ლებრონი საპლეიოფო სისტემის ცვლილების წინააღმდეგია
Aa
Aa

ლებრონი საპლეიოფო სისტემის ცვლილების წინააღმდეგია

ყველა ვარსკლავის უქმეებზე ჟურნალისტებთან საუბრისას NBA-ს კომისარმა ადამ სილვერმა განაცხადა, რომ ლიგის მესვეურები აქტიურად განიხილავენ საპლეიოფო სისტემის ცვლილებას და 16 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდის პირდაპირ პლეიოფში დაშვებას: ჩვენ გვსურს, რომ ლიგა, რაც შეიძლება კონკურენტული და საინტერესო გავხადოთ, უკანასკნელ წლებს თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები ძირითადად დასავლეთ კონფერენციის ფინალში ან უფრო ადრინდელ ეტაპზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. პირადად მე დიდი იმედი მაქვს, რომ ცვლილებები მოხდება და აუცილებლად ვიპოვით ვარიანტს, რომელიც ყველასთვის მოსახერხებელი იქნება.

NBA-ს კომისარის განცხადებას გამოეხმაურა ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: ყველა ვარსკლავის მატჩში ცვლილებები ნამდვილად საჭირო იყო, მაგრამ მოდით ყველაფრის ერთიანად შეცვლას ნუ მოვინდომებთ. მიმაჩნია, რომ ლიგას იდეალური საპლეიოფო სისტემა აქვს. გადახედეთ ისტორიას, ყოველთვის იყო გუნდი, რომელიც დომინირებდა: 80-იანების „ლეიკერსი“, ლარი ბერდის „ბოსტონი“, მაიკლ ჯორდანის „ჩიკაგო“, პოპოვიჩის „სან ანტონიო“, ჩვენც გვქონდა „მაიამიში“ მშვენიერი პერიოდი და ახლა ლიდერობა „გოლდენ სტეიტმა“ გადაიბარა. აღმოსავლეთ კონფერენცია არც ისეთი სუსტია, როგორადაც მას მიიჩნევენ, გადახედეთ უკანასკნელ 14 წელს, მე სამჯერ მოვიგე ჩემპიონატი, „დეტროიტმა“, „ბოსტონმა“ და „მაიამიმაც“ მოახერხეს ბეჭდების მოპოვება, ესეც 6 აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი გუნდი, რა დასავლეთის დომინაციაზეა საუბარი?!

საინტერესოა, რომ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში, ჯეიმსი ყოველ წელს იღებდა მონაწილეობას სუპერფინალში, მაგრამ ლებრონის გუნდს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა რეგულარულ სეზონში საუკეთესო შედეგი - 2013 წელს, როდესაც „მაიამიმ“ სეზონი 66 მოგებითა და 16 მარცხით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები