოჯანმრთელებისათვის მიღებული პრეპარატების აუცილებლობას ამტკიცებდა. თუმცა "უეფამ" ამ დოკუმენტაციის გაცემაზე უარი უთხრა.

ამის შემდეგ ნასრიმ სარჩელი სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა, მაგრამ სასამართლომ ნასრის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და "უეფა" გაამართლა.

30 წლის ფეხბურთელს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს და ადვოკატის თქმით, იგი ამ უფლების გამოყენებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები