Aa
Aa

მატჩის წინ - შახტარი VS რომა

„ჩემპიონთა ლიგის“ პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში, დონეცკის „შახტარი“ იტალიურ „რომას“, ხარკოვში უმასპინძლებს.

ეს გუნდები ერთმანეთს 2010-11 წლების „ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალში დაუპირისპირდნენ და მაშინ საბოლოო გამარჯვება უკრაინელებს დარჩათ.

„შახტარი“ საკუთარ ქვეყანაში კარგად თამაშობს და უკანასკნელი 13 საერთაშორისო მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული.

რომაელებს უკრაინაში უარყოფითი სტატისტიკა აქვთ და ჩატარებული 4 თამაშიდან 3 წააგეს, ხოლო 1 მოიგეს.

რომაელები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან, თუმცა უშუალოდ ამ თამაშში მცირე ფავორიტად მაინც დონეცკელები ითვლებიან.

გუნდების ახალი ამბები

* „შახტარმა“ უკრაინის ჩემპიონატის მატჩი პარასკევს გამართა და ოდესის „ჩორნომორეცს“ 5:0 მოუგო, რითაც პირველი ადგილი შეინარჩუნა. ფაკუნდო ფერეირამ და მარლოსმა დუბლი შეასრულეს, ხოლო ერთი გოლი კოვალენკომ გაიტანა.

* მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო, დარიო სრნა ისევ არ ეყოლებათ. ტრავმირებულია მალიშევი, ბერნარდის საკითხი კი საღამოს ვარჯიშის შემდეგ გადაწყდება.

* „რომამ“ გასულ უქმეებზე „უდინეზეს“ სტუმრად, უნდერისა და პეროტის გოლებით, 2:0 მოუგო და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

* სტუმართა მხრიდან პელეგრინი და კარსდორპი ვერ ითამაშებენ. საეჭვოა გონალონისა და ფლორენცის მოედანზე გასვლაც.

მწვრთნელების პრესკონფერენცია

პაულო ფონსეკა (შახტარი): „რომა“ ბოლო 3 შეხვედრაში, ტაქტიკურად გარკვეულწილად შეიცვალა, თუმცა არ მგონია, რომ ამან თამაშის ხარისხზე გავლენა მოახდინოს. მათ დიდი გუნდი ჰყავთ, დიდი ფეხბურთელებითა და ბრწყინვალე მწვრთნელით.

დაძაბული და ტაქტიკური თამაში იქნება. ორივე გუნდი საკუთარ სტილის მეტოქისთვის თავზე მოხვევას ეცდება და უარს იტყვის, თავის პრინციპებს უღალატოს.

თუკი სტატისტიკას შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ იმ ჩემპიონატის კლუბებს, რომლებშიც ხანგრძლივი ზამთრის შესვენებაა, ევროტურნირებზე წარმატებული შედეგები არ აქვთ. ასე რომ, ეს უპირატესობას „რომას“ ანიჭებს. თუმცა, დღევანდელი შეხვედრისათვის კარგად მოვემზადეთ.

არ შემიძლია ახლანდელი „შახტარი“, 2011 წლისას შევადარო, როცა მირჩა ლუჩესკუს ხელმძღვანელობით „რომა“ დაამარცხა. აღნიშნული შედეგი, უშუალოდ ამ მატჩისათვის არაფერს ნიშნავს. ახლა აბსოლუტურად განსხვავებული გუნდი გვყავს, იგი ისე უტევს და იცავს თავს, როგორც მე ვკარნახობ და ვავარჯიშებ. ეს განსხვავებული სტილის ფეხბურთია.

ეს ჩვენთვის ნორმალური სიტუაციაა. საკუთარი სახლიდან მოშორებით, ახალი სახლი გვაქვს და ეს ყველას კარგად აქვს გათავისებული“.

ეუსებიო დი ფრანჩესკო (რომა): „ფლორენცი სასტუმროში დარჩა, რადგან ის თავს ცუდად გრძნობს. ის ახლა სათამაშოდ მზად არაა, თუმცა ვნახოთ თამაშამდე როგორ იქნება.

რაცშეეხება 4-2-3-1 ტაქტიკას, დავაზუსტებ, რომ ის შეიძლება ცოტა შეიცვალოს.

ვნახოთ, რამდენად დაგვჭირდება მისი შეცვლა თამაშის მიმდინარეობისას. მთავარია, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ და კონცენტრაცია ნებისმიერ წამს შევინარჩუნოთ.

იქნება მომენტები, როცა თამაშს ჩვენ ვუკარნახებთ, ხოლო ასევე იქნება ეპიზოდები, როცა ფორსირება და თავდაცვა დაგვჭირდება.

ვხედავ, რომ ჩემი გუნდი ვითარდება და იმედი მაქვს, ამას დღევანდელ თამაშშიც ვნახავთ“.

სავარაუდო შემადგენლობები uefa.com-ის მიხედვით

შახტარი (4-3-3): პიატოვი - ბუტკო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი - სტეპანენკო, ფრედი, მარლოსი - ბერნარდი, ტაისონი, ფაკუნდო ფერეირა.

რომა (4-2-3-1): ალისონი - ბრუნო პერესი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - სტროოტმანი, დე როსი - უნდერი, ნაინგოლანი, პეროტი - ჯეკო.

მსაჯი და მომდევნო მატჩი

მატჩს შოტლანიელი მსაჯები მოემსახურებიან, რომელთაგანაც მთავარი კაცი უილიამ კოლამი იქნება.

გუნდები საპასუხო შეხვედრას 13 მარტს „სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართავენ.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები