Aa
Aa

"ფაჩულია არის კალათბურთელი, რომელიც არასდროს წუწუნებს"

"გოლდენ სტეიტ უორიორსის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ამერიკული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.

clutchpoints.com-მა ზაზას საინტერესო სტატია მიუძღვნა, სადაც მის კარიერაზე და ერთ საინტერესო ფაქტზეც ისაუბრა.

„ზაზა ფაჩულიას NBA-ში კარგი კარიერა აქვს და მას სხვადასხვა გუნდებში თავისი როლი ჰქონდა, მაგრამ აქ არის ფაქტი, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. ფაჩულიას თავისი 15 წლიანი კარიერის განმავლობაში არცერთი სამქულიანი არ ჩაუგდია.

კიდევ უფრო საინტერესო და გასაკვირი კი ის გახლავთ, რომ ზაზამ სამიანის ჩაგდება 26-ჯერ სცადა, თუმცა ძირითადად ის ამას შეტევის ბოლო წამებზე აკეთებდა.

ფაჩულიას ყველა კარგად იცნობს. 2003 წელს ის დრაფტზე „ორლანდო მეჯიქმა“ აიყვანა. მისი საუკეთესო სეზონი კი „ატლანტას“ უკავშირდება, რომელიც 2005-2006 წლების სეზონში დააფიქსირა - მისი საშუალო მონაგარი მატჩში 11,7 ქულა და 7,9 მოხსნა იყო. ზაზა სასტარტოს უცვლელი წევრი იყო და მან ძირითადიდან 78 შეხვედრა დაიწყო.

NBA-ში ფაჩულიას სხვა კუთხითაც იცნობენ. მას ერთ-ერთი ყველაზე უხეში მოთამაშის სახელი აქვს და ეს კავაი ლეონარდთან ინციდენტის შემდეგ, კიდევ უფრო გავრცელებული გახდა. ზაზამ ერთ-ერთი ეპიზოდის დროს აშკარად განზრახ იუხეშა და ქომაგებს ეს ძალიან კარგად ახსოვთ.

წლევანდელ სეზონში ფაჩულიამ „გოლდენ სტეტის“ შემადგენლობაში 48 შეხვედრა დაიწყო და მისი საშუალო მონაგარი 14,8 წუთში 5,9 ქულაა.

ზაზა ფაჩულიას კარიერის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა შანსი, რომ 3 ქულიანი ჩაეგდო, თუმცა მას ხელი სირენამ შეუშალა. 2012 წელს „ატლანტაში“ ასპარეზობის დროს, „ორლანდო მეჯიქთან“ მატჩისას, მესამე მეოთხედის ბოლო წამებზე საკუთარი ნახევრიდან ისროლა და ჩააგდო, თუმცა დრო გავიდა და ბაზერიც გაუქმდა.

ფაჩულია არის კალათბურთელი, რომელიც არასდროს წუწუნებს. კარიერაში მისი მიზანი NBA-ს ტიტულის მეორე მოპოვება და ალბათ 3 ქულიანის ჩაგდებაცაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები